თავისუფლების ძიება – ემანუელე კრიალეზეს პოეტური დაკვირვება ოჯახსა და იდენტობაზე
“L’immensità” ემანუელე კლიარეზეს 2022 წლის ფილმია, რომლის მთავარი თემა ოჯახი, გენდერული იდენტობა და საზოგადოებრივი ნორმებისა და მოლოდინების თანხვედრაა ამ ორ საკითხთან მიმართებით. სიუჟეტის ცენტრში ორი პერსონაჟია – კლარა (დედა) და ადრი (შვილი), ნებისმიერი სცენა თუ მოქმედება მათ გარშემო ან მათი გადმოსახედიდან ვითარდება. 70-იანი წლების რომში სამშვილიანი ბოგეტების ოჯახი კრიზისის პირასაა, რაც ერთი მხრივ მამის, ფელიჩეს ცხოვრების წესით (ღალატობს ცოლს) არის გამოწვეული, მეორე მხრივ კი შვილის გენდერული იდენტობის გამორკვევის პრობლემით, რაც ოჯახის სხვა წევრების აზრით, ყველანაირი უთანხმოების სათავეა.
ფილმის დასაწყისში ბავშვები რაფაელა კარას სიმღერის ფონზე ვახშმისთვის მაგიდას აწყობენ, დედასთან ურთიერთობა შვილებისთვის სიხარულის ემოციას გამოხატავს, რაც განსხვავებულია მამასთან მიმართებით, რომლის გამოჩენაც ყველანაირ მუსიკასა და მხიარულებას კლავს. ფელიჩესთვის ჭამა მხოლოდ სასიცოცხლო მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა, მაშინ როცა კლარა შვილებისთვის ნებისმიერ აქტივობას, ვახშმობა იქნება ეს თუ შხაპის მიღება, სახალისო პროცესად აქცევს.
დასაწყისში ადრი აღნიშნავს, რომ დედა მაკიაჟს მხოლოდ მაშინ იკეთებს, როცა სახლიდან გასასვლელად ემზადება ან ტირილი დაამთავრა, კლარა ცდილობს, რომ ოჯახური პრობლემები შვილებს არ დაანახოს და მათთან ერთად ბავშვივით ითამაშოს, გაიქცეს რომის ქუჩებში, შეძვრეს მაგიდის ქვეშ და ცხოვრების მოწყენილობა დღესასწაულად აქციოს. აღსანიშნავია კლარას მუდმივი სწრაფვა გათავისუფლებისკენ, თუმცა, იმის გამო, რომ საზოგადოება, ნათესავები ქალს, როგორც “დედას” და “ცოლს” უყურებენ, თითქოს დაუშვებელია ამ როლების ნორმიდან ამოვარდნა, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იღებდეს დედა შვილის “ახირებას,” რომელიც ფიქრობს, რომ ბიჭია. მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთი აღარ უყვარს, ფელიჩე გამუდმებით ღალატობს, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს მასზე და კლარას მასთან დაშორება უნდა, ისინი მაინც ინარჩუნებენ ურთიერთობას, რადგან საზოგადოებას ერთიანი, ლამაზი ოჯახის ხილვა სურს.
კლარას პირად გამოცდილებასთან ერთად მნიშვნელოვანი პერსონაჟია ადრი, რომელიც თავის თავს ანდრეს უწოდებს და როგორც ბიჭი ისე ეცნობა უცხო ადამიანებს, ფიქრობს, რომ უცხოპლანეტელების გაჩენილია, რადგან საზოგადოების მიერ დაწესებულ გენდერულ ნორმებს არ შეესაბამება და გაურკვეველია, რატომ არ შეიძლება აღიქვამდნენ ბიჭად, რადაც თავს გრძნობს. მის იდენტობის კრიზისს ემატება დედის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაც მისთვის (კლარას მცდელობის მიუხედავად, რომ დამალოს) ნაცნობია, თუმცა, ვერაფრის გაკეთებას ახერხებს. ამ გაურკვევლობისა და დაბნეულობის მომენტში ადრის ცხოვრებაში ჩნდება სარა, დაბალი სოციალური კლასის ოჯახიდან, რომელთანაც პირველად გამოცდის სიყვარულს, სადაც ის, როგორც ბიჭი ისე უყვარდება გოგოს. რეალობიდან გაქცევის საშუალება ადრისთვის ფანტაზიებია, რაც ფილმში შავ-თეთრი მუსიკალური ჩანართებითაა გამოხატული, სადაც ადრი და დედა მღერიან, ცეკვავენ და თავს ბედნიერად გრძნობენ. ფილმის დასასრულიც მის მიერ შესრულებული რომანსია, რომელიც სრულად გამოხატავს იმ ემოციას, რასაც პირველი სიყვარული და მასთან დაკავშირებული ემოციები, სიხარული თუ იმედგაცრუება იწვევს.
“L’immensità”-ის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. ემანუელე კრიალეზესთვის ფილმი ავტობიოგრაფიულია, ამბობს, რომ 70-იანი წლების რომი ის პერიოდია, რა დროსაც თავად უმკლავდებოდა ადრის პრობლემებს და ყველაფერი თავისი გამოცდილების ნაწილია, “ფილმში მისი [ადრი] მზერა, ჩემი მზერაა.” პენელოპე კრუზისა და ლუანა ჯულიანის შთამბეჭდავი შესრულება, 70-იანი წლების ნოსტალგიური ატმოსფერო, ფერები და იტალიური პოპ მუსიკა “L’immensità”-ს 2022 წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ფილმად აქცევს.
ფილმში მისი [ადრი] მზერა, ჩემი მზერაა.
ემანუელე კრიალეზე
უსაზღვრობა (L’immensità)
იტალია, 2024 წელი
რეჟისორი: ემანუელე კრიალეზე (Emanuele Crialese)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 37 წუთი