ვენომი: უკანასკნელი ცეკვა (Venom: The Last Dance) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ვენომი: უკანასკნელი ცეკვა (Venom: The Last Dance)

ქარიზმატული დუეტის სენტიმენტალური განშორება უცხოპლანეტელი სიმბიონტის ახალ ნაწილში

ედის და ვენომს, რომლებიც გაქცევაში არიან, ორივე სამყაროდან სდევნიან. როცა მდგომარეობა კიდევ უფრო იძაბება, მათ უწევთ გულისამაჩუყებელი არჩევანის გაკეთება, რაც შეიძლება მათი სიმბიონტური პარტნიორობის ტერმინაციით დასრულდეს. მთავარ როლებში: ტომ ჰარდი, ჯუნო ტემპლი, ალანა იუბაკი, ჩივეტელ ეჯიოფორი.

24 ოქტომბერს, ერთხმად “აღიარებული შედევრის” მესამე და სავარაუდოდ ბოლო ნაწილის (სახელიდან გამომდინარე) პრემიერა შედგა საქართველოს კინოთეატრებში. კომპანია სონი აგრძელებს სოლო ფილმების სერიას ანტიგმირებზე: აქამდე ვნახეთ “მორბიუსი,” “მადამ ვები,” და ვენომის ტრილოგიის შემდეგ კი “მონადირე კრეივენზეც” ვნახავთ ფილმს. რამდენად წარმატებულია თითოეული მათგანი ამაზე კრიტიკოსთა რევიუები და კინოგაქირავებაში დაწერილი ფული მეტყველებს. მესამე ნაწილის სიუჟეტი გრძელდება სწორედ იქიდან, საიდანაც მეორე, Let there be Carnage დასრულდა. ყოფილ ჟურნალისტ ედი ბროკს ადანაშაულებენ დეტექტივ მალიგანის მკვლელობაში და მასზე ძებნაა გამოცხადებული, ხოლო სიმბიონტით ინტერესდება ამერიკის საიდუმლო ორგანიზაცია, რომელსაც ამ უცხოპლანეტური სუბსტანციის დაჭერა და შესწავლა სურთ. მანამ, სანამ ტიტულარულ დუეტს ვნახავდეთ, “უკანასკნელი ცეკვა” გვაცნობს ვინმე Knull-ს, უფსკრულის მბრძანებელს, ჩარჩენილი ბნელ გამოქვაბულში, რომელიც ელოდება თავის შანსს ამოვიდეს ზევით და გაანადგუროს დედამიწა. Knull ფაქტიურად ვენომის და ზოგადად სიმბიონტების შემქმნელი და “მამაა.” დედამიწაზე ამოსასვლელად Knull-ს უნიკალური შანსი მიეცემა: ერთგვარი არტეფაქტი “კოდექსი,” რომელიც ვენომისა და ედი ბროკის სხეულშია. “კოდექსის” ასაღებად Knull გზავნის თავის ერთგულ მოსამსახურე ურჩხულს, ცნობილი როგორც ქსენოფაგი – ბრმა, დაუმარცხებელი, მაგრამ შეუძლია კილომეტრებიდან იგრძნოს და “დაინახოს” ეს არტეფაქტი, ერთგვარი სიუჟეტური “მაკგაფინი.”

ვენომს თურმე ბევრი რამ შეუძლია -წამიერი შეხება ნებისმიერ სულიერთან და ის მყისიერად იქცევა სიმბიონტ მუტანტად შავ/თეთრ ფერებში, იქნება ეს თევზი, ბაყაყი თუ ცხენი. დიახ, სწორად გაიგეთ – ფილმში არის სეგმენტი როცა ტიტულარული მონსტრი სიმბიონტის ცხენად “იქცევა” და ასე ცდილობს დაფაროს დიდი მანძილი, ედისთან ერთად. გარდა ამისა, ყველასათვის საყვარელი მუტანტი შვედური პოპ-ჯგუფის “აბბას” ფანიც ყოფილა და უპრობლემოდ მღერის Dancing Queen-ს მისის ჩენთან ერთად და ცეკვავს კიდეც. “უკანასკნელი ცეკვა” სავსეა ასეთი აბსურდული და კომედიური მომენტებით, თუმცა ფილმს აქვს ბალანსის პრობლემა და ვერ გადაუწყვეტია იყოს სერიოზული თუ ბოლომდე გადაეშვას კომედიურ თრეშსა და კიტჩში. The Last Dance-ის რეჟისორად კელი მარსელი მოგვევლინა, რომელიც მანამდე პირველი და მეორე ვენომის პროდიუსერ/სცენარისტი იყო. საბედნიეროდ, რეჟისორმა შეინარჩუნა წინა ორი ნაწილის სულელური ტონი.

