მსოფლიო თეატრია, ჩვენ მასში კი, მსახიობები: არტურ ფლეკის ისტორიის გაგრძელება ტოდ ფილიპსის ახალ ფილმში
არტურ ფლეკი არკჰემის ციხეში იმყოფება და თავის დანაშაულებზე სასამართლოს მოლოდინშია, რომელიც მან ჩაიდინა როგორც ჯოკერი. არტურის ორმაგი იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში, იგი არა მხოლოდ ნამდვილ სიყვარულს პოულობს, არამედ მუსიკასაც, რომელიც ყოველთვის მასში იყო. მთავარ როლებში: ხოაკინ ფენიქსი, ლედი გაგა, კენ ლუნი, კეტრინ კინერი და ზაზი ბითზი.
და აი ყველასთვის ნანატრი ჯოკერის სიქველმა სინათლე იხილა და 3 ოქტომბერს შედგა Folie a Deux-ის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში. მანამდე ფილმი ესტუმრა ვენეციის 81-ე კინოფესტივალს, დაიმსახურა კრიტიკოსებისგან და ფანებისგან ნელთბილი რეაქციები და კინოგაქირავებაში სულ რაღაც $121 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, $200 მლნ დოლარის ბიუჯეტის ფონზე. უმეტესობა კრიტიციზმისა მიმართული იყო სცენარის და მუსიკალური ნომრების მიმართ. თუმცა, გაგასა და ფენიქსის პერფორმანსები შეაქეს. ფანების უმეტესობამ ფილმს – არასაჭირო სიქველიც კი უწოდეს. მაშ ასე, გავიგოთ რა წავიდა არასწორად Folie a Deux-ში.
სიმართლე რომ ითქვას, პირველი ჯოკერი (2019) არც ისე ორიგინალური იყო თავიდანვე, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში და კერძოდ “მიმების” კულტურაში საპატიო ადგილი დაიკავა, ბევრი დღემდე აღმერთებს, ნელ-ნელა გაი ფოქსის ნიღაბიც კი ჩაანაცვლა (V For Vendetta-დან) და ყოველ ჰელოუინზე ნებისმიერი ირგებს ჯოკერის ხატოვან წითელ კოსტიუმსა და კლოუნის გრიმს. თუმცა ტოდ ფილიპსმა ნამდვილად შექმნა რაღაც დასამახსოვრებელი, თუნდაც ზედმეტად დერივაციული. მან კარგად შეფუთა ნაცნობი იდეები, რომელიც კონკრეტულ აუდიტორიამდე მალევე მივიდა, რაშიც იგულისხმება როგორც კომიქს-ფილმების ფანები, ისე ჩვეულებრივი მაყურებლები. საინტერესო იყო ისიც, რომ ასეთი ცნობილი და სახელგანთქმული ბოროტმოქმედი, ე.წ. “დანაშაულის პრინცი” უფრო რეალისტურ კონტექსტში იყო მოთავსებული, რამაც ერთგვარი ხასიათი შესძინა მას. შედეგად, ბევრი ადამიანი – განსაკუთრებით ისინი, ვინც კინოში ნაკლებად გამოცდილი იყვნენ, 2019 წლის ჯოკერი – კინემატოგრაფიულ შედევრად მიიჩნიეს, როცა რეალურად ეს ყველაფერი უფრო უკეთესი, ნაცნობი ფილმების Taxi Driver-ისა და King Of Comedy-ს “სალათაა”, უბრალოდ ისე ჭკვიანურად აწყობილი, რომ ფილიპსმა, ამ ყველაფრის ამბიციურად “ამუშავება” მოახერხა.
