სასიამოვნო, სიტკომის მსგავსი კომედიური სერიალი, შესანიშნავი ტედ დენსონის მონაწილეობით, შექმნილი “The Good place”-ის ავტორის, მაიკლ შურის მიერ.
სერიალი მაიტე ალბერდის ოსკარზე ნომინირებულ დოკუმენტურ ფილმს, “The Mole Agent”-ს ეფუძნება. “შეგზავნილი” (A Man on the Inside) ქორწილის VHS ხარისხის ვიდეოჩანაწერით იწყება, რომელშიც ახალგაზრდა ჩარლზ ნივენდაიკი (გაახალგაზრდავებული ტედ დენსონი) თავის ცოლს ერთად დაბერების პირობას ართმევს. მოგვიანებით სიუჟეტი მის 30 წლის შემდგომ ცხოვრებაზე გადადის, სადაც პენსიაზე გასული და დაქვრივებული იმდენად გაბეზრებული და მარტოსულია, რომ გაზეთებიდან მაკრატლით სტატიებს ჭრის და თავის შვილს კონვერტში ჩადებულს ფოსტით უგზავნის. ემილი (მერი ელიზაბეტ ელისი) მამის მდგომარეობით შეწუხებულია და სთხოვს რაიმე საინტერესო საქმიანობით დაკავდეს. ჩარლი შვილს უჯერებს და მუშაობას კერძო გამომძიებლის, ჯული კოვალენკოს (ლაილა რიჩქრიკ ესტრადა) ასისტენტად იწყებს. მისი დავალება/სამუშაო ხანდაზმულების სახლში შეღწევაა, როგორც შეგზავნილის და ქურდის ვინაობის დადგენა.
მიმზიდველი და სახალისო, დეტექტიური, 10 ეპიზოდიანი (ერთი ეპიზოდის ხანგრძლივობა 30 წუთი) სერიალი, მოხუცი ადამიანების გადმოსახედით გადმოგვცემს მწუხარებას, სიყვარულსა და მღელვარებას, რაც თან ახლავს სიახლეების წამოწყებებს. გაჯერებული იუმორის, დრამისა და გამორჩეული ხასიათების მქონე რეალური პერსონაჟების შესანიშნავი ბალანსით.
სერიალის მეორე ნაწილი, სერიოზულ ხასიათს იძენს, ბოლოსკენ კარგად ახერხებს მაყურებელს შეკითხვები არ დაუტოვოს და მშვენივრად უყრის თავს ყველაფერს, ამასთან ერთად ტოვებს მეორე სეზონის გაგრძელებისთვის პერსპექტივას.
განწყობითა და ხასიათით, Netflix -ის ეს პროექტი შეიძლება გარკვეულწილად წლევანდელ შესანიშნავ ფილმს, “თელმას (Thelma)” შევადაროთ და ასევე სერიალ “მკვლელობები ერთ შენობაში (Only Murders in the Building)” საბოლოო ჯამში, ყოველთვის როლის დამაჯერებლად შემსრულებელი ტედ დენსონისა და ასევე მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ბრწყინვალე შესრულება, სერიალს სასიამოვნოდ სანახავს ხდის. ნამუშევარი განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც ოჯახის მოხუც წევრებზე ზრუნვა ან უბრალოდ მათთან ურთიერთობა უწევთ.
შეგზავნილი (A Man on the Inside) 2024
შემქმნელი: მაიკლ შური
ხანგრძლივობა: 10 ეპიზოდი – ეპზოდი 30 წუთი