დიდება, სიმდიდრე და შიში – რომან პოლანსკის ლეგენდარული თრილერის პრიქველში
ტერი ჯონოფრიო დიდებაზე და სიმდიდრეზე ოცნებობს ნიუ-იორკში, მაგრამ ტრავმის შემდეგ, ხანდაზმული და მდიდარი წყვილი მას ბრამფორდის სახლში იფარებს. როცა ტერი წარმატების მეორე შანსს იღებს, თითქოს ყველა მისი ოცნება სრულდება. თუმცა შემაშფოთებელი მოვლენები მას დააფიქრებს, თუ რა მსხვერპლის გაღება უწევს კარიერისთვის, რადგან იგი ხვდება, რომ ბოროტება არა მხოლოდ ბინა #7ა-ში, არამედ თავად ბრამფორდში ცხოვრობს. მთავარ როლებში: ჯულია გარნერი, დაიან უიესტი, ემი ლისონი, ჯიმ სტურგასი და კევინ მაკნელი.
27 სექტემბერს პარამაუნთ ფლასის სტრიმინგ სერვისზე რომან პოლანსკის გახმაურებელი თრილერის “როზმარის ბავშვის” პრიქველის პრემიერა შედგა. “როზმარის ბავშვი” – ამავე სახელწოდების, აირა ლევინის წიგნის ადაპტაციაა, რომელიც მოგვითხრობს ისტორიას ორსულ ქალზე, რომელიც ხვდება, რომ მისი ქმარი შეთანხმებაში შევიდა სატანისტების სექტასთან. და ის, თვითონ ამის გაუცნობიერებლად, ანტიქრისტეს დედა ხდება. ხოლო იმ ფაქტმა, რომ სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ რეჟისორის, რომან პოლანსკის, ორსული მეუღლე შერონ ტეიტი სასტიკად მოკლეს, ფილმს კიდევ უფრო მეტად შემზარავი ელფერი შესძინა. “როზმარის ბავშვი” როგორც ფრენჩაიზი – ცოტათი უცნაური ცნებაა, თუ არ ჩავთვლით ტელევიზიისთვის გაკეთებულ ფილმს – Look What’s Happened to Rosemary’s Baby (1976) და 2014 წლის მინი-სერიალს, სადაც როზმარის როლს ზოი სალდანა ასრულებს. პრიქველზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაანონსეს და მისი ისტორია უმნიშვნელო პერსონაჟზე – ტერიზეა “როზმარის ბავშვიდან,” რომელსაც ტიტულარული გმირი ჯერ სამრეცხაო ოთახში ხვდება სარდაფში, ხოლო შემდგომ ქვაფენილზე – გარდაცვლილს.
მართალია, “ბინა #7ა” რეალურად პრიქველია, მაგრამ იგი ამასთანავე ერთგვარი რიმეიქიც გამოდის, ვინაიდან ტერის ბედი ფილმში შეიძლება ჩაითვალოს როგორც კასტევეტების წყვილის გენერალური რეპეტიცია, რომელიც უფრო ეფექტურად განახორციელეს როზმარიზე, შესაბამისად ამ ინფორმაციით შეირაღებული რაც უკვე ვიცით, პირდაპირ რომ ვთქვათ – სასპენსს ცოტათი აუფერულებს. პრიქველების მცირე, პოპულარული”ტრენდის” ფონზე, სადაც უკვე ვნახეთ The First Omen, A Quiet Place: Day One, Furiousa Mad Max Saga, Alien: Romulus და ა.შ. – არც “ბინა #7ა” არის გამონაკლისი. გარდა კასტევეტების ხანდაზმული წყვილისა, ფილმში ასევე ვხვდებით ნაცნობ პერსონაჟებს, ისეთებს როგორიცაა: მზაკვარი დოქტორი საპერსტინი და ბოტანიკის სპეციალისტი, საკმაოდ ორიგინალური სახელით – მისის გარდენია. როზმარისა და გაის ნახვაც კი შეიძლება რამდენიმე წამით ერთ-ორ სცენაში.
