სამართლიანობის მაძებარი ადამიანები ამატ ესკალენტეს კრიმინალურ დრამაში.
ღარიბი მექსიკური დასახლების უბრალო მკვიდრი ემილიანო თავისი გაუჩინარებული აქტივისტი დედის ძებნას არ წყვეტს. დედა საერთაშორისო სამთო სამრეწველო კომპანიის წინააღმდეგ გამოსვლებს აწყობდა და დასაქმებულების ინტერესებს იცავდა. დედის გაუჩინარებიდან სამი წლის შემდეგ შემთხვევითი მინიშნება ემილიანოს მიიყვანს სახლთან, სადაც მდიდარი ოჯახი ცხოვრობს. ცივი ქვის დიდი ნაგებობის შიგნით ალდამების ოჯახი ცხოვრობს: მხატვარი რიგობერტო , მისი ცნობილი მომღერალი ცოლი კარმენი, კარმენის უფროსი ქალიშვილი მონიკა და წყვილის მცირეწლოვანი შვილი. ემილიანო სამუშაოდ მოეწყობა ოჯახში, რათა თვალყური ადევნოს ფუფუნებით განებივრებულ მის წევრებს. მას იმედი აქვს, რომ მინიშნება, რომელმაც აქამდე მოიყვანა, დედამისის გაუჩინარების საიდუმლოს ფარდას ახდის.
ამატ ესკალენტეს ჩუმი სტატისტიკური კადრების მიღმა მაყურებელი თვალს ვადევნებთ როგორ უჩუმრად შემოიჭრება ოჯახში უთანხმოება და კონფლიქტი და საბოლოოდ როგორ დამანგრეველ, გამანადგურებელი ძალად იქცევა. ესკალენტე სცენარის წერაში თავის ძმასთან მარტინთან ერთიანდება პირველად 15 წლის პაუზის შემდეგ(მათი ბოლო ერთობლივი ნამუშევარია ,,Los bastardos”; 2008). დუეტი ისევ იწყებს კლასთა კონფლიქტების კვლევას, კორუფციის პრობლემების განხილვას ძალოვან სტრუქტურებში. ამ სამყაროში სიტყვა ,,გაქრობა” თითქოს ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენაა, რომელიც მხოლოდ გაუჩინარებულის ახლობლებს აწუხებს. აქ ეს სიტყვა გადაწყვეტილების მიღების ლოგიკური შედეგია, კონფლიქტის გადაჭრის უპირობო და ერთადერთი გზა.
ფილმის სიტყვაძუნწი მთავარი გმირის სიჩუმეში, მტკივნეულად იგრძნობა ის სიბრაზე, უსამართლობა რომ იწვევს. უსამართლობა რომელიც ყველაგან და ყველა სტრუქტურაში გამჯდარა, როგორც სტანდარტი. თუმცა გმირის ამ სიჩუმეში, რომლის შიგნით დუღს და ვარვარებს მთელი ეს ძალადობა, უსამართლობა, მწიფდება შურისძიება, რომლის ფითილი შეიძლება ნებისმიერ წამს აენთოს და აფეთქდეს, რაც შეიძლება შეუქცევად ტრაგიზმად იქცეს გარშემომყოფებისთვის.
აქტუალური სცენარი, ვიზუალურად მძლავრი საოპერატორო ნამუშევარი, რეჟისორის თხრობის მანერა, მსახიობების უშუალო თამაში ფილმს დასამახსოვრებელ შთამბეჭდავ სანახაობად აქცევს.
მექსიკის გარეთ ამატ ესკალენტეს შეიძლება უფრო იცნობდნენ ,,Narcos” ეპიზოდების რეჟისორობის გამო, თუმცა რეჟისორი კიდევ უფრო მეტი აღიარებას იმსახურებს, მიუხედავად იმისა რომ მისი ფილმები პერიოდულად კანის კონოფესტივალის პროგრამებში ჩნდება. ესკალენტეს ფილმების სიაში ,,Perdidos en la noche”-ს გარდა არის შესანიშნავი დრამები ,,Los bastardos”, ,,Heli”, და ,,La región salvaje”.
ღამეში დაკარგული (Perdidos en la noche)
მექსიკა 2023
რეჟისორი: ამატ ესკალენტე
ხანგრძლივობა: 2 საათი