რაც ხდება ვეგასში, რჩება ვეგასში: კონკიას ტრაგიკომედიური ზღაპარი შონ ბეიკერის ახალ ფილმში
ანორა, სექს-მუშაკი ბრუკლინიდან, იღებს შანსს, რომ მისი ცხოვრება “კონკიას ზღაპარში” გადაიზარდოს, როდესაც ხვდება და ქორწინდება ერთ-ერთი გავლენიან, რუს ოლიგარქის შვილზე. როგორც კი ეს ამბავი რუსეთში ჩადის, წყვილის იდილია საფრთხის წინაშე დგება, რადგან ბიჭის მშობლები ნიუ-იორკში მიემგზავრებიან, რათა ქორწინება გააუქმონ. მთავარ როლებში: მაიკი მედისონი, მარკ ეიდელშტეინი, ლინდსი ნორმინგტონი, იური ბორისოვი, დარია ეკამასოვა, ვაჩე ტოვმასიანი და კარენ კარაგულიანი.
“ანორას” პრემიერა კანის 77-ე კინოფესტივალზე შედგა 21 მაისს, სადაც მოიგო “ოქროს პალმა,” პირველი ამერიკული ფილმი 2011 წლის Tree of Life-ის შემდეგ, რომელმაც ასეთი რამ მოახერხა. ოფიციალურად, მსოფლიო მასშტაბით, Anora კინოთეატრებში 18 ოქტომბერს გამოვიდა, ხოლო ჩვენამდე მხოლოდ 31 ოქტომბერს ჩამოაღწია. შეიძლება ითქვას რომ, შონ ბეიკერი სექს-მუშაკებისთვის აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა მარტინ სკორსეზე განგსტერებისთვის. რეჟისორმა თითქოს რაღაც სპეციფიური ნიშა დაიჭირა და ამ ნიშის ირგვლივ გვთავაზობს სხვადასხვა ისტორიებს, სავსე ემოციებითა და სახალისო, მაგრამ ამავედროს სევდიანი თავგადასავლებით. ბეიკერი უშიშრად ჩადის სოციალური ფსკერის ბოლოში, და მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებს იპოვოს ესა თუ ის საინტერესო პერსონაჟი, რომლებიც თავისი “შეცდომებითა” და “დაცემებით” ცდილობენ დატკბნენ ცხოვრებით. შონმა ეს მოახერხა 2015 წლის ჩინებულ Tangerine-ში, სადაც ერთი საშობაო ღამის განმავლობაში გაგვაცნო ტრანს-მეძავი სინდის რთული ცხოვრება. ან თუნდაც 2021 წლის Red Rocket-ში, სადაც ყოფილი პორნო ვარსკვლავი ბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქში, იმის იმედით რომ რაღაცეებს გამოასწორებდა და ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დაიწყებდა, თუმცა დიდად მისი “დაბრუნება” არავის გაუხარდა. ამჯერად კი, ბეიკერი გვიყვება ანორა “ენი” მიხეევაზე, ახალგაზრდა სტრიპტიზიორზე, რომელიც ბრაიტონ ბიჩზე, ბრუკლინის რუსულად-მოლაპარაკე სამეზობლოში ცხოვრობს. ენი თავის სამუშაოს მშვენივრად უმკლავდება, თუმცა ბოლომდე მაინც არ არის კმაყოფილი თავისი ცხოვრებით, ბევრს ოცნებობს და ცდილობს გამოსავლის პოვნას.
