ემოციური დუალიზმი, ოდრი ნუნას მეორე ალბომი – “Trench”
მომღერალი ოდრი ნუნა 1992 წლის აპრილში, ნიუ-ჯერსიში დაიბადა, ის წარმოშობით კორეიდან არის, რაც დიდ ზეგავლენას ახდენს მის მუსიკალურ და კულტურულ იდენტობაზე. ოდრიმ ადრეული ასაკიდან მიიპყრო პროდიუსერების ყურადღება, როდესაც თავის ინსტაგრამ გვერდზე დაიწყო სხვადასხვა მუსიკალური ქავერების ატვირთვა. ნუნას მუსიკა ძალიან საინტერესო და მომხიბვლელია, ამასთან ერთად აღსანიშნავია მისი ვიზუალური მხარეც, იქნება ეს ვიდეო კლიპები თუ ალბომის გარეკანი.
2019 წელს მომღერალმა ამერიკულ ლეიბლ Arista Records-თან გააფორმა კონტრაქტი. 2021 წლის მაისში ამავე ლეიბლმა ნუნას სადებიუტო ალბომი – “A Liquid Breakfast,” 2024 წლის 18 ოქტომბერს კი მეორე სტუდიური ნამუშევარი – “trench” გამოუშვა.
ალბომი დაყოფილია ორ ნაწილად – “Soft Skin” და “Hard Feellings,” რომელიც მიმოიხილავს დუალიზმის თემებს – ძალასა და სისუსტეს, სიხისტესა და მგრძნობელობას და მათ თანაარსებობას სამყაროში. ჩანაწერი აერთიანებს ტრეპს, R&B-ის, პოპს, ჰიპ-ჰოპს და ძალიან საინტერესოდ ავსებს Drum & Bass-ისა და EDM-ის დეტალებით.
ოდრი ნუნა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისი შემოქმედება შთაგონებულია, როგორც 90-იანი წლების მუსიკით, ასევე თანამედროვე არტისტების ნამუშევრებით, როგორებიც არიან PinkPanthreress და Hudson Mohawke.
“Trench” თითქოს რაღაცით “A Liquid Breakfast”-ს ჰგავს, მაგრამ უფრო ბნელი, ინტენსიური, დახვეწილი და მრავალფეროვანია, რაც მუსიკოსის პიროვნულ ზრდას უსვამს ხაზს. კოპმოზიცია “Starving” ერთადერთი კოლაბორაციაა ალბომში, რომელიც ამერიკელ რეპერთან Teezo Touchdown-თან თანამშრომლობით ჩაიწერა.
“Mine” ცნობილი სიმღერის, “The Boy Is Mine”-ის, ალტერნატიული ვერსიაა, რომელსაც Brandy და Monica ასრულებენ. ნუნამ შეინარჩუნა კომპოზიციის ემოციური ტონი და ტექსტის მნიშვნელობა, თავისი უნიკალური სტილით შეავსო და მისი შესანიშნავი ინტერპრეტაცია შექმნა.
მთლიანობაში ალბომის ტემპი და ჟღერადობა ძალიან ორგანულია და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის, განსაკუთრებით კი კომპოზიციები – “Baby OG,” “Doggie Pound,” “2High” და “Mine.”
Album: Trench
Release date: October 18, 2024
Label: Parlophone Records Limited
Genre: Alternative