Love Hurts: უილა ფიცჯერალდისა და კაილ გარნერის მაგნიტური დუეტი ჯეი თი მოლნირის ახალ თრილერში
შტატ ორეგონის სოფლად, ვინმე სისხლში მოსვრილი გოგონა გაურბის შეიარაღებულ და განრისხებულ მამაკაცს, რათა თავი გადაირჩინოს. მთავარ როლებში: კაილ გარნერი, უილა ფიცჯერალდი, ედ ბეგლი ჯუნიორი, ბარბარა ჰერში.
სულ რაღაც 1 კვირის წინ, ციფრული რელიზი იხილა ჯეი თი მოლნერის ახალმა ფილმმა თრილერის ჟანრში და სლეშერის ელემენტებით – Strange Darling. მანამდე, ფილმის პრემიერა შედგა 2023 წელს, Fantastic Fest-ზე, ტეხასში და ცოტახნით აშშ-ს კინოთეატრებსაც ესტუმრა 23 აგვისტოდან. საინტერესოა ისიც რომ, Strange Darling-ის გადაღებები შტატ ორეგონში, ადგილზე (on location) მიმდინარეობდა 2022 წლის ზაფხულში. აღბეჭდილი 35 მმ-იან ფირზე, ჯოვანი რიბიზისთვის (Gone in 60 Seconds, Boiler Room, Ted, Lost in Translation) ეს მისი სადებიუტო ნამუშევარია ოპერატორის ამპლუაში.
Strange Darling-ის ან “მშვენიერი უცნობის” ხიბლი მის არასწორხაზოვან ნარატივშია. სიუჟეტი დაყოფილია 6 თავად, და არ არის დალაგებული პირდაპირი თანმიმდევრობით, რის გამოც მაყურებელი თითქოს ყოველთვის ინტრიგაშია, ცდილობს თავისით დაალაგოს დეტალები, ამოხსნას ფაზლი და გაიგოს რომელია სერიული მკვლელი. ეს ის ერთ-ერთი შემთხვევაა, როდესაც მონტაჟს შეიძლება ეწოდოს ოსტატური მანიპულირება. მსგავსი “ხრიკი” უკვე ვნახეთ Memento-ში, Pulp Fiction-ში, Gone Girl-ში და ა.შ. თუმცა Strange Darling მაინც ცდილობს კარგი სანახაობა შესთავაზოს აუდიტორიას ამ უკვე ბევრჯერ გამოყენებული “ხრიკით.” ასევე ეს იმ ერთ-ერთი ფილმთაგანია, რომლის ყურებისას რაც შეიძლება მინიმალური ინფორმაციით შეხვიდეთ ან სულაც ბრმად ჩართოთ, რათა პირველადი შთაბეჭდილება არ გაფუჭდეს.
პირველივე კადრები ფილმისა, რომელიც სხვათაშორის ძალიან ჩამოგავს Texas Chainsaw Massacre-ის ფინალურ კადრებს, ორი მომავალი სცენის ფრაგმენტებია, ამოგლეჯილი კონტექსტიდან, რათა უფრო დაიბნას მაყურებელი. ვინ არის ეს გოგო, სისხლში მოთხვრილი, წითელი ტანსაცმლით, რომელსაც გააფთრებული მონადირე მისდევს წითელ/შავი ფერის ფლანელის პერანგში და რატომ სურს ამ უკანასკნელს გოგონას მოკვლა. ეს ის კითხვებია, რომელსაც სიუჟეტის მსვლელობისას ნელ-ნელა ვალაგებთ და ვხედავთ სრულ სურათს, სავსე დაძაბული ატმოსფეროთი. ზუსტად ასეთი მიდგომა აძლევს საშუალებას შემქმნელებს წარმატებით იმანიპულირონ აუდიტორიის მოლოდინებით: გვაიძულებენ ერთი და იმავე ეპიზოდი სხვადასხვანაირად აღვიქვათ, იმის მიხედვით, თუ განვითარების რომელ ეტაპზეა ამბავი. შესაბამისად, საათნახევრიანი ქრონომეტრაჟის ფონზე, თითო თავი მიდის სადღაც 15-20 წუთი და მთავრდება ე.წ. “კლიფჰენგერით.” მიუხედავად ქაოტური თხრობის სტილისა, Strange Darling-ის სიუჟეტური თავები მარტივად ერწყმის ერთმანეთს, ასე რომ, რაიმე ინტრიგა ფილმში თითქმის არ არის.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჯეი თი მოლნერი “დაგლეჯილი” ქრონოლოგიის წყალობით შესანიშნავად თამაშობს დაძაბულობით, ვინაიდან ყოველ თავში რეჟისორი ცვლის განწყობას, ახალ-ახალ დეტალებს ამატებს, და ჩვენც უფრო მეტს ვიგებთ ორი მთავარი პერსონაჟის ურთიერთობაზე. ზოგ თავში – ნახავთ დევნის სცენას თოფიანი მამაკაცისა და წითელთმიანი გოგონასი, (მთავარ პერსონაჟებს სახელები არ აქვთ, ისინი წარმოდგენილნი არიან როგორც “ლედი” და “დემონი”) 70/80-იანი სლეშერის ფილმების სტილში, ხოლო ზოგში – ეროტიულ სცენებს, ბდსმ-ით, ინტიმური გარემოთი და ჩამხუთველი ატმოსფეროთი, რომელშიც split/diopter (ორად გაყოფილ სცენას) “ილეთსაც” კი შეხვდებით და დე პალმას რომელიმე თრილერი გაგახსენდებათ. თუმცა მოლნერი არ ცდილობს დააკოპიროს კონკრეტული ფილმები ან გაათამამოს მაყურებელი სხვადასხვა “რეფერენსებით,” ვინაიდან ეს უფრო ეხება მსგავს სიუჟეტურ აქცენტებსა და საერთო განწყობას. ჯოვანი რიბიზის ოპერატურა შესრულებული 35 მმ-ზე, მიუხედავად “გაკრიალებული” სურათისა, ცალსახად ალამაზებს ფილმს, უფრო მკვეთრად აჩენს ფერებს და ბუნებრივად აღიქმება ეკრანზე მომხდარი. ფილმი სავსეა როგორც ცივი ნეონური განათებებით, ისე თბილი და კაშკაშა ფერთა პალიტრით, მოლნერის ვიზუალური თხრობა სიმბოლურიც და ამასთანავე თვალისთვის სასიამოვნოა.
