ოთახი მეზობლად (The Room Next Door) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელმაც “ოქროს ლომის” მოპოვება შეძლო.

„ჩემს ფილმებში იმყოფება კინო, მაგრამ მე არ ვარ რეჟისორი-სინეფილი, რომელიც ციტირებს სხვა ავტორს, მე ვიყენებ ზოგიერთ მათგანს … კინოს, რომელიც მინახავს, გადავაქცევ საკუთარ გამოცდილებად, რაც ავტომატურად იქცევა პერსონაჟის გამოცდილებად,“ – ამბობს პოსტმოდერნისტი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი და თავის პირველ ინგლისურენოვან სრულმეტრაჟიან ფილმს აფუძნებს სიგრიდ ნუნესის ნოველაზე – “What Are You Going Through.” ციტატურობა ალმოდოვართან ყოველთვის ფრაგმენტულობას გულისხმობს, მისთვის მხოლოდ ერთი წინადადებაა მნიშვნელოვანი, “ადამიანი თავისი ძველი მეგობრის სანახავად მიდის საავადმყოფოში, რომელსაც მომაკვდინებელი დაავადება აქვს,” დანარჩენი ყველაფერი მისი გამოგონილი და შექმნილია. ასეთივე დანიშნულება აქვს ჯონ ჰიუსტონის ფილმს – “The Dead,” საიდანაც რეჟისორი იყენებს ციტატას და შემდეგ დასასრულში გარდაქმნის და არგებს საკუთარ პერსონაჟებს.

ჩემს ფილმებში იმყოფება კინო, მაგრამ მე არ ვარ რეჟისორი-სინეფილი, რომელიც ციტირებს სხვა ავტორს, მე ვიყენებ ზოგიერთ მათგანს … კინოს, რომელიც მინახავს, გადავაქცევ საკუთარ გამოცდილებად, რაც ავტომატურად იქცევა პერსონაჟის გამოცდილებად

პედრო ალმოდოვარი

ჯულიან მურისა და ტილდა სვინტონი მთავარ პერსონაჟებად გვევლინება ალმოდოვარის ახალ ფილმში, ორი მეგობარი, რომელთაგან ერთ-ერთს ახალი დამთავრებული აქვს წიგნის წერა სიკვდილზე, ხოლო მეორე კიბოთია დაავადებული და ელოდება დღეს, როდესაც მოკვდება. მათი შეხვედრა მოულოდნელია, ინგრიდი შემთხვევით იგებს მართას მდგომარეობის შესახებ, თუმცა, მის თანამგზავრად იქცევა და თანხმდება ყველაზე არაორდინალურ წინადადებას, იყოს მეგობრის გვერდით, მეზობელ ოთახში მაშინ, როცა მართა “სასიკვდილო აბს” მიიღებს. ევთანაზია ტილდას პერსონაჟისთვის ერთადერთი გზაა გაიმარჯვოს დაავადებაზე, ხელის ჩაქნევის, დანებების, მოძლიერების, თერაპიების, იმედგაცრუებებისა თუ მოლოდინების მიუხედავად, “კიბო ვერ მომკლავს, თუ მე მოვიკლავ თავს,” – ამბობს ის. 

“ოთახი მეზობლად” დიალოგია ორ მეგობარს შორის ცხოვრებაზე, რომლის შემადგენელი ნაწილია სიკვდილი. მათ საუბარში მართა თითქოს რაღაცის მოსწრებას ცდილობს და მეტწილად ის ლაპარაკობს, ყვება ყველაფერს, რატომ აქვს შვილთან დაძაბული ურთიერთობა, როგორი იყო მისი, როგორც ომის კორესპონდენტის ცხოვრება, კედელზე აქვს გაკრული პოსტერი ფრაზით: “I have been to hell and back. And let me tell you it was all wonderful (ვიყავი ჯოჯოხეთში და უკან და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი მშვენიერი იყო),” მისთვის ყველანაირი გამოცდილება ტკბობაა, ვარდისფერი ფიფქები, რაც გლობალური დათბობის შედეგია, მისი აზრით, ამ კატასტროფის ერთადერთი მშვნიერი მონაპოვარია. მაშინ როცა მართასა და ინგრიდის საერთო ნაცნობი, მათი ყოფილი პარტნიორი, დამიანი იმდენად ნეგატიურადაა განწყობილი მსოფლიოში არსებული მდგომარეობაზე, თავის შვილთან კონფლიქტი იმის გამო მოსდის, რომ მისთვის გაუგებარი და დაუშვებელია როგორ უნდა გააჩინოს მისმა ოჯახმა კიდევ ერთი შვილი. 