როგორც ჩანს, რეჟისორი კვლავ იმავე აუდიტორიას უმიზნებს, მაგრამ ამჯერად ზიზღის ელფერით, უფრო ცინიკურად და ირონიულად. ამ აუდიტორიაში კი ვგულისხმობ იმათ, ვინც ჯერ კიდევ აღფრთოვანებულია და თაყვანს სცემს არტურ ფლეკის სიგიჟისა და ძალადობის პერიოდულ “აფეთქებებს,” განიხილავს მას, როგორც მეამბოხე, ალფა-მამრს, რომელიც არღვევს ყველა წესს, საზოგადოების წინააღმდეგ დაუმორჩილებლობის სიმბოლოს. (რაც, ბედის ირონიით, ისევ “ინტერნეტ-მიმად” გადაიქცა) სამწუხაროდ, სიქველი ამ ყველაფერს აშორებს და ხელში გვრჩება ჯოკერის “ცარიელი ნაჭუჭი” – სუსტი, პათეტიკური და გატეხილი კაცის სახით, რომელიც უფრო და უფრო ეშვება დაუცველობისა და დამცირების უფსკრულში. ხოლო Looney Tunes-ის მულტფილმის სტილში გაკეთებული შესავალიც კი საკმარისია, რომ გავიგოთ ფილმის ტონი და პერსონაჟისადმი მისი ახალი მიდგომა.
რაც შეეხება სიუჟეტს, აქ თითქმის არაფერი ხდება, და როცა ვამბობ არაფერი, ვგულისხმობ – არაფერს. წარმოიდგინეთ The Godfather Part 2-ის გრძელი, დამღლელი სასამართლო სცენები – ახლა კი წარმოიდგინეთ იმავე, მაგრამ კიდევ უფრო მოსაწყენი, უმნიშვნელო და მშრალი, რომელიც არსად მიდის. თუ ელოდებოდით რაიმე სახის დინამიკას ან ექშენს, რომელიც ეს ერთი შეხედვით ტრეილერებიდან და პოსტერებიდან ჩანდა, (და რაც რეალურად პირველ ფილმში ასე თუ ისე იყო) ბოდიში იმედგაცრუებისთვის, მაგრამ Folie a Deux დაცლილია მსგავსი რამეებისგან. ჯოკერი იწყება ერთი ადგილიდან და მთავრდება ზუსტად იქ, საიდანაც დაიწყო, მოკლებული ყველანაირ სასპენსს, დაძაბულობასა და მღელვარებას. სიუჟეტის ზანტი მსვლელობისას, ძლივს ხვდები რომ რამე ხდება, ხოლო კულმინაციური მომენტის დადგომისას, იმდენად გვიანია რომ მაყურებელი ვერანაირ ემოციურ წონას ან ზემოქმედებას გრძნობს. როგორც წესი, კინოთეატრში თითქმის არასდროს ჩამძინებია, მაგრამ Folie a Deux-მა თითქმის გამტეხა. მიმოფანტული მუსიკალური ნომრები, რათა რეჟისორს მაყურებლები ოდნავ გამოეფხიზლებინა, საკმაოდ უადგილო და ზედმეტი გამოდგა, ისტორიას არაფერი შემატა და ქრონომეტრაჟიც ძალიან გაწელა. ცხადია, პირველ ნაწილში მუსიკა გადამწყვეტ როლს თამაშობდა, მაგრამ როგორც ჩანს ფილიპსმა აქ – გადააჭარბა. თუ აპირებ მიუზიკლის გადაღებას, ბოლომდე მიიღე ვალდებულება, გარისკე და ნუ ფრთხილობ. Folie a Deux თითქოს ცდილობს თან იყოს მიუზიკლი იყოს და თან არ იყოს, უცნაურად ბორძიკობს ამ წვრილ ხაზზე, რაც აუდიტორიაში გაურკვევლობას იწვევს. თუმცა, მიუხედავად ლამაზი დეკორაციებისა და კარგი ქორეოგრაფიის გათვალისწინებით, უმეტესობა ამ ნომრებისა გამაღიზიანებელია და აკლდა ერთგვარი ენერგია. არასწორად არ გამიგოთ, მიუზიკლები ძალიან მიყვარს – Rocky Horror Picture Show, Jesus Christ Superstar, Silk Stockings, რომ დავასახელოთ რამდენიმე – მაგრამ ფენიქსის ვოკალური პარტიების მოსმენა, წამების ტოლფასია. ყოველ ჯერზე, როცა ჯოკერი ან ჰარლი სიმღერას იწყებდნენ, დარბაზში მორიგი ამოძახილი ისმოდა – “ოღონდ კიდევ ერთი მუსიკალური ნომერი არა, გთხოვთ!”
