Wolfs - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ჯორჯ კლუნისა და ბრედ პიტის ჩინებული დუეტი ჯონ უოტსის ახალ კრიმინალურ კომედიაში

მაღალპროფილური დანაშაულის დასაფარად დაქირავებული სპეც დამლაგებელის ე.წ. “ფიქსერის” ღამე კონტროლიდან გამოდის, როდესაც იგი იძულებულია მოულოდნელ პარტნიორ/კოლეგასთან ერთად იმუშაოს. მთავარ როლებში: ჯორჯ კლუნი, ბრედ ბიტი, ემი რაიანი, ოსტინ აბრამსი, ზლატკო ბურიჩი.

ტომ ჰოლანდის ადამიანი-ობობას ტრილოგიის შემდეგ, ჯონ უოტსმა მცირე შესვენება აიღო სუპერგმირული ფილმებისგან და დაუბრუნდა თავის ფესვებს, კერძოდ კი – პატარა კრიმინალურ ისტორიებს, რომელშიც უსიამოვნებების ეპიცენტრში მთავარი გმირების დუეტი ეხვევა ხოლმე (Cop Car, კევინ ბეიკონით). 27 სექტემბერს Apple+ სტრიმინგ სერვისზე უოტსის ახალი ფილმის Wolfs-ის პრემიერა შედგა. თავდაპირველად “მგლები” ნაჩვენები იყო ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე, პირველ სექტემბერს, ჰქონდა მცირეხნიანი რელიზი ამერიკის კინოთეატრებში 20 სექტემბერს, ხოლო 1 კვირაში კი უკვე ზემოაღნიშნულ სტრიმინგზეც მოვიდა.

Wolfs ამბავია იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს გარემოებები, მაგრამ არა კარგ ვარიანტში, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოზარდები შეცვლილნი არიან ჰოლივუდის ტიტანებით – ჯორჯ კლუნითა და ბრედ პიტით. ორივე თამაშობენ ე.წ. “ფიქსერებს” ან სპეცდამლაგებლებს, დაახლოებით როგორც მისტერ ვულფი (ჰარვი კეიტელი) კვენტინ ტარანტინოს Pulp Fiction-დან. უსახელო ფიქსერების დავალებაა ნებისმიერი მასშტაბის პრობლემის უმტკივნეულოდ გადაჭრა, იქნება ეს დანაშაულის ადგილის გასუფთავება თუ სხვა რამ. ამჯერად, ზედამხედველობის შეცდომის გამო, კლუნის და პიტის პერსონაჟები ერთმანეთთან გადაიკვეთებიან, მიუხედავად იმისა მოსწონთ მათ ეს თუ არა, ვინაიდან ორივე შეჩვეულია სოლო მუშაობას და უწევთ სასტუმროდან გვამის “გაქრობა,” რათა გადაარჩინონ როგორც სასტუმროს რეპუტაცია, ისე ცნობადი და მდიდარი ქალის (ემი რაიანი) სახელიც. “მგლები” დიდი ამბიციებისგან დაცლილი ფილმია: ეს ტიპური, მსუბუქი კომედიაა ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავებით, რომლებიც ერთმანეთს ცინიკურად “კბენენ”, საუბრობენ, ხუმრობენ და სანახაობრივად კლავენ ბოროტმოქმედებს.

მთელი სიუჟეტი “მგლებისა” ერთი ღამის განმავლობაში მიდის, ატმოსფეროს აძლიერებს მყუდრო, ცოტათი ცივი, თოვლიანი ნიუ-იორკის ქუჩები და სახალისო სიტუაციები, რომელშიაც მთავარი გმირები ხვდებიან. ერთი შეხედვით მარტივი “ოპერაცია,” რომლითაც მათი “არასასიამოვნო” კავშირი დაიწყო, მალევე იზრდება ჩახუჭუჭებულ გაუგებრობაში, როგორც კი მთავარი გმირები სასტუმროში ნარკოტიკს იპოვიან. დაბღვერილი და ცოტათი დაღლილი კლუნი იძულებულია იმუშაოს ახალგაზრდა, ცინიკოს პიტთან ერთად და გაარკვიონ თუ საიდან გაჩნდა ნარკოტიკები გვამთან ერთად. Wolfs-ის მთელი შარმი აღნიშნული მსახიობების ქიმიაში იმალება და მომენტებში იქმნება შთაბეჭდილება რომ, თითქოს თეატრალურ პიესას ვუყურებთ, ვინაიდან ფილმში ბევრი დიალოგები და ხუმრობებია, ხოლო ექშენი ცოტა. მსგავსი “ამხანაგური” კომედიები ბევრჯერ გვაქვს ნანახი და “მგლების” სცენარი ორიგინალობით არ გამოირჩევა, ფაქტიურად სიუჟეტი და ფილმი არაფერზე, თუმცა უოტსს შეუძლია არაფრიდან მაინც გამოძერწოს საინტერესო ისტორია, ხოლო ინტრიგა იმისა, გაარკვევენ თუ არა უსახელო “ფიქსერები” ამ აბსურდულად ჩახლართულ “გაუგებრობას” – მთელი ფილმის მანძილზე გასტანს.

