ანა კენდრიკის პირველი ფილმი The Dating Game Killer – ის შესახებ
Woman of the Hour ნეტფლიქსის მორიგი ფილმია სერიულ მკვლელზე, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ანა კენდრიკის პირველი სარეჟისორო ნამუშევარი არა კონკრეტულად რაიმე ამბვასა თუ ადამიანზეა ფოკუსირებული, არამედ ქალზე, რომელიც მიზოგინურ საზოგადოებაში თავის გადარჩენას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მთავარი თემა გაუპატიურება და მკვლელობაა, ის, რის გარშემოც ვითარდება სიუჟეტი, რეჟისორი დისტანცირებულია ძალადობის ჩვენებისგან. აღნიშნულ სცენებს ხშირად შორიდან ვაკვირდებით, ფოტოაპარატის კამერიდან, მკვლელის მოქმედებებით, მაგრამ არასდროს ახლო ხედითა და პირდაპირი ჩვენებით როგორ აუპატიურებენ ან კლავენ ქალს.
ფილმი სერიული მკვლელის, როდნი ალკალას შესახებ გვიყვება, რომელიც 1978 წელს სატელევიზიო შოუ – The Dating Game-ში გამოჩნდა, თავი გამოიჩინა ინტელექტუალური, სხარტი პასუხებით და დაიმსახურა შერილთან (ანა კენდრიკი) პაემანი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ამოცნობა აუდიტორიიდან ერთ-ერთმა ქალმა, ლორამ შეძლო, რომელიც ამტკიცებდა, რომ მესამე მონაწილემ მისი მეგობარი მალიბუზე გააუპატიურა და მოკლა, მას არავინ მოუსმინა, მათ შორის არც თავისმა შეყვარებულმა, რითაც ცხადია ანა კენდრიკი იმ უნდობლობას გვაჩვენებს, რასაც, საზოგადოება, როგორც წესი ქალებს ახვედრებს.
ფილმში დარღვეულია ქრონოლოგია, თუმცა, იმდენად მსგავსია მეთოდები, რითაც როდნი ქალებს კლავს, რომ, თითქოს ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს. მთავარი იარაღი ფოტოკამერაა, საშუალება, რომელიც ადამიანებს აგრძნობინებს, რომ ვიღაცისთვის შესამჩნევები და საინტერესოები არიან. მზერა ფილმში მნიშვნელოვანია, ქალები თვალებით ანიშნებენ ერთმანეთს, რომ საფრთხეში არიან, ან პირიქით თავს არიდებენ ვიზუალურ კონტაქტს და რაც მთავარია იღიმიან გადარჩენისთვის. უკანასკნელი მსხვერპლი, რომელმაც გაქცევა შეძლო, სწორედ ღიმილით, კეთილგანწყობის გაჩენით გადარჩა და როდნი ალკალას მკვლელობებს წერტილი დაუსვა.
ფილმის მთავარი პერსონაჟები, როგორც ვთქვი, ქალები არიან, რომლებმაც უნდა გაიღიმონ. The Dating Game-ის მთავარი მოთხოვნაა, რომ მიწვეული სტუმარი მიმზიდველი, მომღიმარი და ნაკლებად ინტელექტუალი უნდა იყოს, თუმცა, ანა კენდრიკი შერილისთვის სხვა მახასიათებლებს ირჩევს, არღვევს წინასწარ დაწერილ სცენარს და კაცებს გაურკვევლობაში აყენებს, რადგან მათთვის წარმოუდგენელია ქალმა ისეთი კითხვები დასვას, როგორიც არის ფარდობითობის თეორია ან ახსენოს იმანუელ კანტი. შოუს ვიზაჟისტი შერილს ეუბნება, რომ მთავარი კითხვა მონაწილეების მიმართ – “which one of you will hurt me?” არის. “რომელი თქვენგანი მატკენს,” რაც ქალის მთავარი მოლოდინია იმ სამყაროში, სადაც არასდროსაა დაცული კაცის მხრიდან ძალადობისგან.
Woman of the Hour-ის პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ანა კენდრიკმა სწორი აქცენტების დასმით შეძლო როდნი ალკალას ისტორია საზოგადო ძალადობასა და მიზოგინიაზე სასაუბროდ გამოეყენებინა.
დღის გმირი ქალი (Woman of the Hour)
აშშ, 2024
რეჟისორი: ანა კენდრიკი (Anna Kendrick)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 35 წუთი