ჯესი ეიზენბერგის ახალი კომედიური ფილმი – მოგზაურობა კოლექტიური ტკივილის გასააზრებლად
“ნამდვილი ტკივილი” ჯესი აიზენბერგის 2024 წლის ფილმია წარსულის გააზრებასა და კოლექტიური და პერსონალური ტკივილის ერთმანეთთან დაკავშირებაზე. სიუჟეტი ბიძაშვილების, ბენჯისა და დევიდის გარშემო ვითარდება, რომელთაც ბავშვობა ერთად აქვთ გატარებული, თუმცა, ცხოვრების განსახვავებული ტემპის გამო, ერთმანეთთან აქტიური კონტაქტი აღარ აქვთ. მოგზაურობა პოლონეთში, რაც გარდაცვლილი ბებიის წარსულთან დაკავშირებას ისახავს მიზნად, რეალურად მათ ურთიერთობის აღდგენასა და ერთმანეთის ემოციებისა და ტკივილების გაცნობას ემსახურება.
ჯგუფური ტური ემოციური და შემეცნებითია ებრაელებისთვის, რომელთა წინაპრები პოლონეთში ჰოლოკოსტის პერიოდში ცხოვრობდნენ და ეს მძიმე გამოცდილება გაიარეს. გამონაკლისი ელონჟია, გვიანი ებრაელი, თუმცა, სხვებისგან განსხვავებით მას საკუთარ თავზე აქვს განცდილი გენოციდი. დევიდი თავის თავში ჩაკეტილი, მოწესრიგებული და ფრთხილი პერსონაჟია, რაც სრულიად კონტრასტულია ბენჯისგან, რომელიც სპონტანური, პირდაპირი და მოურიდებელია, მისთვის თითქოს არ არსებობს სირცხვილის განცდა, აჟღერებს ნებისმიერ კრიტიკულ აზრს, დაუფარავად გამოხატავს ემოციებს და ცდილობს ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოს, თუმცა, ეს მისი პერსონაჟის ზედაპირული მახასიათებლებია, რომელიც შინაგან განცდებსა და ტკივილს სარკაზმით, თვითირონიითა და ქაოტურობით ფარავს.
ჯესი აიზენბერგი ახერხებს, რომ უმძიმესი ტრაგედიის პარალელურად, იმ ადგილების მონახულებასთან ერთად, სადაც ებრაელებს ხოცავდნენ, ფილმში კომედიური განწყობა შეინარჩუნოს, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ იუმორი არასდროს აკნინებს ებრაელთა წარსულის გამოცდილებას. ცოცხალი, მეტწილად ირონიული დიალოგები ხაზს უსვამს იმ აბსურდულობას, რასაც ადამიანი განიცდის, როცა ცდილობს პირადი მწუხარება კოლექტიური ისტორიის ფონზე გაიაზროს. “მინდოდა ამ საკითხის ირონიულობისთვის იმ პერსპექტივიდან შემეხედა, როცა გსურს შენი წინაპრების ტკივილთან კავშირი გქონდეს, თუმცა, ამავდროულად არ შეგიძლია ამ ემოციის განცდა: დარჩე “რედისონში,” ჭამო კონტინენტური საუზმე, მიირთვა კრუასანი და გზად აუშვიცისკენ დალიო ყავა. შემდეგ ნახევარი დღე აუშვიცში გაატარო და დაუბრუნდე კონდიციონერიან ავტობუსს ლანჩის საჭმელად. ამაში არასწორი არაფერია. პირიქით, არაეთიკური ის უფროა, როცა ცინიკური დამოკიდებულება გაქვს იმაზე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერს აკეთებ,” – ამბობს რეჟისორი.
ფილმის ოპერატორი მიჰაუ დიმეკი მეტწილად ბუნებრივ განათებას იყენებს, ერთმანეთს უპირისპირებს პოლონეთის ნათელ პეიზაჟებსა და ნაცრისფერ დაბურულ მემორიალებს, რაც წარსულისა და აწმყოს ერთმანეთისგან განცალკევების საშუალებაა. აქცენტი პერსონაჟების გამომეტყველებასა და მათ სახეებზეა, ხშირად ახლო ხედით ვაკვირდებით მათ ემოციებს, “ფილმი ადამიანებზეა, რომლებიც განსხვავებულად აღიქვამენ საკუთარ თავს. თითოეული მათგანის შეხედულება, მეორეს აღქმას ავსებს, შესაბამისად მათი დამოკიდებულებები იმის მიხედვით იცვლება, თუ ვისი თვალით ვუყურებთ პერსონაჟს,” – ამბობს დიმეკი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი პერსონაჟებზე ახლო ხედიდან დაკვირვება. “ნამდვილი ტკივილს” განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს შოპენის მუსიკა, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში ისმის, ყოველთვის სწორ დროსა და ადგილას ჩნდება და არსებულ ემოციებს უფრო მეტად ამძაფრებს.
“ნამდვილი ტკივილი” წარმატებული აღმოჩნდა კინოფესტივალებზე, ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ფილმს ოთხი ნომინაცია ერგო, საიდანაც კიერან კალკინმა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის ჯილდო დაიმსახურა, მსახიობი ნომინირებულია ოსკარის დაჯილდოებაზეც, სადაც ფილმი ამავდროულად წარდგენილია საუკეთესო სცენარის კატეგორიაში.
ნამდვილი ტკივილი (A Real Pain)
აშშ 2024
რეჟისორი: ჯესი ეიზენბერგი
ხანგრძლივობა: 1 საათი 30 წუთი