პირველივე წუთებიდან “ანორა” ძირავს მაყურებელს სტრიპტიზ კლუბის ვულგარულ, გულწრფელ ატმოსფეროში, ნეონის განათებებში გაჟღენთილ ლამაზ ეროტიულ კადრებით,და ვუყურებთ უძველესი პროფესიის წარმომადგენლების არც თუ ისე მარტივ ცხოვრებას. ყველაფერი მიდის ნორმალურად, სანამ სურათში არ შემოდის ახალი პერსონაჟი, საკმაოდ “იშვიათი” სახელით – ივან ზახაროვი (მარკ ეიდელშტეინი) მდიდარი, “გაფუჭებული,” ინფანტილური ბიჭუნა, რომელიც მსგავს დაწესებულებაში უბრალოდ გასართობად შემოვიდა. ივანი, ან უბრალოდ ვანია, გაცნობის პირველივე წამებიდან ზიზღს იწვევს, თავისი “ფეხებზე მკიდია” დამოკიდებულებით ყველაფრის მიმართ, თუმცა მალევე “ატყვევებს”ანორას და ხდება მისი “ექსკლუზიური გოგონა.” შეიძლება ეს ვანიას “ზუმერული” შარმითაც მოხდა. სიყვარულს ფულით ვერ იყიდიო, ამბობენ, თუმცა ანორას შემთხვევაში ეს ასე არ არის. ვანიას ფულით და ქარიზმით დაბრმავებულ გოგონას ეს სულელი, მაგრამ მდიდარი ბიჭი ნელ-ნელა უყვარდება და მზად არის სამუდამო სიყვარულიც შეფიცოს, რაც სხვათაშორის სპონტანურად ხდება ვეგასში, სადაც წყვილი ერთკვირიანი “გულაობის” შემდეგ ქორწინდება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ანორასა და ვანიას შეხმატკბილებული იდილიის ამბები ამ უკანასკნელის მშობლებამდეც ჩადის, რაც პრობლემას წარმოადგენს. დაუშვებელია გავლენიანი ოლირგაქის შვილმა მოიყვანოს ცოლი, თანაც სექს-მუშაკი, რაზეც ფაქტიურად ყოველი მეორე ჟურნალი ან გაზეთი წერს. ივანის მშობლები ცხადია ამ ყველაფერს ისე არ დატოვებენ, წყვილთან გზავნიან “სპეციალურ” ხალხს, იგორსა და გარნიკს, რათა ამ ამბავმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, ხოლო თვალყურს ამ “სპეცოპერაციას” ადევნებს ტოროსი, ზახაროვების “მარჯვენა ხელი” და მინდობილი პირი.
თუ თქვენ გეგონათ რომ, ახალგაზრდა ვანია თავის “უმანკო,” ახლად აღმოჩენილ სიყვარულს ბოლო ამოსუნთქვამდე დაიცავდა და განდევნიდა ამ ორ ინდივიდს, მაშინ ცდებით. ჩვენმა მდიდარმა ბიჭუნამ მალევე მოჰკურცხლა პირველივე წამში, როგორც კი იგრძნო რომ სიტუაციამ არასახარბიელო ხასიათი მიიღო. ამასობაში, ნაივური ენი “უპირისპირდება” ტოროს, იგორს და გარნიკს, იცავს თავის “სიყვარულს,” “გრძნობებს” და რაღათქმაუნდა “ღირსებას,”, ასევე ამტკიცებს რომ ვანია ისეთი არაა როგორიც მათ ჰგონიათ. დაპირისპირება კი მოიაზრებს ყელში კბენას, ცემა-ტყეპას, დაბმას და გარნიკის ცხვირის გატეხვას. ამ სეგმენტში არის ერთ-ერთ სახალისო სცენა, სადაც ფრუსტრირებული და ტკივილით გაწამებული გარნიკი ეძებს რაიმე ცივს, ჭრილობაზე დასადებად და ვერ პოულობს, კითხულობს – “ნუთუ მდიდრებს ყინულები არ აქვთ?”, რის შემდეგაც გაყინული პელმენების შეკვრას პოულობს და უყოყმანოდ იდებს გატეხილ ცხვირზე. ასეთ სცენებს “ანორაში” ხშირად შეხვდებით, რადგან მეორე ნახევარი ფილმისა უკვე იზრდება კომედიაში, “სლეპსტიკში” და თუკი პირველი ნახევარი სავსე იყო რომანტიზმითა და ლირიციზმით თუ როგორი ტკბილია ცხოვრება, მაშინ მოემზადეთ აბსურდით და ფრუსტრაციით სავსე მეორე ნახევრისთვის, რამაც შესაძლოა მოგაგონოთ Hangover-ის სერიები ან მსგავსი კრიმინალური კომედიები.
