FKA Twigs ის მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით “EUSEXUA”
ბრიტანელი მომღერლის, ვიზუალური არტისტის, მოცეკვავისა და მსახიობის FKA Twigs-ის მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით EUSEXUA, ამერიკულმა ლეიბლმა Atlantic Records-მა 24 იანვარს გამოუშვა.
ალბომი აერთიანებს 90-იანი წლების საცეკვაო მუსიკისა და თანამედროვე ელექტრონული ჟღერადობის ელემენტებს და მოიცავს ისეთ ჟანრებს, როგორიცაა Electro-pop, Drum and Bass, House, Downtempo, Techno, Experimental. Auto-tune-ისა და Glitch-ის დახვეწილი სინთეზი, არტისტის ჰიპნოტურ ვოკალთან ერთად, მრავალფეროვან და ენერგიულ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც ერთდროულად ნოსტალგიური და ფუტურისტულია.
FKA Twigs-ის ავთენტურობა, ესთეტიკა და ექსპერიმენტები ყოველთვის შთამბეჭდავი და შთამაგონებელია. ერთ-ერთ ინტერვიუში ის იხსენებს პრაღაში ცხოვრების პერიოდს და კლუბებში გატარებულ ღამეებს, ამბობს რომ ტექნომ და რეივ კულტურამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება, ის გახდა უფრო მგრძნობიარე, თავისუფალი და თავდაჯერებული. ვფიქრობ ის არასდროს ყოფილა ასე ღრმად დაკავშირებული თავის ქვეცნობიერთან და სხეულთან. მისი შემოქმედებითობა, თავისუფლება და აღმოჩენები ძალიან კარგად იგრძნობა ალბომში.
ტვიგსმა ალბომზე მუშაობისას ითანამშრომლა ბრიტანელ დიჯეისთან და პროდიუსერთან Koreless-თან, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ უნიკალური ჟღერადობების შექმნაში.
ჩანაწერში 11 განსხვავებული ტემპის და განწყობის მქონე კომპოზიციაა, მიუხედავად ამისა მათ აქვთ რაღაც საერთო , რაც საბოლოოდ მთლიანობის, უსაზღვრო სივრცის და ეიფორიის განცდას ტოვებს.
რთულია გამოვარჩიო საყვარელი ტრეკები, მაგრამ განსაკუთრებით მომხიბლავია Eusexua, Perfect Stranger, Sticky და Wanderlust. მათი ენერგია, სიღრმე და შინაარსი ყველაზე მეტად შთამაგონებელი და დასამახსოვრებელია.
Album: EUSEXUA
Release date: January 24, 2025
Label: Young and Atlantic Records
Genre: Dance/Electronic