შესაბამისად, სიმღერები (უფრო სწორედ იმ პერიოდის ცნობილი ჰიტების “ქავერ” ვერსიები) თითქოს ძალით არის ჩატენილი და რაღაც მხატვრული ნიჭის შეტანას ცდილობენ, მაგრამ ისინი უბრალოდ ფილმს აჭიანურებენ. მათი უმრავლესობა არც კია რეალური სიუჟეტის კონტექსტში – ისინი ჯოკერის თავში ხდება. ერთ მომენტში ჯოკერი ჰარლის ეუბნება კიდეც, რომ სიმღერა შეწყვიტოს და უბრალოდ ისაუბროს, რაზეც გულწრფელად ვიფიქრე – ფილმი თითქოს ჩემ აზრებს კითხულობდა.
სამწუხაროდ, Folie a Deux ვერ ახერხებს იმ თემების სწორად გამოკვლევას, რომლებსაც თავადვე აყენებს. არ არის გამოკვლეული არტურის პიროვნების გაორების პრობლემა. ის ვერც კი ახერხებს თავის დაცვას ეფექტურად, სასამართლოში. მოწმეებიც კი, ისეთ რამეს ამბობენ, რასაც ნებისმიერი იტყოდა და გამოიცნობდა, ხოლო ამ დასკვნის გამოტანას, სულ რაღაც 2 საათი დასჭირდა. რომანტიული ურთიერთობა ჰარლისა და არტურს შორის გაუთვიცნობიერებელი რჩება, არ აქვს ნამდვილი მსვლელობა ან დასასრული. ვერ ვიგებთ ლის მოტივებს ან მიზანს, გარდა იმისა რომ იგი უბრალოდ მხარს უჭერს არტურს, ამხნევებს, რათა მან თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს, რაც მალევე მონოტონური ხდება. მესამე აქტისკენ, არის მომენტი, როცა არტური სასამართლოს ერთ-ერთ სესიაზე პუბლიკას თავის სახასიათო კოსტიუმში და გრიმში წარუდგება, უფრო მეტ ენერგიას იძენს, ფეხზე დგება, ხმამაღლა ლაპარაკობს და თითქოს “ცეცხლს ანთებს” სცენაზე, მაგრამ ეს სეგმენტიც ისე მალე ქრება, რომ თითქმის არაფერს ემსახურება და მივყავართ გარდაუვალი დასასრულისკენ, რაც უკვე ვიცოდით.
