ცეკვისა და შეხების მნიშვნელობა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მამების შვილებისთვის – სანდენსის გამარჯვებული დოკუმენტური ფილმი
“შვილები” 2024 წლის ამერიკული დოკუმენტური ფილმია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მამებისა და გოგო შვილების ურთიერთობაზეა. ანჯელა პატონის TED Talk, სადაც ის პროგრამა Date With Dad Weekend-ზე ლაპარაკობს, ნატალი რეისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა და გოგოების ამბის დიდი აუდიტორიისთვის გაცნობა გადაწყვიტა. Date With Dad Weekend მამებს ჩამოშორებულ შვილებს მშობელთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს, რაც უმთავრესად შეხების შესაძლებლობით გამოიხატება. “შეხების ძალა მნიშვნელოვანია და როდესაც ბავშვი მოკლებულია ამას, ვერ ხედავს მშობლებს და არ ესმის მათი ხმა, ეჭვობს რამდენად შეუძლია ამ სამყაროში გადარჩენა.”
ფილმის მთავარი ფოკუსი ოთხ პერსონაჟზეა, სხვადასხვა ასაკის გოგოზე, რომელთაც განსხვავებული ურთიერთობა აქვთ მამებთან. მათგან ყველაზე პატარა ობრია, ვისთვისაც მამა გმირია, თავს გამორჩეულად თვლის, რადგან კლასში ყველაზე ჭკვიანია, გამრავლების ტაბულა იცის, სერთიფიკატებს აგროვებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ციფრებს, რაც მამის სახლში დაბრუნების დროის გარკვევაში ეხმარება. სანტანა 10 წლის არის, მიტოვებულობის კომპლექსი აქვს, თავს მარტოდ გრძნობს და უჭირს ბრაზის კონტროლი, რისთვისაც ტექნიკა BEST-ს მიმართავს. ჯეიანა სკეპტიკურად არის განწყობილი, რაც თავის მხრივ დედის გადაწყვეტილებითა და გავლენით გამოწვეული ემოციაა, მას არც კი ახსოვს როგორ გამოიყურება მამამისი და როგორ უნდა იცნოს ის. რეზაია სუიციდურია და უდიდეს დანაკლისს გრძნობს, რადგან მშობელთან კონტაქტი და მისთვის სიახლეების მოყოლა არ შეუძლია. ოთხი პერსონაჟი ურთიერთობისა და დამოკიდებულების იმ სპექტრს გამოხატავს, რაც მარტო დარჩენილ შვილს შეიძლება ჰქონდეს მამის მიმართ.
მნიშვნელოვანია, რომ ფილმი არა ციხესა და მის ამბებზე, არამედ უფრო მეტად გოგოების შინაგანი ემოციების გაგებაზე აკეთებს აქცენტს. ამის მიუხედავად, საგულისხმოა ის ეპიზოდები, სადაც მამები ერთგვარ მოსამზადებელ თერაპიაზე იკრიბებიან და შვილებთან ურთიერთობის ისტორიებს ყვებიან, საკუთარ გრძნობებს გამოხატავენ და უჩნდებათ ემპათია ერთმანეთის მიმართ. “შვილები” შეგვიძლია სამ ნაწილად დავყოთ, შეხვედრის, ცეკვის მოსამზადებელი პერიოდი, უშუალოდ საღამო და მოვლენები ამ ღონისძიების შემდეგ, როგორი ურთიერთობა ყალიბდება მათ შორის, რა ხდება, როცა მამები და შვილები ერთმანეთს ემშვიდობებიან და მომავალში, პენიტენციურ დაწესებულებებს ტოვებენ და მათთან კომუნიკაციის აღდგენას ცდილობენ.
ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია კამერა, რომელიც მოვლენებს შორიდან აკვირდება, ცდილობს ადამიანების პირად სივრცეში არ შეიჭრას და დისტანციურად დააკვირდეს მათ ყოველდღიურობას, ფიქრებს, გრძნობებს, რასაც ისინი გამოხატავენ. შესაბამისად, მაყურებელში არ ჩნდება განცდა, რომ რამე სპეციალურად ფილმისთვისაა შექმნილი თუ დადგმული, გოგოებიც, ბავშვები და ზრდასრული კაცებიც ბუნებრივად, გულწრფელად საუბრობენ საკუთარ განცდებზე.
“შვილების” პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმმა აშშ-ის საუკეთესო დოკუმენტური და ფესტივალის ფავორიტი ფილმის პრიზები მოიპოვა.
შვილები (Daughters)
აშშ, 2024
რეჟისორი: ანჯელა პატონი (Angela Patton), ნატალი რეი (Natalie Rae)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 47 წუთი