ტაილერის ახალი პერსონაჟი და მოულოდნელი მერვე ალბომი – “CHROMAKOPIA”
ამერიკელი რეპერისა და პროდიუსერის მერვე სტუდიური ჩანაწერი – “CHROMAKOPIA” Columbia Records-მა 28 ოქტომბერს გამოუშვა.
ალბომის ოფიციალურ გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მისი მოსმენის ღონისძიება ლოს-ანჯელესში, “intuit dome”-ში გაიმართა, რომელზე დასასწრები ბილეთი 5 დოლარი ღირდა. ამ სიმბოლური ფასით, ტაილერმა ერთგვარი პატივისცემა გამოხატა გულშემატკივრების მიმართ და მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა ივენთზე მოხვედრა. საინეტერსოა, რომ ტაილერი არ ასრულებდა ცოცხლად, ის იდგა სცენაზე ნიღბითა და სამხედრო ტანსაცმლით და “ლიფსინქით” აცნობდა მსმენელს ახალ ალბომს.
ალბომმა ექსპერიმენტული და მჭიდროდ აწყობილი კომპოზიციების გამო კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ნამუშევრები ძლიერი და შთამბეჭდავია, როგორც ლირიკულად, ასევე მუსიკალურად, ინტენსიური ბიტებითა და რბილი მელოდიებით დატვირთული – ჯაზის, ნეო-სოულის, ჰიპ-ჰოპისა, R&B-ისა და ელექტრონული მუსიკის ელემენტებით.
ჩანაწერი ეფუძნება ცხოვრებისეულ მოგზაურობას, ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა – პიროვნული განვითარება, ამბიციები, იდენტობა, თავდაჯერებულობა, მარტოობა და სიყვარული. ტაილერი ღიად საუბრობს მამის არყოფნაზე და დედაზე, რომელმაც დიდი ზეგავლენა იქონია მასზე და მის შეხედულებებზე.
უნიკალური, არაპროგნოზირებადი, სარკასტული და ამავდროულად ღრმად შეგნებული, მუდმივად ცვალებადი ტაილერი აღნიშნავს, რომ ალბომი შთაგონებულია მისი განახლებული ხედვითა და ემოციური სიმწიფით.
“CHROMAKOPIA”-ში მოისმენთ საინტერესო კოლაბორაცებს ისეთ არტისტებთან როგორებიც არიან – Daniel Caesar, Teezo Touchdown, LaToya Williams, GloRilla, Lil Wayne, Lola Young და სხვა. სიმღერაში “Noid” გამოყენებულია 70-იან წლებში დაარსებული, ზამბიური როკ ჯგუფის “Ngozy Family”-ის ვოკალური ნიმუში.
ალბომი იმდენად კოპმლექსური და საინტერესოა რომ რთულია გამოარჩიო საუკეთესო კომპოზიციები, თუმცა “St.Chroma”, “Noid”, “Sticky”, “Tomorrow” და “Drling,I” ყველაზე მომხიბვლელი და მრავალფეროვანია.
Album: CHROMAKOPIA
Release date: October 28, 2024
Label: Columbia Records
Genre: Hip-Hop/Rap