მიუხედავად იმისა, რომ “ანორა” მოგვითხრობს სექს-მუშაკის ისტორიას, რომელიც ცდილობს მძიმე და დაუნდობელ სამყაროში საკუთარი გზა იპოვოს და მალევე ხვდება (რუსულ გამოთქმას რომ დავესესხოთ) “из грязи в князи” სიტუაციაში, ფილმში სრულიად არ იგრძნობა ქალების, უძველესი პროფესიის წარმომადგენლების განსჯა ან განკიცხვა. მთავარი გმირი ენი, ისეთივე გარემოებათა ტყვეა, როგორც ფილმის სხვა პერსონაჟები: ოქროს ბიჭი, მდიდარი “ბურატინო” ივანი, მისი მშობლების სანდო პირები, მეურვე სომხები და თავმდაბალი მაგრამ კეთილი რუსი მცველი იგორი, (იურა ბორისოვი) რომელზეც ეგრევე გამახსენდა რაიან გოსლინგის უსახელო მძღოლი Drive-დან, თავისი strong, silent type პათოსით. ბეიკერის ფილმში ყველა გმირი საოცრად ცოცხალია – ისინი მუდმივად ხვდებიან უხერხულ სიტუაციებში (სადაც გულწრფელად და ბუნებრივად მოქმედებენ), წყვეტენ პრობლემებს, რომელთა ფესვები მდიდარი მშობლების მხრიდან შვილის აღზრდისადმი დროის გამოყოფის სურვილის უქონლობაშია. ქაოტური რიტმის და ცოტა კლაუსტროფობიული ატმოსფეროს გათვალისწინებით, Uncut Gems-ის სტილში, პერსონაჟები ფილმის რიტმთან ერთად იცვლებიან, ეს რიტმი კი “ანორას” ერთგვარ გამორჩეულობას ანიჭებს: სხვა სათავგადასავლო კომედიებისა და მძაფრსიუჟეტიანი ფილმებისგან განსხვავებით, აქ არ არის ხანგრძლივი საუბრები მორალურ ღირებულებებზე, ან სიმბოლური მინიშნებები, რადგან ყველაფერი ცხადად იკითხება.
“ანორას” კიდევ ერთი გამორჩეული ელემენტი ან სულაც “კოზირი” მის იდეალურ კასტინგშია, სადაც თითოეული მსახიობი უნიკალურობას და სიცოცხლეს ანიჭებს თავიანთ როლს. მარკ ედელშტეინი იდეალურად ერგება განებივრებული, ფულის მფლანგველი ივანის როლს, რომელიც თავის უდარდელი ხასიათით იწვევს ერთდროულად ზიზღსა და ხალისს. ამავდროულად, იური ბორისოვი კარგად ანსახიერებს კვინტენსეციურ, რუსული მელანქოლიისა და ტკივილის კლასიკურ სახეს – იგორის პერსონაჟში საინტერესოდ იკვეთება ერთმანეთში მკაცრი ე.წ. tough guy იუმორი და ემოციური სიღრმე, რაც ქმნის ფიგურას, რომელიც ასახავს იგორის ერთგულებასა და ლტოლვას, ერთი შეხედვით “მაგარ” “გოპნიკს,” ფარული რბილი მხარით. იგორის (სხვათაშორის, ჭკვიანური ხუმრობა “ფრანკენშტეინზე,” კინომანებისთვის) თვალთახედვით ჩვენ განვიცდით სიურეალისტურ მოგზაურობას, რომელიც სავსეა იუმორითა და წყნარი ინტროსპეტივით, რადგან ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თავის ადგილს ამ ტრანზაქციულ სამყაროში და აინტერესებს: “როგორ აღმოვჩნდი აქ?” “ანორაში” ასევე ვხვდებით შონ ბეიკერის მუდმივ მსახიობს კარენ კარაგულიანს, (ნათამაშები აქვს Tangerine-ში, Red Rocket-ში, The Florida Project-ში) რომელიც თავისი ფრუსტრაციებით თითქმის ყოველ სცენას “იპარავს” იქნება ეს უხერხული, კომიკური გაქცევა ეკლესიიდან ნათლობის დროს თუ მოგვიანებით სცენაში, კერძოდ კი ბარში, სადაც ის სასაცილოდ ლაპარაკობს საზოგადოების მორალურ ხრწნაზე. ხანმოკლე, ეპიზოდურ როლებში ჩნდებიან ისეთი მსახიობები როგორიც არის: ალექსეი სერებრიაკოვი და ეკატერინა ეკამასოვა, შემოაქვთ გარკვეული შარმი და გავლენა: ალექსეის გულწრფელი “ჩაბჟირება,” სიცილი და ეკამასოვას სასტიკი ბიზნესვუმენის ქარიზმა ამდიდრებს ფილმის დინამიურ ატმოსფეროს. არ შეიძლება დავივიწყოთ ვაჩე თოვმასიანის პერსონაჟიც, თავისი შფოთვითა და ეპიკური მომენტებით.