სხვა მხრივ, “ბინა,” როგორც სხვა ბევრი რიმეიქი, თითქოს ერთ მიზანს ემსახურება – აჩვენოს მაყურებელს, რას შეძლებს ჩვეულებრივი გამოცდილი, მაგრამ საშუალო ნიჭის რეჟისორი მასალით, რომელსაც ერთხელ უკვე ხელი მოჰკიდა გენიალურმა ავტორმა. ფილმში ვხვდებით იგივე სახლს, იგივე მედალიონს, რომელშიც საეჭვო მცენარის ფესვია, იგივე მეზობლები, იგივე იავნანა. როგორც ჩანს არც ისე ბევრია საჭირო, რომ ერთ-ერთი დიდებული ჰორორ ისტორია უბრალო ოკულტურ საშინელებად გადააქციონ. “ბინის” პრობლემა – პარანოის არქონაა, ვინაიდან “როზმარის ბავშვში” ჩვენ მუდმივად გვაჩვენებენ ოდნავ ნაკლებს, ვიდრე გვსურს, სასპენსი და დაძაბულობის ატმოსფერო შენარჩუნებულია, მაყურებელი მუდმივ ინტერესშია თუ რა მოხდება შემდგომ. “ბინა” კი თითქოს ამ სიფრთხილეს მოკლებულია. მომენტებში მიმობნეულია საშუალო “ჯამფსქერები” და მინიშნებები რომ ეშმაკი ახლოსაა, იქნება ეს ანარეკლი სარკეში თუ ლოგინის თავზე. არ არის ორმხრივობა, არ არის პარანოია – ყოველთვის გმირზე ერთი ნაბიჯით წინ ვართ, და ისიც მალევე ხვდება რა ხდება და როგორ. პარანოიის გარეშე კი, მოგეხსენებათ “როზმარის ბავშვი” არ არსებობს.
ფილმში ასევე ვნახულობთ ტერის, როგორც მოცეკვავეს; ცეკვათა ქორეოგრაფია, 60-იანების ესთეტიკა მშვენივრად არის გადმოცემული, რაზეც შესაძლოა “სუსპირია” ან სულაც “შავი გედი” გაგახსენდეთ, მაგრამ ტერის პროფესია არ არის კარგად განვრცობილი, თემატურად არ არის მდიდარი, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება რომ სცენარისტებმა და პროდიუსერებმა რაც შეიძლება ბევრის გამოძერწვა მოინდომეს ისედაც “უწვრილესი” მასალისგან, რამაც “როზმარის” სამყაროს არც არაფერი შემატა და არც არაფერი დააკლო. ცეკვაზე ლაპარაკისას, არ შეიძლება არ აღვნიშნო ერთ-ერთი სცენა, სადაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გაბრუებული ტერი ნელ-ნელა ბორძიკით მიდის ოთახებში, ხოლო წარმოდგენილია ეს ყველაფერი როგორც ერთი დიდი თეატრალური ნომერი სხვადასხვა სახის ხელნაკეთი დეკორაციებით, რომელიც სიურეალიზმის და “კიტჩის” შეგრძნებას იწვევს. მიუხედავად უკვე ნაცნობი შედეგისა, თუ რა ელის ტერის, რომ მისი ბედი თავიდანვე გაწერილი იყო, როგორც კი კასტევეტებთან დაიჭირა საქმე, საინტერესოა იმის ხილვა თუ როგორ ვითარდება მოვლენები და რას იზავს ტერი, როგორ შეეწინააღმდეგება იგი “სისტემას” და დანებდება თუ არა, როგორც როზმარი. ხოლო ფინალი “ბინისა” საკმაოდ კარგად აგვირგვინებს ამ ინტრიგას ლამაზი სცენითურთ. ჯულია გარნერი შესანიშნავად თამაშობს ტერის როლს, დებს მაქსიმუმს ამ პერსონაჟში, ჩინებულად ცეკვავს სცენაზე და ერთგვარ ინდივიდუალურობას სძენს მას. იგივე შეიძლება ითქვას დაინ უესტზეც, რომელიც მომენტებში ცოტათი კომიკურია მისის კასტევეტის როლში, მაგრამ კარგად ანსახიერებს ზედმეტად ყურადღებიან, ცნობისმოყვარე , გამაღიზიანებელ და ამასთანავე თბილ მოხუცს.
საბოლოო ჯამში, “ბინა #7ა” ცოტათი უსულო, ნაკლებად საინტერესო და სასპენსისგან დაცლილი პრიქველი გამოვიდა. მართალია ფილმს აქვს აქა-იქ კარგი, მომხიბვლელი მომენტები, ცეკვათა ლამაზი ქორეოგრაფია და ჩინებული ჯულია გარნერი, რომელიც ცდილობს გამოაღწიოს კასტევეტების ჭაობიდან, მაგრამ “ბინა” არ მატებს ძველ სიუჟეტს ახალ ხედვას და რჩება იმედგაცრუებით აღსავსე სურათი, რომელიც ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამს პირველწყაროზე თვალის გადავლების გარეშე. ხოლო რამდენად მოითხოვდა საჭიროებას “ბინა #7ა,” ეს თავად მკითხველისთვის მომინდვია.
ბინა #7ა (Apartment 7A)
ავსტრალია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, 2024 წელი
რეჟისორი: ნატალი ერიკა ჯეიმსი (Natalie Erika James)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 44 წუთი