რეჟისორისა და სცენარისტის, კრისტიან გუდაჯესტის 2018 წლის ფილმის, “მძარცველებზე ნადირობის,” მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის სიქველი ძარცვაზე, რომელიც მთავარ პერსონაჟებს – ნიკ ობრაიენსა (ჯერარდ ბატლერი) და დონი უილსონს (ოშია ჯექსონი) აბრუნებს ეკრანზე.
მეორე ნაწილში ვხვდებით ნიკს, რომელიც დონი უილსონის პოვნაზეა ორიენტირებული, მას შემდეგ, რაც პირველ ფილმში იგი ფედერალური რეზერვის ძარცვის შემდეგ ხელიდან უსხლტება. ანტვერპენის აეროპორტის სატვირთო ნაწილში ბრილიანტების ძარცვის შესახებ ინფორმაციის გაგება, ნიკს საფუძვლიან ეჭვს უჩენს, რომ დანაშაულში დონის ხელია გარეული. გარკვეული ძიების შემდგომ ნიკი მისი ადგილსამყოფლის კვალს საფრანგეთში, ნიცაში მიაგნებს, სადაც თავისივე აპარტამენტში დახვდება. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ დააკავოს და მისი ექსტრადირება მოახდინოს, ნიკი მასთან თანამშრომლობას სთავაზობს, რადგან მისივე თქმით პოლიციაში მოღვაწეობა დასრულებული აქვს და სთხოვს დონის ამჟამინდელი ბანდის წევრი გახდეს, რომელშიც ფრანგი მძარცველი ჯოვანა (ევინ აჰმედი), სერბი სლავკო (გომორას სალვატორე ესპოსიტო) და სხვა ბალკანური წარმოშობის კრიმინალები ერთიანდებიან. დონისთან ურთიერთობა მათთან ერთად ახალ საქმეში მონაწილეობას, კერძოდ ბრილიანტების სეიფის გაძარცვას გულისხმობს.
ფილმის პირველი ნაწილი უმეტესად ძარცვის დაგეგმვას ეხება თავისი სირთულეებითა და დაბრკოლებებით, იტალიური მაფიისა და ბანდის ყოფილი წევრების მონაწილეობით, რომელთაც შურისძიების სურვილი ამოძრავებთ. ბოლო 40 წუთი კი ამაღელვებელი, დაძაბულობით აღსავსე ძარცვის ეპიზოდია სანახაობრივი დევნისა და სროლების სცენებით საფრანგეთის მთებში.
თუ პირველი ფილმის ინსპირაცია მაიკლ მანის “Heat” იყო, მეორე – ჯონ ფრანკენჰაიმერის “Ronin”-ით არის შთაგონებული. 144 წუთიანი ნამუშევარი პერსონაჟებს შორის ურთიერთობის საინტერესო დინამიკით გამოირჩევა, რასაც დაძაბული ექშენ-სცენები ერწყმის. როგორც ორიგინალ ფილმში, მესამე მოქმედებაში “პანტერასაც” აქვს მოულოდნელი სიუჟეტური გადატრიალება (ტვისტი), თუმცა, პირველისგან განსხვავებით, მაყურებლისთვის მისი ამოცნობა შედარებით მარტივი უნდა იყოს .ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ჟანრის მოყვარულთათვის “პანტერა” უყურადღებოდ დასატოვებელი ფილმი ნამდვილად არ არის.
საინტერესო დაკვირვებები – ფილმის გახსნით სცენაში, აეროპორტის ძარცვისას, ერთერთ პერსონაჟს რაციით მოიხსენიებენ კოდური სახელით “რონინი.” კლუბის სცენის დროს ჰაშიშმოწეული ბატლერის პერსონაჟი ამბობს “F@ck the Police,” რის შემდეგაც კადრი გადადის ოშიაზე, რომელიც თვალებს ატრიალებს ( მინიშნება – პატივისცემა ფილმთან ‘Straight Outta Compton’ სადაც ოშია მამის, ice cube-ის როლს ასრულებს).
მძარცველებზე ნადირობა 2: პანტერა (Den of Thieves 2 : Pantera
აშშ 2025
რეჟისორი: კრისტიან გუდაჯესტი
ხანგრძლივობა: 2 საათი 24 წუთი