ამდენი ნეგატივის ფონზე, Folie a Deux-ს, აქვს ცოტა პოზიტივებიც, ძირითადად ლედი გაგას ცოცხალი, მიმზიდველი პერფორმანსი. მიუხედავად იმისა რომ, სიუჟეტი “წვრილია,” ხოლო თხრობა კიდევ უფრო სუსტი, ის მაქსიმუმს დებს ამ პერსონაჟში. მისი სიმღერა ცუდი არ არის და ზოგჯერ ეკრანზე მომხიბვლელ ენერგიასაც ატარებს. ხოლო ქიმია ხოაკინ ფენიქსთან სოლიდურია, თუმცა მაინც უცნაური და რთულია ლედი გაგას აღქმა როგორც ჰარლი ქუინი, რადგან ის უფრო ჯოკერის ფან გოგონას ჰგავს, ვიდრე ფსიქოპათს, რომელიც მარგო რობიმ შესანიშნავად განასახიერა. გაგა, უდაოდ ნიჭიერი მსახიობია, მაგრამ Folie a Deux-ში ფაქტიურად გამოუყენებელია. რაც ნამდვილად დასანანია. მისი არც ისე კარგად გაწერილი პერსონაჟით, ძნელია მისი თანაგრძნობა. ფენიქსი, თავის მხრივ, კარგად ასრულებს ჯოკერის/არტურის როლს – დამაჯერებელი და ბუნებრივია, მაგრამ არაფერია ისეთი, რაც ჩვენ უკვე არ გვინახავს 2019 წელს. მისი ცნობილი საფირმო “სიცილი” ე.წ. dumb laugh – უკვე დამღლელი ხდება. გარდა ზემოაღნიშნული დუეტისა, ვიზუალები მეორე ჯოკერში ფანტასტიურია. შეიძლება ფილიპსი მთხრობელის როლში ბორძიკობს, მაგრამ ვიზუალური მხარე მას არ ეშლება. მუსიკალური ნომრები და არკჰემის ციხე მშვენივრად გამოიყურება, კარგად იჭერს პოლიციის სისასტიკის დაძაბულ ატმოსფეროს და შესაბამისი ეპოქის დამთრგუნველ გარემოს. ოპერატურაში კი შეხვდებით ლამაზ, გრძელ, უწყვეტ კადრებს. ტექნიკური ასპექტები ფილმში კარგად არის შესრულებული. სამწუხაროდ, მთელი ეს ვიზუალური ბრწყინვალება საშინელ სიუჟეტზე იფლანგება. ხოლო საუნდტრეკი, რამდენადაც კარგი და დასამახსოვრებელი იყო, აქ თითქოს მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპოზიცია, კერძოდ კი “ჯოკერის საპირფარეშოს ცეკვა” ფიგურირებს მთელი ფილმის მანძილზე, რაც თავისთავად რაღაც დროის შემდეგ დაღლას იწვევს.
საბოლოო ჯამში, რთულია Folie a Deux-ის სიტყვებით შეჯამება. პირველი კადრებიდან და ანონსებიდან, საბოლოო რელიზამდე მქონდა მცირე ოპტიმიზმი რომ სიქველი შეძლებდა თავისი პოტენციალის გამომჟღავნებას. მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა – ჯერ განაცხადეს რომ მეორე ნაწილი მიუზიკლი იქნებოდა, შემდეგ მარკეტინგული კამპანია ამის დამალვას და წინა პლანზე დაწევას ცდილობდა და ა.შ. საბოლოოდ კი მივიღეთ მშრალი, მტკივნეულად მოსაწყენი სასამართლო დრამა, რომელიც გადაჭიმულია ორ საათზე, მიმობნეული აქა-იქ მუსიკალური ნომრებით. ზოგიერთმა შეიძლება Folie a Deux-ს (ირონიულად) გენიალური კინო შედევრი უწოდოს, ხოლო ზოგმაც შეიძლება აღნიშნოს თუ როგორ დასცინა ტოდ ფილიპსმა მაყურებლებს კამერის უკან და დაუმსხვრია მათი კერპი – არტურ ფლეკის სახით. თუმცაღა ჩემთვის, ეს მორიგი არასაჭირო სიქველია, კონტროვერსიული დასასრულით, რომელზეც ბევრი დიდიხანი ილაპარაკებს. მიუხედავად იმისა, რომ მიუზიკლები ძალიან მიყვარს, Folie a Deux მიუზიკლი არ არის, უხეშად რომ ვთქვათ, ეს არც მეტი არც ნაკლები – “მაიმუნობაა.” აი რამდენად დასჭირდა ცალკემყოფად, შეკრულ, მეტნაკლებად ორიგინალურ და ამბიციურ 2019 წლის ფილმს გაგრძელება, ეს თავად მკითხველმა განსაჯოს.
ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის (Joker: Folie à Deux)
კანადა, აშშ, 2024
რეჟისორი: ტოდ ფილიპსი (Todd Philips)
ხანგრძლივობა: 2 საათი და 18 წუთი