ღიმილი 2 (Smile 2) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ღიმილიანი ჰორორის სიქველი: დიდება წარმავალია, მაგრამ შიში რჩება

როცა გლობალური პოპ-სენსაცია სქაი რაილი ემზადება ახალი მსოფლიო ტურნეს დასაწყებად, ის უცნაურ, აუხსნელ და საშინელ მოვლენებს აწყდება. დიდების მზარდი საშინელებებითა და ზეწოლით გადატვირთული, მას მოუწევს დაუპირისპირდეს თავის ბნელ წარსულს, რათა დაიბრუნოს კონტროლი მის ცხოვრებაზე, სანამ ის მწყობრიდან არ გამოსულა. მთავარ როლებში: ნაომი სკოტი, კაილ გალნერი, როზმარი დეუიტი, ლუკას გეიჯი

ჰორორების თვე გრძელდება 2022 წლის Smile-ის სიქველით, რომელმაც რეჟისორ პარკე ფინს დიდი წარმატება მოუტანა: $17 მლნ ბიუჯეტით “ღიმილმა” $217 მლნ გამოიმუშავა კინოგაქირავებაში, მაყურებლისგანაც აღიარება მოიპოვა და უცნაურად საშიში მარკეტინგის კამპანიამ, სადაც ჩვეულებრივი გამვლელები საშიში ღიმილით თავზარს სცემდნენ გარშემომყოფებს – გაამართლა. სიქველის წარმოება და გადაღება 2023 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 17 ოქტომბერს შედგა. რას წარმოადგენს “ღიმილი?” Smile ფსიქოლოგიური საშინელებათა ფილმია ზებუნებრივის ელემენტებით სულზე ან არსებაზე, რომელიც პარაზიტივით იკვებება ტრავმაზე, დაუცველობაზე და ადამიანის სუსტ მხარეებზე, ემოციურად ჭამს, ანადგურებს ჰალუცინაციებით 6 დღის განმავლობაში თუ კი ეს უკანასკნელი სხვის სიკვდილს შეესწრო. როგორც კი პარაზიტი დანაყრდება და მზად არის სხვა მსხვერპლზე “გადახტეს,” ვირუსის მატარებელი ცდილობს გაერიოს ხალხში, მოიკლას თავი და ამ ხერხით “ღიმილის არსება” სხვა ადამიანზე გადავა. ეს ჯაჭვური რეაქცია კი დაუსრულებელია. მსგავსი ფორმულა უკვე გვინახავს ისეთ ფილმებში როგორიცაა It Follows და იაპონური Ringu, თუმცა “ღიმილი” ცდილობს გამოიყენოს ეს ფორმულა ორიგინალურად და კრეატიულად, ემოციებზე მკვებავი პარაზიტის მეშვეობით.

ეფექტური გახსნითი სცენით, რომელიც უწყვეტი კადრის ტექნიკით არის გადაღებული, იმედის მომცემად იწყება, თვალს ვადევნებთ ჯოელს, (კაილ გარნერი) პერსონაჟს წინა ფილმიდან, რომელიც ცდილობს “გადასდოს” თავისი ვირუსი ორ კრიმინალს, თუმცა გეგმა არც ისე იდეალურად წავიდა როგორც მას ეგონა: დაპირისპირება უფრო საშინელ სროლაში გადაიზარდა, ხოლო გამოქცეულ ჯოელს მანქანა კლავს. ამ ყველაფერს კი შეესწრება მცირე ნარკოტიკების დილერი – ლუისი. მეორე “ღიმილი” თვითმყოფადი ისტორიაა და არ საჭიროებს წინა ფილმის ნახვას ისტორიის გასაგებად, ვინაიდან აქაც, პარაზიტი იმავე სქემით “ნადირობს” და “იკვებება.” სიუჟეტის ცენტრშია პოპ-მომღერალი სქაი რაილი, რომელიც ერთი წლის შემდეგ, საშინელი ავტოკატასტროფის შემდეგ, სრულიად შეცვლილი, სუფთა ყველანაირი ნარკოტიკისგან და ალკოჰოლისგან – გადაწყვეტს დაუბრუნდეს სცენას და მსოფლიო ტურნე დაიწყოს. თუმცა საზიანო ნივთიერებებისგან გაქცევა არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა რაილისთვის, რადგან ის დრო და დრო ვიკოდინის ტაბლეტებს ყლაპავს. სწორედ მარაგის შესავსებად მიაკითხავს სქაი – ლუისს, სადაც მოხდება ენით აუწერელი ბრუტალური სცენა, სავსე სისხლით, პარანოიით და რათქმაუნდა პარაზიტის “გადახტომით” სქაის სხეულში.