სიმბოლური და ალმოდოვარისთვის დამახასიათებელია airbnb-ის სახლი, რომელიც სიმშვიდესა და სილამაზეს განასახიერებს, ყველაფერს, რის გამოც ცხოვრება ღირს. “არ მინდოდა ეს ამბავი აუცილებლად სევდიანი ან მოსაწყენი გამოსულიყო, მსურდა სიკვდილიც კაშკაშა და ცოცხალი ყოფილიყო, სიცოცხლისუნარიანობა ტილდას პერსონაჟის ნაწილია, მისი გადაწყვეტილება საკუთარ ხელში აიღოს სიკვდილი, სწორედ ეს მინდოდა გადმომეცა, ამიტომაც ავირჩიე ეს მშვენიერი ადგილი ბუნების წიაღში და ფერადი ავეჯით, სიწითლითა და სიმწვანით სავსე. ჩემთვის ეს პერსონაჟის სიცოცხლისუნარიანობის ვიზუალურად გადმოცემის გზა იყო,” – ამბობს რეჟისორი. აღსანიშნავია ედვარდ ჰოპერის ტილო, “People in the Sun,” რომელიც პირველია, რასაც მართა და ინგრიდი სახლში შესვლისას ყურადღებას აქცევენ. ავეჯი და ინტერიერსა თუ ექსტერიერში გამოყენებული ფორმები და ფერები თითქოს ჰოპერის სტილის გამეორებაა იმ განსხვავებით, რომ სწორედ ამ გარემოში პოულობენ მეგობრები საერთოსა და გზას იმისთვის, რომ ადამიანთა შორის გაუცხოებასა და მარტოობას გაუმკლავდნენ.

ალმოდოვარის ხელწერის ნაწილია წითელი, რაც განსაკუთრებულ დანიშნულებას იძენს ფილმში, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ინტერიერში ამ ფერის გამოყენება. წითელია კარი, რომელიც პირველი მანიშნებელია იმისა, რომ მართამ გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ალმოდოვართან ქალი ყოველთვის ძლიერია და ამ ძალას ვიზუალურად გამოხატავს, სწორედ ამას განასახიერებს წითელი ტუჩსაცხი, რაც სიკვდილთან შესახვედრად მთავარი ატრიბუტია. “ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო წითელი კარი, რადგან ფილმი სიკვდილზეა. ეს იყო იაპონური კულტურისკენ მიმართული დრამატული ჟესტი, რომელშიც წითელი უმეტესად აღწერს ადამიანს, რომელიც უნდა მოკვდეს, ამ დროს ისინი ამ ფერით იმოსებიან,” – ამბობს ალმოდოვარი.

“თოვს, ფიფქები ეცემა ეკლესიის ეზოს, სადაც მაიკლ ფიურია დამარხული, ეშვება ნაზად მთელი სამყაროს გავლით, ნაზად ეფინება ყველას, ცოცხლებსა და გარდაცვლილებს,” – The Dead-ში გამოყენებული ამ ფრაზის ადაპტაციით მთავრდება “ოთახი მეზობლად” და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ცხოვრება გრძელდება. ფილმის პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ალმოდოვარმა ოქროს ლომის მოპოვება შეძლო. 

ოთახი მეზობლად (The Room Next Door) 2024
რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი

ხანგრძლივობა: 1 საათი და 47 წუთი

93/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
Kendrick Lamar – GNX

Kendrick Lamar – GNX

კენდრიკ ლამარის მეექვსე მოულოდნელი ალბომი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთსო რეპერის

შემდეგი
The Order

The Order

| ფედერალური ბიუროს აგენტი ნეონაცისტების წინააღმდეგ

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share