სასპენსით აღსავსე სერიალი, შესანიშნავი მუსიკით, ავტომობილებით დევნის სცენებითა და აფეთქებებით, ევროპის ქალაქების შთამბეჭდავი ადგილებით და შენიღბვის ოსტატი დაქირავებული მკვლელით, ედი რედმეინის ბრწყინვალე შესრულებით.
სატელევიზიო პროექტი, ინგლისელი ავტორის ფრედერიკ ფორსაიტის რომანს, 1971 წლის პოლიტიკურ თრილერს ეფუძნება, რომელიც 1973 წელს ფილმადაც ადაპტირდა. ახალ ვერსიაში მთავარ როლებს ედი რედმეინი და ლაშანა ლინჩი (“No Time to Die”) ასრულებენ, მისი შემქმნელი კი “Top Boy”-ის ავტორი ტონი ბენეტია. სერიალი მოგვითხრობს დაქირავებულ მკვლელზე მეტსახელად “ტურა”, რომელიც ყველაზე დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ მკვლელობებში იღებს მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ ის შეუპოვარი და სახიფათოა, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ადამიანური სახე მაინც შენარჩუნებული აქვს.
სერიალი თანამედროვე პერიოდზეა მორგებული, 1997 წლის ადაპტაციის მსგავსად, რომელშიც ბრუს ვილისი და რიჩარდ გირი მონაწილეობენ, თუმცა, ამ ვერსიისგან განსხვავებით ჭკვიანურადაა აგებული და ჟანრობრივად დინამიური და კარგ ექშენ-თრილერის წარმოადგენს. 10 ეპიზოდისგან შემდგარი სერიალი შთამბეჭდავად იწყება, ვხედავთ მოხუც კაცს მიუნხენში, რომელიც თავისთვის ბურტყუნებს. მოგვიანებით აღმოვაჩენთ, რომ ის შენიღბული დაქირავებული მკვლელია მეტსახელად “ტურა” და ახალი დავალების შესასრულებლად ემზადება, მოკლას პოპულისტი პოლიტიკოსი, რამაც პოტენციურად შეიძლება საერთაშორისო მოვლენების განვითარებაზე გავლენა მოახდინოს. გარკვეული დროის შემდეგ, ლონდონში, MI6-ის შტაბბინაში, იარაღების სპეციალისტი, ბიანკა პულმენი (ლინჩი), გერმანელი პოლიტიკოსის შოკისმომგვრელი მკვლელობის შესახებ იგებს. მისთვის საქმის გამოძიება დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან ცნობილია, რომ გასროლა მომხდარი ადგილიდან 3 კილომეტრზე მეტი მანძილიდან მოხდა, რაც მხოლოდ განსაკუთრებული იარაღის საშუალებით არის შესაძლებელი. ამგვარად იწყება კატა-თაგვობანას თამაში, საერთაშორისო პოლიტიკის, აგენტურის,” შავი ბაზრის” და კრიმინალური სამყაროს ფონზე.
ედი რედმეინის ფენომენალურ შესრულებასთან, კინემატოგრაფიისა და სულშემხუთველ სცენებთან ერთად, სერიალის მთავარ მამოძრავებელ ძალას საინტერესო პერსონაჟები წარმოადგენენ. ორი მთავარი გმირიდან, კარგი ადამიანი არცერთი არ არის, თავხედი, ჭკვიანი და უთანაგრძნობო ბიანკა, რომელსაც რთული ურთიერთობა აქვს შვილთან და ქმართან, მაყურებელში სიმპათიას ვერ უნდა იწვევდეს. “ტურის დღე” უღრმავდება ედი როდმეინის პერსონაჟის “ტურის” ისტორიას და მის მოტივაციას თუ რატომ გახდა დაქირავებული მკვლელი. სატელევიზიო ვერსიაში მას ჰყავს ოჯახი, რომელზეც ზრუნავს და ადარდებს მათი ბედი. უჭირს პირადი ცხოვრებასა და საქმიანობაში ბალანსის დაცვა. სერიალის ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზი მიჰყვება ჩრდილოეთ ირლანდიელი სამხედროების ამბავს, ასევე ვეცნობით მილიარდერ მაგნატს ტექნოლოგიის სფეროში, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოში მოქმედი ფინანსური ქსელების გამჟღავნებით იმუქრება.
საუნდტრეკები და სიმღერების არჩევანი საკმაოდ კარგია, რომელიც იხსნება Celeste-ის „This Is Who I Am“-ით და ისეთ კომპოზიციებს მოიცავს, როგორებიცაა Radiohead-ის „Everything In Its Right Place“, Alt-J-ის „Tessellate“ და Wolf Alice-ის „Wicked Game“.
გარკვეული ნაკლოვანებების მიუხედავად, მთლიანობაში, სერიალი საკმაოდ ღირსეული, ერთი ამოსუნთქვით სანახავი პროექტია.
ტურის დღე (The day of the Jackal) 2024
შემქმნელი: რონან ბენეტი
ხანგრძლივობა: 10 ეპიზოდი – ეპზოდი 48 წუთი