“დემონისა” (კაილ გალნერი) და “ლედის” (უელა ფიცჯერალდი) ქიმია საკმაოდ ძლიერია, მათი ეროტიული სცენები, რომელშიც ფიგურირებს დომინატური ბდსმ, დამაჯერებელი, ბუნებრივი და სექსუალურია: “დემონის” ყოველი ხელის მოჭერა “ლედის” ყელზე თითქოს იგრძნობა და ასეთი ავთენტური ვულგარული სცენები დღევანდელ კინოში – იშვიათობაა, იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ ფილმში საერთოდ არ არის სიშიშვლე, თუმცა მთავარი პერსონაჟების ქიმია იმდენად კარგია, რომ ამას ყურადღება დიდად არ ექცევა, იმდენად ერთვება მაყურებელი ამ “ცხელ” სანახაობაში. ეროტიული მომენტების გარდა, ეს უცნაური წყვილი ერთმანეთში ჩხუბობს კიდეც, ბოლო ამოსუნთქვამდე: ინტენსიური ექშენი Strange Darling-ში არც ისე ბევრია, მაგრამ მშვენივრად გადაღებული და საინტერესოდ ასახავს “დემონისა” და “ლედის” არატიპურ, ტოქსიკურ ურთიერთობას. ორივე პერსონაჟს შემოაქვს თავისი მუხტი სიუჟეტში და თავიანთ დავალებას იდეალურად ართმევენ თავს. განსაკუთრებით კაილ გარნერი, რომელიც ფსიქოპათებისა და გიჟების როლს კარგად ითავსებს, (ამის კარგი მაგალითია მისი მშვიდი ფსიქოპათის როლი Passenger-ში, კიდევ ერთი საინტერესო, ნაკლებად ცნობილი ინდი-თრილერი) ამასთანავე სიმპათიურად გამოიყურება, განრისხებული, სანადირო თოფით შეიარაღებული. გარნერის გარდა, ფილმის კიდევ ერთი მთავარი ვარსკვლავი “ლედი” – უელა ფიცჯერალდია: ის უპრობლემოდ იცვლის პერსონაჟის ხასიათს, ერგება სიტუაციას და ყველანაირ მოლოდინს ანგრევს. შესაძლოა გაგახსენოთ მელორი ნოქსი (ჯულიეტ ლიუისი) ოლივერ სთოუნის Natural Born Killers-იდან. Strange Darling გმირთა სიმრავლით არ გამოირჩევა, მაგრამ ეპიზოდურ როლებში შეხვდებით ბარბარა ჰერშის, (Black Swan, Falling Down, Last of the Dogmen) ედ ბეგლი ჯუნიორს, (Streets of Fire, Better Call Saul) მედისენ ბითის (Seance, To the Stars, Other People) შერი ფოსტერს (Crazy Horse, Mohawk, U Turn) და ევგენია კუზმინას. (Fury, Rock The Casbah, The Gentlemen) თუმცა ეს პერსონაჟები მხოლოდ და მხოლოდ “დემონისა” და “ლედის” დაპირისპირების ფონს ემსახურებიან და საკმაოდ მარტივად იჩრდილებიან ისევ და ისევ მათი ძლიერი ქიმიის გამო.
ერთი ნაკლი რაც შეიძლება Strange Darling-ის ყურებისას თვალში მოხვდეს მაყურებელს, რომელსაც ბევრი მსგავსი “კატა-თაგვობანას” სტილის თრილერები აქვს ნანახი – მტკივნეული პროგნოზირებადობაა, ვინაიდან რეჟისორი სიუჟეტის პირველ თავში მართალია ფრთხილად, მაგრამ დაჟინებით გადმოსცემს “დემონისა” და “ლედის” წყვილში ძალაუფლების დისბალანსის იდეას, ასე რომ შესაძლოა რაღაცმხრივ გამოიცნოთ თუ როგორ დასრულდება მათი სახიფათო თამაში. თუმცა ამით ფილმი არ კარგავს პლუსებს აუდიტორიის თვალში. Strange Darling – დინამიური, სტილიზებული თრილერი მომხიბვლელი ეროტიკით, მძვინვარე ექშენით ( სხვათაშორის სისხლ/ხორცის მოყვარულები ე.წ. gore hound-ები, დაკმაყოფილებულნი იქნებიან ზოგ სცენაში წითლად “გაფერადებული” კედლებით) და კარგად მოფიქრებული სიუჟეტური გადახვევებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ვფიქრობ “მშვენიერი უცნობი” სასიამოვნო სიურპრიზი იქნება ჟანრის ფანებისთვის, რომლის ნახვა ერთხელ მაინც ღირს და “ლედი”/”დემონის” ფეთქებადი ურთიერთობა ნამდვილად არ მოგაწყენთ.
Strange Darling
აშშ, 2024
რეჟისორი: ჯეი თი მოლნერი (JT Mollner)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 37 წუთი