დროში მოგზაურობა – თინეიჯერი გოგოს შეხვედრა საკუთარი თავის 39 წლის ვერსიასთან, რომელთანაც ბევრი კითხვა აქვს
My Old Ass მეგან პარკის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია The Fallout-ის შემდეგ, რომელიც პოსტ-ტრავმულ სტრესთან გამკლავებასა და მის შედეგებზეა, როგორ ცვლის სკოლის მოსწავლის, ვადას ცხოვრებას ტრაგიკული შემთხვევა. My Old Ass ძველი ნამუშევრისგან განსხვავებით “coming-of-age” კომედიაა, სადაც მთავარი პერსონაჟი 39 წლის საკუთარ თავს ხვდება, თუმცა მათი გადაკვეთა კარიკატურული ან დიდაქტიკური არ არის, როგორც ამ სტილის ფილმებში ხდება ხოლმე.
ელიოტი (Maisy Stella) თავის მე-18 დაბადების დღეზე მეგობრებთან ერთად ჰალუცინოგენს იღებს, რა დროსაც ხვდება 39 წლის ქალს (Aubrey Plaza), რომელიც ფიზიკურად მისგან სრულიად განსხვავებულია, თუმცა, ირწმუნება, რომ ელიოტია 20 წლის შემდეგ, მისნაირი ნაიარევები აქვს, იცის ბავშვობის ისტორიები და რაც მთავარია, რა მოხდება მომავალში, ყველაფერი, რაც “თრიფიდან” გამოსვლის შემდეგ მთავარმა პერსონაჟმა უნდა გაიაროს. მათ შორის დიალოგი სტანდარტულია, ის, რაზეც ნებისმიერ ადამიანს უფიქრია საკუთარ თავთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, წლების წინ ან შემდეგ, კითხვები პროფესიულ და პირად ცხოვრებაზე. მაშინ როცა ახალგაზრდა ელიოტი ენერგიით აღსავსე და მოტივირებულია, ცნობისმოყვარეობითა და იმედით ელის ტორონტოში გადასვლასა და სწავლას, მისი ზრდასრული ვერსია დეპრესიული, სიტყვაძუნწი და სევდიანი ჩანს. მნიშვნელოვანია, რომ მან ზედმეტი არაფერი უნდა თქვას, მხოლოდ მარტივ რჩევებს იძლევა, მეტი დრო გაატაროს დედასთან და ოჯახის სხვა წევრებთან და რაც მთავარია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს ადამიანი სახელად “ჩადი.”
ამ ინფორმაციით ელიოტი გაკვირვებულია, დარწმუნებულია, რომ ლესბოსელია და ამოუცნობია მისთვის, ამხელა გავლენა როგორ უნდა მოეხდინა მის ცხოვრებაზე ჩადს. რასაკვირველია, ბიჭს მალევე ვხვდებით და მისი ყოველი გამოჩენა მაყურებლისთვისაც და მთავარი პერსონაჟისთვისაც საფრთხის შემცველია, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს აფუჭებს. რამდენიმედღიანი დისტანციის შემდეგ ელიოტი ხვდება, რომ ჩადს ვერც ფიზიკურად და ვერც გონებიდან ვერ იშორებს. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი მომავალი ვიცით თუ არა, არის რაღაცები, რასაც მაინც ვაკეთებთ, ზოგჯერ ინტერესით, ზოგჯერ წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, ზოგჯერ კი იმიტომ, რომ ახალგაზრდები, თავქარიანები და სულელები ვართ,
“ეგოისტურად, ალბათ, დროის სვლით გამოწვეულ სევდასთან გამკლავება მინდოდა. უცნაურია, რომ ფილმის გადაღების დროს აღმოვაჩინე, რომ ეს ზრდასრული ელიოტის ფილმი და მისი მესიჯია, გაკვეთილია, რომელსაც ახალგაზრდა ელიოტისგან სწავლობს,” – ამბობს მეგან პარკი. ფილმის დასარული ტკბილ-მწარეა, თუმცა, როგორც რეჟისორი აღნიშნავს, გაკვეთილი ნასწავლია, ზოგჯერ ჩვენს იმპულსურ თავებს უნდა მოვუსმინოთ და შევქმნათ ცხოვრება, რომელიც სახიფათოა და გულს გვატკენს, თუმცა, ჩვენი გასავლელია და ამით ვიღებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას.
ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. მეგან პარკი საინტერესოდ აბალანსებს ჟანრებსა და განწყობებს, იყენებს პოპ-კულტურის დასამახსოვრებელ მომენტებსა და კანადურ მუსიკას და ქმნის საერთო ემოციას, რომელიც ნოსტალგიასთან ერთად სიხარულითა და იმედით ავსებს მაყურებელს.
My Old Ass
აშშ, 2024
რეჟისორი: მეგან პარკი (Megan Park)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 29 წუთი