აზაზელ ჯეიკობსის რეფლექსია ოჯახურ ურთიერთობებზე – სამი შვილის გაერთიანება მამის სიკვდილის მოლოდინში
აზაზელ ჯეიკობსის “მისი სამი შვილი” სათაურშივე გვკარნახობს, რომ ფილმის სუბიექტი მშობელია, ამ შემთხვევაში მამა, ვისი თვალთახედვიდან, მასთან ურთიერთობიდან გამომდინარე ვუყურებთ მის შვილებს, სამ ქალს სხვადასხვა ასაკში, რომლებიც მომაკვდავ მამასთან ცხოვრების ბოლო წუთების გასატარებლად იკრიბებიან.
რეჟისორი დასაწყისში სამივე პერსონაჟს გვაცნობს, თითქოს ისინი არა ერთმანეთს, არამედ მაყურებელს ელაპარაკებიან, ინტერვიუს ფორმატში, თუმცა, მოგვიანებით ჩვენც, ისევე როგორც დები, ვხვდებით, რომ პირველადი შთაბეჭდილება მხოლოდ მათი პიროვნების ის თვისებებია, რომლებიც ზედაპირზე ჩანს. რეიჩელი ვიქტორთან (მამა) ერთად ცხოვრობს და დიდი ხანია მას უვლის, თუმცა კრისტინასა და ქეითის სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაფრისგან დისტანცირდება და დღეებს სპორტულ თამაშებზე ფსონების დადებასა და მარიხუანას მოწევაში ატარებს, რაც უფროსი დის (ქეითი) აღშფოთებას იწვევს, რომელიც ყველაზე პრაგმატული და უემოციო ჩანს და მამის სიკვდილთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებზე ზრუნავს, მისი ვალდებულებაა ასევე საჭმლის მომზადება და წესრიგი სახლში, რეიჩელისთვის თავის ოთახში მარიხუანას მოწევის აკრძალვა, ერთგვარ “დედის როლს” ითავსებს. ორივესგან განსხვავებულია კრისტინა, რომელიც ყველაზე მეტ დროს ატარებს მამასთან, უმღერის, შვილივით ეპყრობა მას, მშვიდად ეკიდება სირთულეებს, მედიტირებს და მათ ურთიერთობაში მედიატორის ფუნქციას იღებს.
მნიშვნელოვანია, რომ მამა ფილმის ბოლო სცენამდე არ ჩანს, მხოლოდ გვესმის პულსაციის მუდმივი ხმა აპარატიდან და ვხედავთ მის ოთახს, რომლიდანაც წითელი შუქი გამოდის, ერთ სიტყვასაც არ ამობს და დების დიალოგებიდან და ექთნებთან საუბრებიდან ვარკვევთ მისი მდგომარეობის შესახებ, რომელიც ყოველდღე ერთი და იგივეა. შვილები მამის სიკვდილს უნდა შეეგუონ, რაც მალე მოხდება, შეიძლება დღესაც, თუმცა, ზუსტად როდის, ვერავინ ამბობს. “იქ [ოთახში] ყოფნა სხვა პლანეტას ჰგავს, რომელსაც შეგიძლია ესტუმრო, შემდეგ გამოდიხარ იქიდან და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდები, სადაც ყავას იმზადებ და საყიდლებზე ზრუნავ, შემდეგ ისევ – ვინსენტის სივრცეში დრო სხვანაირად გადის, თითოეული წამი საათივით გრძელია,” – ამბობს რეჟისორი, რითაც ვინსენტის განმარტოვებით ყოფნას ხსნის, რადგან მაყურებლისთვის არა დაავაადებული ადამიანის სიკვდილი, არამედ ამ დროს მისი ახლობლების, შვილების ურთიერთობა და რეაქციებია მნიშვნელოვანი.
წარსულზე, თინეიჯერობის დროს მამასთან გატარებულ დღეებზე კრისტინა იხსენებს, რომ ერთხელ ვინსენტი ფილმის ყურებისას შეშფოთდა თუ როგორ აღწერენ კინოსა და ლიტერატურაში სიკვდილს, რეალურად კი “ერთადერთი გზა იმის გადმოსაცემად როგორია სიკვდილი, შესაძლებელია არყოფნის, არარსებობის ჩვენებით,” ის, რასაც სიკვდილის მერე ტოვებ უფრო მეტს ამბობს შენზე, ვიდრე წარსული, რომელშიც იცხოვრე, ამიტომაა აუცილებელი, ვინსენტისთვის მნიშვნელოვანმა ადამიანებმა მისი არსებობის შემდეგაც შეძლონ ერთმანეთთან ურთიერთობა, ეს არის ერთადერთი მოცემულობა, რომელშიც ვინსენტი თავის შვილებს ხედავს.
ფილმში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ფერებს, ნიუ-იორკის აპარტამენტი, რომელიც კლაუსტროფობიური უნდა იყოს, წითელ ტონებშია, გარეთ არსებული, რეიჩელისთვის მოსაწევად განკუთვნილი სკამი ერთადერთი ადგილია ამოსასუნთქად. სახლში მუდმივად ისმის მონოტონური ხმა ვინსენტის ოთახიდან და მატარებლის ბორბლების ხმაური ფანჯრის მიღმა იმის ნიშნად, რომ ერთფეროვანი ცხოვრება მამის სიკვდილის მოლოდინში, რომელიც დებისთვის ერთ ოთახშია მოქცეული, სხვებისთვის გრძელდება და სწრაფად მიედინება. აზაზელ ჯეიკობსის “მისი სამი შვილი” დატვირთულია დიალოგებითა და პაუზებით მათ შორის რეფლექსიისთვის, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პერსონაჟები თავიანთი გამომეტყველებით, ექსპრესიებით გვესაუბრებიან. ეპიზოდში, სადაც ქეითი დას უთანხმდება, რომ სახლში აღარ მოწევს, მის სახეს ვერ ვხედავთ, კამერა რეიჩელზეა ფოკუსირებული, რომელიც თითქოს ირეკლავს და გადმოსცემს დის ემოციებს.
დასასრული სურეალისტური, ზღაპრულია, რომელშიც მამა ერთვება, რითაც აჯამებს მისი შვილების ურთიერთობასა და განვლილ ცხოვრებას, რასაც სინანულით იხსენებს, რადგან ემოციების სწორად და საკმარისად გამოხატვა ვერ შეძლო.
“მისი სამი შვილის” პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც რეჟისორთან ერთად განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურეს მსახიობებმა – ქერი კუნიმ, ნატაშა ლიონემ და ელიზაბეტ ოლსენმა შთამბეჭდავი შესრულებისთვის.
მისი სამი შვილი (His Three Daughters)
აშშ
რეჟისორი: აზაზელ ჯეიკობსი (Azazel Jacobs)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 41 წუთი