მარსელმა მესამე ვენომში თითქოს ამერიკული როუდ-მუვის ატმოსფერო შემოგვთავაზა: ედი ბროკი და მისი ბოროტი ალტერ-ეგო მოგზაურობენ ოკეანიდან ოკეანემდე, ხოლო ეს ვოიაჟი სავსეა ფამილიარული სიმბიონტური სოუსით: იქნება ეს სხვადასხვა უცხოპლანეტური გამოხტომები, მთავარი გმირის კონფლიქტი თავის მოუსვენარ და ხულიგან “მეორე ნახევართან” თუ უბრალო, მაგრამ სახალისო მუსიკალური ნომრები. თავისი განწყობით “უკანასნელი ცეკვა” თითქოს ადრეული 2000-იანების კინემატოგრაფის ეპოქაში გვაბრუნებს: აბსურდული სიუჟეტი, არეული ტონალობა, საშუალო ციფრული სპეც-ეფექტები და არასერიოზული პერსონაჟები. სცენარი სამწუხაროდ ისევ მუხლებზეა დაწერილი (ვინ იფიქრებდა) და ფილმის განმავლობაში ნელ-ნელა იშლება ნაწილებად. ყოველ სახალისო, სანახაობრივ ექშენ სეგმენტზე, (გამოვყოფდი მცირეხნიან სცენას თვითმფრინავზე და სიმბიონტის “პარაშუტს”) რომელიც მალევე წყდება, მოდის მოსაწყენი, ერთფეროვანი ლაბორატორიის სცენები, სადაც რეალურად არაფერი საინტერესო არ ხდება, ისევე როგორც აქა-იქ მიმობნეულ “საბ პლოტებში.” (დამატებითი სიუჟეტური ხაზები) პერსონაჟებს არ აქვთ სიღრმე, არიან სტერეოტიპულები და არანაირ ემპათიას არ იწვევენ მაყურებელში. ჩვენს წინაშეა ამერიკელი სამხედრო ჯარისკაცი – რექს სტრიკლენდი (ჩივეტელ ეჯიოფორი) რომელსაც სურს ვენომის და ნებისმიერი სიმბიონტის განადგურება და დოქტორ ტედი პეინი, (ჯუნო ტემპლი) რექსისგან განსხვავებით, იგი შეპყრობილია ამ უცხოპლანეტელი სუბსტანციის შესწავლით. მარსელმა ასევე სცადა ემოციური მომენტის შემოტანა ჰიპების ოჯახის სახით, რომლებიც აკრძალული ტერიტორიის Area 51-ს მოსანახულებლად მიდიან, მაგრამ ასეთი “კალამბურის” ფონზე, სენტიმენტალური მომენტების სერიოზულად აღქმა რთულია, ისევე როგორც ტომ ჰარდის დაღლილი სახის ყურება, ჰავაის მაისურსა და შორტებში, რომელიც ფილმის მანძილზე ხშირად ჰკარგავს ფეხსაცმელებს.

ქსენოფაგი, რომელიც ჩვენს გმირებს მთელი ფილმის მანძილზე დასდევს, საინტერესო არსებაა. გაკეთებულია ეს ურჩხული ჩინებულად, რისთვისაც მადლობა VFX-ის გუნდს, გამოიყურება დინამიურად, საშიშია და ვერავინ ამარცხებს. წინააღმდეგობის შემთხვევაში ქსენოფაგი თავის მსხვერპლს ყლაპავს და მისგან მხოლოდ გადამუშავებული სისხლი გადმოდის გარეთ. ფილმის დასაწყისში ნაჩვენები Knull ფილმში თითქმის არ ფიგურირებს, არ არის დაკავშირებული სიუჟეტთან და უბრალოდ ფონისთვისაც კი არ არის. მისი გაცნობის რამდენიმე წამიანმა CGI სცენებმა შესაძლოა ვიდეოთამაშ Diablo-ს სინემატიური რგოლებიც კი მოგაგონოთ. ამ მხრივ “უკანასკნელ ცეკვაში” რაიმე სახის “მაღალი ფსონები” თითქმის არ არსებობს, რის გამოც სურათის რიტმის უმეტესი ნაწილი – მოწყენასა და ძილს იწვევს. ბევრი დიალოგი არაფერზე, გადაღეჭილი და ნაკლებად სასაცილო ხუმრობათა მიმოცვლა ვენომსა და ედის შორის, მათი სახალისო ქიმიის და ქარიზმის მიუხედავად, ზედმეტად ბევრი ინფორმაციის ექსპოზიცია მაყურებელს უჩენს სურვილს რომ პირველი საათნახევარი რაც შეიძლება მალე გადაახვიოს, რათა მიაღწიოს ბოლო, მესამე ნახევრამდე, სავსე ექშენით და ბევრი სხვადასხვა საინტერესო მომენტით. საინტერესოში მოიაზრება ქსენოფაგისა და ნაირ ნაირი სახის/ფერის სიმბიონტების შეტაკება: თქვენ ნახავთ როგორც მწვანე, ისე წითელ, ყავისფერ მუტანტებს მათი სახასიათო შესაძლებლობებით. ამდენი ექშენის ფონზე, რომელშიც თითქოს სცენარისტებმა ბოლო წამს “შეყარეს” ყველაფერი, რომ რაც შეიძლება ბევრი მოესწროთ და ამასთანავე ბოლომდე გამოეყენებინათ PG-13 რეიტინგი (ერთ-ერთ სცენაში მსუნაგი ვენომი თავებსაც კი აჭამს მოწინააღმდეგეებს) – ფინალური, ემოციური და სენტიმენტალური მომენტები უცნაურად გამოიყურება, რომელიც ცალსახად უადგილოა, მაგრამ იქმნება ისეთი განწყობა რომ ამდენი ფილმის მანძილზე, ჩვენ, მაყურებელს თითქოს გვიჭირს განშორება ამ ტიტულარულ დუეტთან.