“ღიმილი 2” წელს ალბათ უკვე მესამე ფილმია სადაც სიუჟეტის ცენტრში – პოპ ვარსკვლავია. დიდი დეკორაციები, თვალწარმტაცი შოუ ვნახეთ ამავე წლის Trap-ში და უშუალოდ პოპ ვარსკვლავის, ბოი-ბენდის ერთ-ერთი წევრის – ჰეიზის რომანტიული თავგადასავალი – რობინ ლის – The Idea of You-ში. მაგრამ “ღიმილი” ცდილობს დაგვანახოს როგორი რთულია მუსიკალური ინდუსტრია, რამხელა ემოციური ზეწოლა, სტრესი და უსიამოვნება მოჰყვება დიდებას და ცნობადობას. ამასთანავე ფილმში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა სანახაობრივ მუსიკალურ ნომრებს, რეპეტიციებს და ასევე დავაკვირდებით სქაის რუტინულ ცხოვრებას, სადაც მუდმივად ფიგურირებს შეხვედრები, ავტოგრაფები, ფოტოები ფანებთან, კონცერტი კონცერტის შემდეგ და სხვა. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ მთავარ გმირს ზევიდან ემატება “ემოციური პარაზიტი” რომელიც მის ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცევს. სავსე უწყინარი ჰალუცინაციებით, რომლებიც თავიდან მხოლოდ სარკეში ჩნდება და სქაის ბინის სხვადასხვა ადგილებში, ხოლო შემდეგ უკვე სახალხო სივრცეებში – “ღიმილი” შეეცდება შეაშინოს მაყურებელი სხვადასხვა ადგილას განთავსებული დამღლელი “ჯამფსქერებითა” და “სკრიმერებით,” რომელიც პირველად ეფექტურია, მაგრამ შემდეგ უკვე მოსაწყენი ხდება. მართალია, “ღიმილს” შეუძლია იამაყოს თავისი მომნუსხველი ატმოსფეროთი, განსაკუთრებით ჰალუცინაციებით, სადაც სქაი სხვადასხვა ინდივიდს ხედავს მანიაკალური, შემზარავი, მომღიმარი სახეებით, მაგრამ ფილმის პირველი ნახევარი საკმაოდ მოსაწყენია, ვინაიდან საინტერესო არაფერი ხდება და რაღაც დროის შემდეგ სქაის ვარსკვლავური რუტინის ცქერა – უინტერესო სანახაობად იქცევა.

