The Cure - Songs of a Lost World - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

The Cure და “დაკარგული სამყაროს სიმღერები”

თითქმის 17 წლიანი შესვენების შემდეგ ბრიტანული როჯ-ჯგუფის The Cure-ის მეთოთხმეტე სტუდიური ალბომი Polydor Records-მა 1-ელ ნოემბერს გამოუშვა. ჩანაწერი სახელწოდებით „Songs of a Lost World“ ეხება დანაკარგს, ადამიანურ გამოცდილებებს, ტკივილსა და გაუცხოებას სამყაროს მიმართ, რომელიც ხშირად ცივი და უსამართლოა. ბენდის ვოკალისტის და კომპოზიტორის, რობერტ სმიტის ხმა ისეთივე დასამახსოვრებელი, გულწრფელი და ემოციურია, როგორიც ჯგუფის აქტიური მოღვაწეობის პერიოდში. 70-იან წლებში დაარსებული ჯგუფი, რომელიც, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელია, ათწლეულების მანძილზე ქმნიდა მუსიკას, რამაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მსმენელზე და გახდა შთაგონების წყარო უამრავი სხვადასხვა მუსიკოსისთვის.

სმიტი აღნიშნავს, რომ „Songs of a Lost World“ მოიცავს ისეთ იდეებს, ფიქრებსა და განცდებს, რომელთა გაზიარება მას დიდი ხნის განმავლობაში სურდა.

ალბომის პირველი კომპოზიცია „Alone“ თავისი შინაარსითა და სმიტის ეთერული ვოკალით ქმნის ამაღელვებელ და ემოციურ ატმოსფეროს. „And Nothing is Forever“-ში იგრძნობა ჯგუფის განსაკუთრებული უნარი, თანაბრად გამოხატოს სევდა, სიმშვიდე, ნოსტალგია და შეგვახსენოს, რომ მარადიული არაფერია . „A Fragile Thing“ სინთეზატორების მშვიდი ფონით გვიყვება სიყვარულზე და იმ მტკივნეულ მხარეებზე, რაც მას თან ახლავს. სიმღერა „Warsong“ ინტენსიურ, დამუხტულ და დრამატულ ატმოსფეროს ქმნის. კომპოზიცია „Drone: Nodrone“–ში დომინირებს ელექტრო გიტარის ხმა, რომელიც, თითქოს, მინიმალისტურ და ჰიპნოტურ გარემოს ქმნის. „I Can Never Say Goodbye“ დანაკარგზეა, რაც ყველას გამოგვიცდია და ჩვენს მეხსიერებაში იმ ადამიანების მუდმივ არსებობას ეხება, რომლებიც აღარ არიან. სიმღერა „All I Ever Am“ უფრო მძაფრად გვაფიქრებს ინტროსპექციაზე და გვაგრძნობინებს როგორი ხანგრძლივი და რთული პროცესია საკუთარი თავის პოვნა.

ჩანაწერის ბოლო, ყველაზე გრძელი კომპოზიცია „Endsong“ ერთგვარი შეჯამებაა, ძლიერი და გამამხნევებელი დასასრულით, რომელიც აერთიანებს „The Cure“-ის ხანგრძლივ და ღირებულ მუსიკალურ მემკვიდრეობასა და გამოცდილებას. მთლიანობაში, ალბომი „Songs of a Lost World“ ბენდის ფესვებთან, მათ თავისებურ, ინტროვერტულ და მელანქოლიურ ჟღერადობასთან დაბრუნებას ჰგავს.

Album: Songs of a Lost World
Release date: November 1, 2024
Label: Lost Music Limited
Genre: Gothic rock

Total
0
Shares
წინა
თელმა (Thelma)

თელმა (Thelma)

| 94 წლის ჯუნ სქუიბი ჯოშ მორგოლინის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში

შემდეგი
Underworld – Strawberry Hotel

Underworld – Strawberry Hotel

| Album: Strawberry Hotel

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share