პასკალ პლანტის ფსიქოლოგიური თრილერი – ახალგაზრდა ქალის ობსესიური ინტერესი სერიული მკვლელის სასამართლო პროცესის მიმართ
პასკალ პლანტის 2023 წლის თრილერი “წითელი ოთახები” ვუაიერიზმს, ადამიანების ობსესიურ მისწრაფებებსა და მორალურად ბნელი საკითხების კვლევას მიმოიხილავს. სიუჟეტი ლუდოვიკ შევალიეს სასამართლო პროცესს მიუყვება, რომელსაც 3 არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურება, წამებით მოკვლა, აღნიშნულის გადაღება, “დარქ ვებში” პირდაპირ ეთერში გაშვება და მასალის გაყიდვა ედება ბრალად. საქმე მძიმეა, თუმცა, სასამართლოს მხოლოდ იმაზე შეუძლია მსჯელობა, რამდენად ემთხვევა ვიდეოში არსებული კაცის სილუეტი, მოძრაობები და თვალები, რომელიც ერთ-ერთ მომენტში ნიღბიდან ჩანს, ლუდოვიკოს გარეგნობას, რადგან საქმის მთავარი მტკიცებულება მხოლოდ ეს არის. სამივე ბავშვი სკოლის მოსწავლეა და ერთნაირი ფიზიკური მახასიათებელი აქვს – ქერა თმები და კავკასიური წარმოშობა. ლუდოვიკი სერიული მკვლელია, რის დასადასტურებლადაც სასამართლოსა და ნაფიც მსაჯულებს 1 თვე აქვთ. “წითელი ოთახები” ტრადიციული სასამართლო დრამა არ არის, რომელიც მხოლოდ დამნაშავის მოტივაციასა და პროცესზე განვითარებული მოვლენების დინამიკას ეყრდნობა, ფილმი უმძიმეს დანაშაულებზე ადამიანთა დამოკიდებულებებსა და რეაქციებს იკვლევს.
“წითელი ოთახების” ფოკუსში ახალგაზრდა მოდელი კელი-ანია, რომელიც იზოლირებულად ცხოვრობს, პერიოდულად სარეკლამო გადაღებებში მონაწილეობს და პროფესიონალურად თამაშობს პოკერს, რასაც “სამსახურს” ეძახის, ჰაკერია, ჰყავს პირადი ხმოვანი ასისტენტი და რაც მთავარია ობსესიურად არის შეპყრობილი ლუდოვიკის საქმით, პროცესის წინა ღამეს სასამართლოსთან ახლოს ქუჩაში იძინებს, რადგან მეორე დღეს სხდომაზე დასწრება მოახერხოს. პასკალ პლანტი კელი-ანს ფილმის ბოლომდე ამოუცნობს ტოვებს, ვერ ხვდები, რა იწვევს მის ამგვარ დაინტერესებას, დამნაშავესთან რაიმე კავშირი აქვს, თვითონვეა გარეული ამ ამბავში თუ მხოლოდ ცნობისმოყვარეობაა იწვევს მისი ჩართულობას.
მეორე ქალი, რომელსაც ვაკვირდებით კლემენტაინია, გარეუბნიდან სასამართლოს პროცესებზე დასასწრებად ჩამოსული გოგო. მისი მთავარი მიზანი ლუდოვიკის უდანაშაულობის დამტკიცებაა და შეუპოვრად ცდილობს ინტერვიუებსა თუ სატელევიზიო ჩართვებში გადაარწმუნოს ადამიანები, რომ ისინი ცდებიან და შევალიე მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, არგუმენტი კი ისაა, რომ მასში “რაღაც განსაკუთრებულს” ხედავს.
მესამე ქალი ერთერთი მოკლულის დედაა, რომელიც ტრადიციულ მგლოვიარე ადამიანს განასახიერებს, ფრანსინი დარწმუნებულია, რომ ლუდოვიკი მისი შვილის მკვლელია, მის სათანადოდ დასჯას მოითხოვს და მისთვის გაუგებარი და მიუღებელია ყველა ადამიანი, ვინც სასამართლოს პროცესისა თუ დამნაშავის მიმართ რაიმე ინტერესსა თუ ეპმათიას გამოხატავს.
სამივე ქალი გამოხატავს განსხვავებული ტიპის ადამიანების დამოკიდებულებას დანაშაულისა და დამნაშავეების მიმართ. მაშინ როცა დედისა და კლემენტაინის მოტივაცია თავიდანვე გარკვეულია, კელი-ანი ფილმის ბოლო ნაწილამდე მხოლოდ ობსესიურ ქალად გვესახება, რომელიც ერთ-ერთ ეპიზოდში გარდაცვლილის იმიჯს ირგებს, რითაც ლუდოვიკის გამოწვევას ახერხებს. ჟულიეტ გაღიეპის არაჩვეულებრივი შესრულება აღნიშნულ სცენას სულისშემძვრელ ეპიზოდად აქცევს. კელი-ანი მსგავსი “სარისკო” მოქმედებებით თავის კარიერულ ცხოვრებას საფრთხეს უქმნის, თუმცა, მისი ობსესიური დამოკიდებულება მომხდარის მიმართ და სწრაფვა მიზნისკენ, რასაც ფილმის ბოლო ეპიზოდში ვეცნობით, მას გაჩერების საშალებას არ აძლევს.
პასკალ პლანტი ძალადობას სისხლისა და სისასტიკის ჩვენებით არ გადმოსცემს, წითელი ფერის ანარეკლი კელი-ანისა და კლემენტაინის სახეებზე, რომელიც დანაშაულის კადრების ნახვის დროს ჩანს და მათი გამომეტყველება, რასაც ვიდეოში ნანახი იწვევს მათში, საკმარისია იმისთვის, რომ დანაშაული სრული სიცხადით შეიგრძნო. “წითელი ოთახები” ინტელექტუალური დრამაა, რომელიც სულისშემხუთველ, კლაუსტროფობიურ გარემოს ქმნის მაყურებლისთვის, მის შეშფოთებას იწვევს და ამავდროულად აქცევს დამკვირვებლად, რომელიც სხვების რეაქციებსა და მოქმედებებს ინტერესით ელოდება. ფილმის ქრონომეტრაჟი და დინამიკა, ახლო ხედით გადაღებული კადრები საშუალებას გაძლევს მიჰყვე პერსონაჟებს და არსებულ შეკითხვებს თვითონვე გასცე პასუხი. “წითელი ოთახები” პასკალ პლანტის კომენტარია დანაშაულზე და ადამიანებზე, ვინც კრიმინალის მიმართ ინტერესს გამოხატავენ, ყიდულობენ ჩანაწერებს, უსაფუძვლო ემპათია უჩნდებათ დამნაშავეების მიმართ ან მსხვერპლთან ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას.
“წითელი ოთახების” პრემიერა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, ფილმი წარმატებული აღმოჩნდა კანადის კინოფესტივალებზე.
წითელი ოთახები (Les chambres rouges)
კანადა 2023
რეჟისორი: პასკალ პლანტი
ხანგრძლივობა: 1 საათი 58 წუთი