ამ მხრივ Wolfs უფრო კომედიისკენ იხრება სასაცილო დიალოგებით და ხუმრობებით, რომელიც პერსონაჟების საპირისპიროდ არის მიმართული: ისინი ხან ერთმანეთს დასცინიან, ხან წუწუნებენ თუ რომლის “გასუფთავების” ტექნიკა უფრო უკეთესია და ა.შ. ორივე პერსონაჟი ერთმანეთისგან განსხვავებული და თავისი მეთოდოლოგიით გამოირჩევა: კლუნი უფრო ძველი სკოლის ტიპაჟია და თავისებურად, სპონტანურად პოულობს გამოსავალს სხვადასხვა სიტუაციებიდან, (ერთ-ერთი ასეთი მეთოდი გვამის ორიგინალური “შენიღბვაა” სასტუმროში) ხოლო პიტს უყვარს ბევრი ფიქრი და გამოიყენოს ნებისმიერი უპირატესობა რათა პრობლემა გადაჭრას. ორივე “ფიქსერი” შესანიშნავია და მათი მეტოქეობა ნელ-ნელა გადადის ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემაზე საკმაოდ დამაჯერებელი გზით. ამ თავგადასავალში ჩვენს დუეტს მალევე უერთდება ოსტინ აბრამსის პერსონაჟი, რომელიც ამ ისტორიის ცენტრალური გმირია და ფილმის დიდი ნაწილი ამ ტრიოს მოგზაურობას ვუყურებთ ერთი წერტილიდან მეორეში. საბედნიეროდ ოსტინის გმირი ნაკლებად გამაღიზიანებელი მოზარდია და “ფიქსერების” ქიმიას არ არღვევს, პირიქით – ცოტა სიმსუბუქესაც სძენს და რაიმე სახის დაძაბულობას ოდნავ ანეიტრალებს კიდეც. “მგლები” პერსონაჟების სიმრავლით არ გამოირჩევა, მაგრამ სასიამოვნო “ბონუსი” იყო ზლატკო ბურიჩის (Pusher-ის ტრილოგია, Triangle Of Sadness) ხილვა ხორვატიელი მაფიოზის როლში.

სიმყუდროვის შეგრძნებას “მგლებში” აძლიერებს საუნდტრეკიც, რომელშიც შეხვდებით Sade-ს ისეთ ცნობილ ჰიტებს როგორიცაა: No Ordinary Love, Smooth Operator, ან Culture Beat-ის Mr.Vain. გარდა ამისა, თეოდორ შაპიროს მუსიკა მშვენივრად ერგება როგორც დევნის, ისე ექშენის სცენებსაც და მომენტებში შესაძლოა ცნობილი ვიდეოთამაშის Max Payne-ს მუსიკაც გაგახსენოთ. სხვათაშორის, “მაქს პეინს” Wolfs რაღაც მხრივ ჩამოგავს, უფრო ესთეტიკის მხრივ: თოვლიანი, სუსხიანი ნიუ-იორკი ღამით, ორი უსახელო პერსონაჟი ტყავის ქურთუკებით, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ტკივილგამაყუჩებელსაც სვამს დრო და დრო.

არც ისეთი ორიგინალური სიუჟეტისდა მიუხედავად, “მგლების” მსუბუქი დინამიკა მომენტებში ჭიანურდება ხოლმე, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. ხოლო მთავარი გმირების დუეტს თითქოს ნაკლებად ანაღვლებთ კონსპირაციული ჭაობი, ვინაიდან როგორცკი კლუნი ცდილობს გაერკვეს და დაალაგოს ნაწილები, რათა ე.წ. “ფაზლი” ამოხსნას, პიტი მას მალევე აჩერებს და ეუბნება რომ ამ ყველაფრის გამორკვევა უაზრობაა და დიდად არაფერს შეცვლის, რის გამოც მაყურებლები შესაძლოა ცოტათი დააბნიოს და მისტიურობა, რომელიც ასე დაჰკრავს ფილმს ნელ ნელა გაუფერულდეს. რათქმაუნდა ყველანაირი კვანძი ბოლოსკენ უკვე იხსნება და ყველაფერს ეფინება ნათელი, მაგრამ უკვე გვიანია. საბედნიეროდ, მესამე ნახევარი ამ მინუსებს თავისებურად აკომპენსირებს, გვთავაზობს ცოტაოდენ ექშენს და ფინალური კადრი Butch Cassidy and Sundance Kid-ის სტილში ღიმილს იწვევს სახეზე, ტოვებს ცოტაოდენ ინტრიგას ღია დასასრულით და მცირე ნიადაგს სიქველისთვის, რომელიც როგორც ჩანს, უკვე დადასტურდა.

საბოლოო ჯამში “მგლების” ყურება ღირს: ჯონ უოტსის ახალ ნამუშევარს აქვს თავისი სტილი, მიმართულება და მილიონჯერ ნანახი და ნათქვამი ისტორიის მიუხედავად, მთავარი დუეტის ქიმია მხრებით “ზიდავს” მთლიან ფილმს და შემოაქვს ერთგვარი ნაპერწკალი “ამხანაგური” კომედიის ჟანრში. დამღლელი საღამოსთვის Wolfs იდეალური ვარიანტია: მსუბუქი, ერთჯერადი, ცალკემყოფადი და მარტივი. იმედია, უკვე დადასტურებულ სიქველს უფრო უკეთესი ნარატივი და ისტორია ექნება.

Wolfs
აშშ, დიდი ბრიტანეთი, 2024
რეჟისორი: ჯონ უოტსი (John Watts)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 48 წუთი

75/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
მისი სამი შვილი (His Three Daughters)

მისი სამი შვილი (His Three Daughters)

| აზაზელ ჯეიკობსის რეფლექსია ოჯახურ ურთიერთობებზე - სამი შვილის გაერთიანება

შემდეგი
Willow Smith – Ceremonial Contrafact (Empathogen Deluxe)

Willow Smith – Ceremonial Contrafact (Empathogen Deluxe)

| Willow Smith-ის ბოლო ალბომის დელუქს ვერსია - Ceremonial Contrafact - სამი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share