ახალი მცდელობა კლასიკური სიუჟეტის რეანიმირებისა ადამიან-მაქციაზე
ბავშვობაში ბლეიქი მამასთან ერთად ცხოვრობდა ორეგონის შტატში. მამა-შვილი ბუნებაში არამხოლოდ ლამაზი პეიზაჟების გამო დადიოდა, მათ თან კარაბინებიც დაჰქონდათ სანადიროდ. ერთ-ერთი ესეთი ნადირობისას ისინი უცნაურ არსებას გადაეყრებიან, რომელიც ორ ფეხზე დგას და ისე გადაადგილდება. მოგვიანებით ბლეიქი იგებს, რომ მამისთვის ეს არსება ცნობილია და იგი მის მოკვლას აპირებს. ამ ამბიდან 30 წელი გადის. ბლეიქი მწერალია, თავისი ოჯახი ჰყავს, მეუღლე და პატარა ქალიშვილი, რომელთანაც განსაკუთრებული მეგობრული კავშირი აქვს. მამა-შვილი ძირითად დროს ერთად ატარებს და ძალზედ შეხმატკილებულად, რასაც ვერ ვიტყვით ბლეიქის მეუღლეზე, წარმატებულ ჟურნალისტ შარლოტაზე. მათი ურთიერთობები კრიზისში შედის, ამიტომ როგორც კი შანსი მიეცემათ რაღაცის გამოსწორების, დაუყონებლივ თანხმდებიან. შანსი კი ბლეიქის მამის ძველ სახლში დაბრუნების და იქ გატარებული დროის სახით ევლინებათ. ბლეიქის მამა, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, შტატმა გარდაცვლილად (მიზეზი რატომღაც არ სახელდება) სცნო და მამისეული სახლი ეხლა ბლეიქის განკარგულებაშია. ორეგონის სახლისკენ მიმავალ გზაზე ისინი ავარიაში ხვდებიან. სასწაულით გადარჩენილები ხედავენ ისევ იმ ორ ფეხზე მდგარ არსებას, რომელიც 30 წლის წინ ბლეიქს და მამისს დაედევნა. ოჯახი გაქცევით და სახლში ჩაკეტვით შველის თავს. ბლეიქი თავს შეუძლოდ გრძნობს. როგორც ჩანს მაქციამ მოასწრო მისი ხელის დაზიანება და ეხლა ბლეიქის ტრანსფორმაცია საშინელ მტაცებლად გარდაუვალია…
პირველი ფილმი მაქციაზე 1941 წელს გამოვიდა და მაშინვე იქცა ჰორორის ჟანრის კლასიკად. ათწლეულების განმავლობაში მაქციის თემას კინოინდუსტრია პერიოდულად უბრუნდებოდა მისი ახლებურად გააზრების და მასში ახალი იდეების პოვნის იმედად. ბოლო ესეთი მცდელობა 2010 წელს იქნა მიღებული ბენისიო დელ ტოროთი და ენტონი ჰოპკინსით მთავარ როლებში, თუმცა ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად პროექტი ჩავარდა. კომპანია უნივარსალმა(Universal) მალევე (4 წლის შემდეგ) გამოაცხადა რიმეიქის შექმნის შესახებ. ასევე სტუდიის ჩანაფიქრით პერსონაჟი – მაქცია გახდა ,,ბნელი კინოსამყაროს”(Universal Dark Universe) ნაწილი, სადაც გაერთიანებული იქნებოდნენ ისეთი პერსონაჟები როგორიცაა – მუმია, ფრანკენშტეინი, დრაკულა და ა.შ., რომელთა ეკრანიზაციის ნებართვა უნივერსალს ეკუთვნის. ამ ჩანაფიქრის მუხტი განელდა ,,მუმიას”(ტომ კრუზით მთავარ როლში) კინოგაქირავებაში ჩავარდნის შემდეგ, მაგრამ რეჟისორ ლი უონელის ,,უჩინარი ადამიანის” წარმატების შემდეგ ისევ აქტუალური გახდა პროექტიც და რეჟისორიც. ლი უონელი(Leigh Whannell), გარდა შესანიშნავად დადგმული ,,Upgrade” და ,,The Invisible Man”-სა , ასევე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი შემქმნელი (ჯეიმს ვანთან ერთად) ფრანჩიზა ,,ხერხის” და ,,ასტრალის”.
მაქციის ახალი სახის შექმნაში მისივე თქმით კრონენბერგისეული ჰორორი- ,,ბუზი” დაეხმარა. ეს და სხვა მისი საყვარელი თემატური ფილმები მან გადამღებ ჯგუფს დაავალა ენახათ გადაღებების დროს. ფილმის 25 000 000 $-იანი ბიუჯეტიდან ამონაგები 32 000 000 $ გახდა, რასაც ჩავარდნას ვერ, მაგრამ ვერც დიდ წარმატებას დავარქმევთ. ძირითად ამის მიზეზად შეიძლება დავასახელოთ ფილმში სიღრმის უკმარისობა და სანახაობრივი შემადგენლობის ნაკლებობა. პროლოგი და პირველი ნაწილი თითქოს უფრო მეტ სანახაობას და ექშენს გვპირდება, და რეალურად კი მეორე ნაწილი კლაუსტროფობიულ ჰორორად ყალიბდება, სადაც პერსონაჟები სახლში გამოკეტილები არიან და ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებენ. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ფილმში კომპიუტერული ეფექტები მინიმალურადაა გამოყენებული და ეს რა თქმა უნდა მაღალი დონის გრიმზე და ,,სთანთზე” მეტყველებს. გმირის ვიზუალური ტრანსფორმაცია მართლაც სინდისიერად და დეტალებშია გაკეთებული, მთავარი როლის შემსრულებელიც არ აკლებს მცდელობას და საბოლოოდ ადამიანი მაქციაში თუ პირიქით საკმაოდ საინტერესო საყურებელი ხდება, რასაც ვერ ვიტყვით მამა-შვილის ხაზზე, რომელიც მთელ ფილმს გასდევს. იმ კავშირების ამოხსნა, მათზე კონცენტრირება, რასაც რეჟისორი მთელი ფილმის განმავლობაში ცდილობს, თითქოს სწორხაზოვანი და სიღრმეს მოკლებულია. აქ ჩანს რეჟისორის სიყვარული სტენლი კუბრიკის ,,ნათების” მიმართ, რომელშიც მამა-შვილის, ცოლ-ქმრის, ზოგადად ოჯახის თემა სხვა დონეზეა გაშლილი.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ჰორორი საკმაოდ შემდგარი და სასპენსით გაჯერებულია, რასაც ვერ ვიტყვით მის დრამატულ ნაწილზე, თუმცა საბოლოოდ ფილმი მაინც გამორჩეულია სხვა უსახური ფილმების არმიის ფონზე, და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ჟანრში.
მაქცია (Wolf Man)
აშშ, ახალი ზელანდია, ირლანდია 2025
რეჟისორი: ლი უონელი
ხანგრძლივობა: 1 საათი 43 წუთი