საწყენია, რომ ასეთი დონის მსახიობები როგორიცაა სტივენ გრეჰემი, ჩივეტელ ეჯიოფორი, ჯუნო ტემპლი და თითქმის გამქრალი რაის იფანსის მოცდენა ასეთი საშუალო დონის ფილმისთვის, მაგრამ იმ ყველაფრის ფონზე, რაც ბოლო დროს სონიმ შემოგვთავაზა, “უკანასკნელი ცეკვა” ბევრად უკეთესია ვიდრე წინა ორი ნაწილი და რაღაც მხრივ ზემოთხსენებულ “მორბიუსსა” და “მადამ ვებს” სჯობს. თანაც, მუსიკალური ნომრები აქ ბევრად უფრო სახალისო საყურებელია ვიდრე ჯოკერის მეორე ნაწილში. კლიშეებითა და შტამპებით გატენილი The Last Dance არ მალავს თავის დამოკიდებულებას, იცის რაც არის, მაყურებელმაც იცის რაზეც მიდის და ეს ისევ მორიგი “ცოტახნით გამორთე ტვინის” კატეგორიის ფილმია, რომელიც ცალსახად გასართობიცაა და ამავედროს ცუდიც. იმათთვის, ვისაც წინა ორი ვენომიც მოეწონა, მაშინ “უკანასკნელი ცეკვაც” არ იქნება გამონაკლისი, ხოლო სხვა დანარჩენითვის ედისა და სიმბიონტის ტანდემი შესაძლოა მონოტონური, უღიმღამო კომედიური როუდ-მუვი აღმოჩნდეს. არათანმიმდევრული სცენარის და სიუჟეტის გამო The Last Dance ვერ კრავს სიმბიონტის ტრილოგიას ნორმალურად და დაცლილია ყოველგვარი ემოციის ან სენტიმენტისგან. სხვათაშორის, ფილმის დასასრულ, იქნება ორი post-credit სცენა, ერთი მნიშვნელოვანი, ხოლო მეორე ნაკლებად, ასე რომ დარჩით ტიტრების ბოლომდე, თუ კი რათქმაუნდა ამის სურვილი გექნებათ. საბოლოო ჯამში “უკანასკნელი ცეკვის” ნახვა ერთხელ შეიძლება, მაგრამ ფილმი საშინლად დავიწყებადია, ერთჯერადი და ცარიელი.

ვენომი: უკანასკნელი ცეკვა (Venom: The Last Dance)
აშშ, დიდი ბრიტანეთი, მექსიკა, 2024
რეჟისორი: კელი მარსელი (Kelly Marcel)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 50 წუთი

49/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
სიყვარულის ბუნება (The Nature of Love)

სიყვარულის ბუნება (The Nature of Love)

| მონია ჩოკრის ფრანგულენოვანი ფილმი - სიყვარულის ფილოსოფიური გააზრება

შემდეგი
Tyler, The Creator – CHROMAKOPIA

Tyler, The Creator – CHROMAKOPIA

| ტაილერის ახალი პერსონაჟი და მოულოდნელი მერვე ალბომი - "CHROMAKOPIA"

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share