მაგრამ ნამდვილი ვარსკლავი ფილმისა – მაიკი მედისონია, რომელიც აქამდე ორჯერ “შებრაწეს” რამდენიმე ფილმში. პირველად კვენტინ ტარანტინოს “ერთხელ ჰოლივუდში” და მეორედ – “კივილის” მეხუთე ნაწილში. მაიკი ანორას როლში შეუდარებელ ხიბლსა და გამძლეობას ავლენს. მედისონის “ანორა” ოსტატურად “საუბრობს” რუსულად, იყენებს თავის სხეულს და მისი პერსონაჟი ასახავს ერთგვარ რთულ, ქუჩის დაუცველობას. Anora-ს ამბავი შეიძლება ითქვას, “კონტრასტული კონკიაა,” რომელიც სხვა, ირონიული რაკურსით აღბეჭდავს თანამედროვე ზღაპარს – ისეთს, სადაც არ არსებობს თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი, ან სულაც რომანტიკოსი რიჩარდ გირი. მაიკი მედისონის პერფორმანსით, ანორა ხატია რთული და დაუცველი სამყაროსი, რომელიც ფილმის სულს ასახავს. ენის და იგორს შორის ურთიერთობა, ფარული და ამავდროულად ღრმა კავშირია. მათი ურთიერთქმედება, გამოირჩეული მშვიდი ჟესტებითა და ყოყმანით სავსე მზერით, მიანიშნებს ფარულ, გამოუთქმელ კავშირზე, რომელიც ფილმის ყველაზე მტკივნეულ, გულისამაჩუყებელ მომენტით გვირგვინდება.
შონ ბეიკერის სიღრმისეული რეჟისურით, “ანორა” ყოველ კადრში სავსეა ემოციით, გულწრფელობით, ავთენტურობით და ბუნებრივობით. კინემატოგრაფია, მონტაჟი, ხმის დიზაინი და სამსახიობო შესრულება ერთმანეთს ერწყმის, ქმნის ვიზუალურად და ემოციურად შთამაგონებელ ფილმს, სავსე ფერებით, ეროტიული დაძაბულობით, ახალგაზრდული ჯანყით და სუფთა გრძნობებით. “ანორა” დაახლოებით ამერიკულ ატრაქციონივითაა: ერთდროულად მღელვარე, დამღლელი მოგზაურობა, სადაც სიცილი, ხალისი მსწრაფლ შეიცვლება სევდითა და ცრემლით. ცხადია, ფილმში ბევრ სტერეოტიპულ სახეს შეხვდებით, მაგრამ ეს ფილმს ჩემი აზრით უფრო მეტ ხიბლს სძენს, ვიდრე ვულგარულობას, თუ მის სატირულ ხასიათს გავითვალისწინებთ. ვფიქრობ, ამერიკული და რუსული კულტურის სინთეზი საინტერესოდ და ავთენტურად შედგა. “ანორა” შეიძლება Tangerine-ს ლოგიკურ გაგრძელებად ჩაითვალოს: უფრო მასშტაბური, მასიური და მდიდარი. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ევროპასა და ამერიკას თითქოს ენატრება “რუსული წვეულებები” ლეგენდარული დუეტის “ტატუს” all the things she said-ის ფონზე. ნებისმიერ შემთხვევაში, “ანორას” ყურება ერთმნიშვნელოვნად ღირს. მათთვის, ვინც მზად არის მიიღოს კაპიტალიზმის ეპოქის ბნელი ზღაპრის სიმკაცრე და რომანტიკა.
ანორა (Anora)
აშშ, 2024
რეჟისორი: შონ ბეიკერი (Sean Baker)
ხანგრძლივობა: 2 საათი და 20 წუთი