კვენტინ დეპიუს კრიტიკა კინოინდუსტრიის მიმართ
Smoking Causes Coughing-ისა და Yannick-ის შემდეგ The Second Act მესამე ფილმია, რომელზეც კვენტინ დეპიუ და რაფაელ კენარი ერთად მუშაობენ. რეჟისორისთვის ჩვეული საკრაზმი, აბსურდი, ირონია და სოციალური კომენტარები, არც The Second Act-ისთვისაა უცხო.
სიუჟეტის ცენტრში დევიდია, რომელსაც თავისი პარტნიორის, ფლორენსის თავიდან მოშორება სურს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ გოგო ლამაზია, მომხიბვლელი და ჭკვიანი, მასთან არანაირ ემოციას განიცდის და შეწუხებულია მისი მხრიდან მუდმივად კონტროლისა და მასთან ყოფნის მოთხოვნილებაზე. არსებული მოცემულობა ვილისთვის გაუგებარია, თუმცა, მეგობრის შეთავაზებას ყველანაირი გზით ეცადოს ფლორენსის გულის მოგებას, თანხმდება. The Second Act მეგობრების დიალოგით იხსნება, სადაც დეპიუ კომენტარს აკეთებს სოციალურ ნორმებსა და პოლიტკორექტულობაზე, რითაც რეჟისორები ფილმების გადაღებისას ხელმძღვანელობენ. დევიდი ვილის აჩერებს, ეუბნება, რომ ტრანსფობიური და ჰომოფობიური რეპლიკების გაკეთების უფლება არ აქვს, რადგან მათ უღებენ და “დაქენსელების” ეშინია, მაშინ, როცა ვილი მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რომ ფლორენსთან, რომელიც ტრანსგენდერი ჰგონია, ურთიერთობას ვერ შეძლებს, რადგან მისი სექსუალური ორიენტაცია ამის საშუალებას არ მისცემს და მსგავსი კავშირი მისთვის წარმოუდგენელია.
მოგვიანებით უკვე ფლორენსსა და მამამისს ვეცნობით დევიდთან დარეკვის დროს, სადაც რეჟისორი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს არის ფილმი ფილმში. თამაშის დროს გიომი (მამა) ბრაზდება, მანქანიდან გადმოდის და ამბობს, რომ საკმარისია, რასაც თავიდან მაყურებელი ფლორენსის საქციელის მიმართ რეაქციად აღიქვამს, გგონია, მამა შვილს თავისი ცხოვრების წესს უპროტესტებს და შეწუხებულია მუდმივად მზრუნველი მშობლის როლის მორგებით, რომელიც მზადაა მის ნებისმიერ ახირებასა და სურვილს მხარი დაუჭიროს. თუმცა, გიომი სიტყვით გამოდის რამდენად უმნიშვნელოა მსახიობის მცდელობა ეკრანზე მოიტყუოს და რეჟისორის სურვილი მორიგი უაზრო ისტორია მოყვეს მაშინ, როცა მსოფლიოს უამრავი პრობლემა აქვს. ამის მიუხედავად, სიხარულით თანხმდება თავისი აგენტის შემოთავაზებას, ითანამშრომლოს პოლ ტომას ანდერსონთან, რასაც მის მიერ ამ სფეროში გაწეული შრომის ჯილდოდ მიიჩნევს.
The Second Act-ში ვუყურებთ ფილმს, რომელიც ყოველგვარი ჭრის გარეშე მიმდინარეობს და უხილავი რეჟისორი იღებს, საბოლოოდ ვარკვევთ, რომ ეს ძალა ხელოვნური ინტელექტია და მასში ჩართული ერთადერთი სუბიექტი, ასისტენტია ლეპტოპით ხელში, ვისი მთავარი ფუნქციაც მსახიობებთან მისვლა და ვიდეო-ინსტრუქციების ჩართვაა. ფილმის სიუჟეტის მიღმა ვეცნობით მსახიობებს, მათ რეალურ სახეებს, ფლორენსისთვის წარმოუდგენელია მსგავს სამსახიობო გუნდთან და არსებულ სიტუაციაში მუშაობა და დასამშვიდებლად თავის შვილს ურეკავს, გიომი და ვილი ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან და შემდეგ მეგობრდებიან, დევიდი შესვენების დროს აგენტს ელაპარაკება და ერთერთი მათგანის “გაშავებას” ცდილობს. საინტერესო პერსონაჟია რესტორნის მფლობელი, რომლის მთავარი ფუნქცია სტუმრებისთვის ღვინის დასხმაა, თუმცა, მისთვის ეს პირველი როლია და ნერვიულობის გამო ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდი ემპათიას იწვევს, დეპიუ კარიკატურულად წარმოგვიჩენს სიტუაციას და რაღაც დროის შემდეგ მსახიობებიც გამხნევების ნაცვლად მის დაცინვას იწყებენ.
ფილმის ბოლოს პერსონაჟების კიდევ ერთ სახეს ვეცნობით, რაც სრულიად განსხვავებულია მათი ორი ვერსიისგან და ეხმიანება დევიდის კომენტარს, რომ ის, რაც ადამიანებისთვის ფიქციაა რეალობაა და პირიქით. “დროა გავჩუმდე, ფილმი ძალიან კარგი მოსაუბრეა და სწორად არჩეული სიტყვებით ამბობს ყველაფერს, რისი თქმაც მსურს და საკუთარი თავის ანალიზს საკმაოდ მკაფიოდ შეიცავს,” – ამბობს რეჟისორი, ამიტომ შინაარსთან, მისი აზრების გამოხატვასა და ფორმასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
დროა გავჩუმდე, ფილმი ძალიან კარგი მოსაუბრეა და სწორად არჩეული სიტყვებით ამბობს ყველაფერს, რისი თქმაც მსურს და საკუთარი თავის ანალიზს საკმაოდ მკაფიოდ შეიცავს
კვენტინ დეპიუ
The Second Act-ის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმის ქრონომეტრაჟი და ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან, ლეა სეიდუ, ვინსენტ ლინდონი, ლუი გარელი და რაფაელ კენარი, მაყურებელს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ, დასასრული კი განმეორებადი, უწყვეტი კადრია, რაც თითქოს ნანახის გააზრებისთვის დროს გვაძლევს.
მეორე მოქმედება (The Second Act)
რეჟისორი: კვენტინ დეპიუ
ხანგრძლივობა: 1 სთ და 20 წთ