ფედერალური ბიუროს აგენტი ნეონაცისტების წინააღმდეგ.
ფედერალური საგამომძიებლო ბიუროს აგენტი ტერი ჰასკი ჩამოდის არაფრით გამორჩეულ, ცოტათი მიძინებულ ქალაქში, რომლის მაცხოვრებლები გამოირჩევიან თეთრი ფერის კანით, რაც თავიდანვე ეჭვს ბადებს ადგილობრივი რასისტული მოძრაობის მოძლიერებაში. ქალაქის საზოგადოებრივი შენობების კედლებზე განთავსებული არიული რასის უპირატესობის სარეკლამო ფურცლებიც ამასვე მოწმობს.
სანამ აგენტი ჰასკი ცდილობს აქაური სამართალდამცველებისგან რაიმე ინფორმაციის გამოტყუებას, ადგილობრივი ნეონაცისტების ჯგუფი ერთი მეორეს მიყოლებით ბანკებს ძარცვავს და ფულს აგროვებს კონსერვატიული რევოლუციის მოსაწყობად. ისინი ტერორისტულ აქტების მოწყობასაც არ ერიდებიან მათი შორსმიმავალი გეგმების აღსრულებაში, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა. მათი სულიერი ლიდერი, ეკლესიის მოძღვარი ვეღარ აკონტროლებს გარკვეულ მცირე დაჯგუფებებს, რომლის წიაღში ახალი ლიდერი, ბობ მეთიუსი იბადება და მისი გავლენაც ყოველდღიურად იზრდება. იზრდება პროპორციულად ქალაქის (და არამარტო ქალაქის) ქაოსში და ცეცხლში გახვევის შანსი. აგენტ ჰასკს მალევე თანამზრახველი გამოუჩნდება შერიფის თანაშემწის სახით, რომელიც კარგად იცნობს ადგილობრივებს და მათი ცხოვრების წესებს, თუმცა საკმაოდ ახალგაზრდაა იმის მისახვედრად, რა პოტენციური საფრთხე იმალება ამ მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა, რომლითაც ქალაქი ცხოვრობს.
ავსტრალიელი რეჟისორის დჯასტინ კრუზელის ,,the order”, როგორც მისი წინამორბედი ფილმები რეალურ ამბებზეა გადაღებული. ფილმის თითქმის ორსაათიან ქრონომეტრაჟში ამერიკული გეოგრაფიული და იდეოლოგიური ლანდშაფტის ჩვენება საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. დინამიურ ექშენ-სცენებს ცვლის ოდნავ დუნედ მიმდინარე გამოძიება, რომლის მიღმა დახურული ნეონაცისტური საძმოს რევოლუციური გეგმები იმალება.
ფილმი შეგნებულად ჰოლივუდის იმ თრილერების ტრადიციების მიხედვითაა გადაღებული, რომელთა სიაში აუცილებლად იქნებოდა ალან პარკერის ,,მისისიპი ცეცხლში”, არის მინიშნება მაიკლ ჩიმინოს ,,ირმებზე მონადირეზე”, თუმცა ავსტრალიელი რეჟისორის ექშენ-სცენებით გატაცება აშკარაა, რაც მაიკლ მანის ფილმებზეც მიგვანიშნებს. ძარცვის სცენების ქორეოგრაფია და საუნდი წარმატებულად გვფლობს იმ დაძაბულ ატმოსფეროში და სცენების აღქმას გვიმძაფრებს. ფილმის გმირებს შორის ურთიერთობა და ქიმია ეკრანზე საგრძნობია, რაც უდაოდ ძლიერი სამსახიობო ანსამბლის დამსახურებაა. ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკოლას ჰოლთმა თქვა რომ გადაღების პირველი ოთხი კვირის განმავლობაში ის და დჯუდ ლოუ (მათი გმირები ფილმში ერთმანეთის მტრები არიან) საერთოდ არ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, რათა მათი გმირების დაშორებულობა ცხადი ყოფილიყო. რეჟისორმა ესეთი დავალებაც კი მისცა ჰოლთს, რომ მთელი დღის განმავლობაში ეთვალთვალებინა ჯუდ ლოუსთვის ისე, რომ ლოუს ამის შესახებ არაფერი სცოდნოდა.
დჯუდ ლოუს მუდამ ცხვირიდან სისხლმდენი და ულვაშებიანი პერსონაჟი ცოტა გაუცხოებულად გამოიყურება იმ პეიზაჟების ფონზე სადაც მოქმედება ვითარდება, თუმცა მსახიობის ქარიზმას თავისი გააქვს და მიზანში მაინც არტყამს. რაც შეეხება მის მოწინააღმდეგეს ბობს: ჰოლთი ნეონაცისტის როლში თავიდან ცოტა უცნაურად გამოიყურება უფრო მისი ვარცხნილობის გამო, მაგრამ მასში არის რაღაც იდუმალება, ფარული ზიზღი არსებული წესრიგის მიმართ და პათოლოგიური რწმენა იდეისადმი, რაც მის პერსონაჟს დამაჯერებლობას და სინამდვილეს სძენს.
მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ფილმი ცდება მხოლოდ ერთი კონფლიქტის ისტორიას, ის გარკვეულწოლად მეტაფორაა ამერიკულ სინამდვილეზე, სადაც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი (გარკვეულ წრეებში) რასისტული იდეოლოგიის ფონზე მომატებული ძალადობა, ასევე კონსიტუციით ნებადართული იარაღის ტარების და შენახვის უფლებაა, რომლის უკონტროლობა არნახულ მასშტაბებს აღწევს და საზოგადოებას გამოუსწორებელი შედეგებით ემუქრება.
The Order
აშშ 2024
რეჟისორი: დჯასტინ კრუზელის
ხანგრძლივობა: 1 საათი 56 წუთი