სიქველი ცდილობს გააფართოვოს “ღიმილის არსების” სამყარო, მაგრამ ამის ნაცვლად ეს ისევ პირველი ნაწილის “გამეორება” გამოდის, ახალს არაფერს მატებს და გვეუბნება მხოლოდ იმას თუ როგორ შეიძლება ამ პარაზიტის შეჩერება მისტიური პერსონაჟის, მორისის ინსტრუქციებით. სქაი მუდმივ უარყოფაშია, ჯიუტობს, არ იჯერებს მომხდარს და ფიქრობს რომ ეს ყველაფერი სისულელეა, თუმცა საბოლოოდ მაინც იკრებს ძალას და სიმამაცეს რომ დაამარცხოს ეს ბოროტება ერთხელ და სამუდამოდ. გადაღებულია “ღიმილი” კომპეტენტურად, კარგად არის გამოყენებული სარკეები, შუშის ზედაპირები, რომლებიც ყველაფერს ირეკლავს და ჰქმნის შთაბეჭდილებას რომ მის მიღმა სხვა სამყაროა, ასევე შეხვდებით ინვერსიულ კადრებს, რომელიც აძლიერებს მთავარი პერსონაჟის სიგიჟეში ჩასვლის შეგრძნებას. სიუჟეტის მსვლელობისას, შეხვდებით როგორც საინტერესო, ისე სულელურ ტვისტებს, რომელსაც ნებისმიერი ჰორორის ფანი გამოიცნობდა. გარდა ამისა, რამდენიმე წუთიანი როლი აქვს ჯეკ ნიკოლსონის შვილს – რეის, რომელიც თავისი საშიში ღიმილით მსწრაფლ მოგაგონებთ “ნათების” ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენას. ხოლო “კივილის დედოფლებს” კიდევ ერთი მსახიობი შეემატა ნაომი სკოტის სახით – მშვენივრად უმკლავდება თავის დავალებას და კარგად წარმოაჩენს მთავარი გმირის ფსიქოზს და დელუზიას, და გვაჩვენებს როგორ ეშვება ნელ-ნელა მორალური ტერორისა და სიგიჟის ფსკერში, ამასთანავე ეფექტურად იგლეჯს თმას პანიკური ეპიზოდისას. თუკი პარკერ ფინი ცოტათი მოიკოჭლებს სასპენსის მოწოდებაში, ის არ უშინდება გრაფიკული, გროტესკული სცენების წარმოჩენას, ბრუტალური მკვლელობითა და სისხლის მდინარეებით. ხოლო “ღიმილიანი სახეების” ინვიდიდთა ჯგუფის ჩუმი “პანტომიმა” სქაის ბინაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა და სეგმენტი იქნება წელს.

სამწუხაროდ ორ საათიანი ქრონომეტრაჟისთვის “ღიმილი” ზედმეტად იწელება, დიდიხანი უნდება “გაიშალოს,” არ შველის აქა-იქ სტრატეგიულად განლაგებული საშიში “ილეთები,” არ გამოსდის სასპენსი, რასაც ვერ ფარავს ბოლომდე ატმოსფერო და დაძაბული ინტენსიურობა. რეჟისორი თითქოს ცდილობს საკმაოდ დიდიხანი ჩაეჭიდოს გლოვის თემას და სხვა თემატიკასაც მოედოს, მაგრამ ამის გამო თხრობა ზედმეტად ჭიანურდება, ხოლო ფინალი ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი რამეა რაც ოდესმე მინახავს, რომელიც სავარაუდოდ მცირე ნიადაგს ამზადებს მესამე ნაწილისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეორე ნაწილი ცოტათი უკეთესი გამოვიდა მის წინამორბედზე, კერძოდ კი “სისხლიანობის” დეპარტამენტში, გამოირჩევა რამდენიმე დასამახსოვრებელი სცენითა და უცნაური, მაგრამ საინტერესო კულმინაციით. ხოლო თუ მესამე ნაწილი გლობალურ ხასიათს მიიღებს და ვირუსს ეპიდემიად გადააქცევს, მაშინ “ღიმილს” აქვს მცირე პოტენციალი გადაიქცეს როგორც ტრილოგიად, ისე ფრენჩაიზად.

ღიმილი 2 (Smile 2)
აშშ, კანადა 2024
რეჟისორი: პარკერ ფინი (Parker Finn)

ხანგრძლივობა: 2 საათი და 12 წუთი

68/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
Dua Saleh – I Should Call Them

Dua Saleh – I Should Call Them

| სუდანელი არტისტის, დუა სალეს პირველი ალბომი სახელწოდებით "I SHOULD CALL THEM"

შემდეგი
Audrey Nuna – TRECNH

Audrey Nuna – TRECNH

ემოციური დუალიზმი, ოდრი ნუნას მეორე ალბომი – “Trench” მომღერალი ოდრი ნუნა

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share