Ezra Collective-ის მესამე ალბომი – Dance, No One’s Watching
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კვინტეტი Ezra Collective 2023 წელს გახდა პირველი ჯაზ-ბენდი, რომელმაც ალბომით “Where I Meant To Be” Mercury Prize მოიპოვა .
ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჯგუფმა გამოუშვა მესამე, ყველაზე ვრცელი ჩანაწერი, სახელწოდებით “Dance, No One’s Watching,” ოთხ მოქმედებად დაყოფილი, მულტიკულტურული, საკმაოდ ძლიერი ნამუშევარი, რომელიც მრავალჟანრიანი – ჯაზის, რეგგის, ჰიპ-ჰოპის, ფანკისა და სოულის ელემენტებით, რიტმული ექსპერიმენტებითა და სიღრმისეული მესიჯებით არის გაჯერებული.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ბენდის გამამხნევებელი ენერგია და კრეატიულობა, სხვადასხვა ჟღერადობებით შეავსონ ტრადიციული ჯაზ მუსიკა და შექმნან ცოცხალი ხმოვანი სამყარო.
Ezra Collective-ის მუსიკა ენერგიული, ამაღლებული და ხშირად საზეიმო განწყობისაა, ჯაზისა და აფრობიტის დაბალანსებული რიტმებით, სადაც ყველა ინსტრუმენტი ორგანულად და ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ალბომში 19 კომპოზიციაა, რომელიც ასახავს კულტურული და მუსიკალური იდენტობის მრავალფეროვნებას, თითქოს სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან წამოსული ტალღები ერთ ადგილას იკრიბება და ერთიან, შთამბეჭდავ ჟღერადობას ქმნის.
ტრეკ The Herald-ის ტემპი და სტრუქტურა მკაფიოდ გამოხატავს ბენდის უნარს ძლიერი ემოციური ეფექტი მოახდინოს მსმენელზე, God Gave Me Feet To Dance-ში იგრძნობა ის გულწრფელი ბედნიერება, რომელიც შეიძლება ცეკვითა და მუსიკით განვიცადოთ, კომპოზიცია No One’s Watching Me სენსიტიური და სენტიმენტალურია, ხაზს უსვამს იმ შინაგან თავისუფლებას, რომელიც მხოლოდ მაშინ გვიჩნდება, როცა არავინ გვიყურებს.
ალბომში რამდენიმე საინტერესო კოლაბორაციაა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Yazmin Lacey, Olivia Dean, M.anifest და Moonchild Sanely, რაც მას უფრო ღირებულ და სოლიდურ ნამუშევრად აქცევს.
Album: Dance, No One’s Watching
Release date: September 27, 2024
Label: Partisan Records
Genre: Jazz
ალბომში 19 ტრეკია 57 წუთი ხანგრძლივობით