Babygirl - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ნიკოლ კიდმანი ჰალინა რეინის ეროტიკულ თრილერში ქალის სექსუალობასა და დაფარულ სურვილებზე

ჰალინა რეინის ეროტიკული თრილერი Babygirl ნიკოლ კიდმანის პერსონაჟის, რომისა და თავისი ქმრის, ჯეიკობის (ანტონიო ბანდერასი) სექსის სცენით იწყება და მაყურებელს თავიდანვე ექმნება წარმოდგენა როგორი შეიძლება იყოს მათი ქორწინება. სექსუალური აქტი, რომელიც იმიტირებული ორგაზმით სრულდება, ქალისთვის აბაზანაში პორნოგრაფიის ყურებით გრძელდება, რა დროსაც მან რეალურად უნდა დაიკმაყოფილოს თავისი სურვილები. დომინაცია, დამცირება, კონტროლი კაცის მხრიდან, ნიკოლ კიდმანის პერსონაჟის მთავარი სექსუალური ფანტაზია და ერთადერთი გზაა ორგაზმის მისაღწევად. 

მნიშვნელოვანია, რომ რომი უმსხვილესი რობოტიკის კომპანიის CEO არის, რომელსაც კარიერაში ყველაფერი მწყობრში აქვს, ავტორიტეტი, ძალაუფლება, კონტროლი – ყველაფერი მის ხელთაა, ამიტომ თავისი სექსუალობისთვის თვალის გასწორება უჭირს, რაც სრულად საპირისპიროა საჯაროდ გამოხატული მისი პიროვნებისგან.  სამუელი, რომელთანაც პირველად კომპანიის გარეთ, ქუჩაში იკვეთება, თავიდანვე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს რომიზე. გაავებული ძაღლის დამორჩილება, მის გონებაში შეღწევა და სიტყვები “კარგი გოგო,” ქალს საკუთარ ფანტაზიებთან აბრუნებს. მოგვიანებით, სტანდარტულად, ერთმანეთს კომპანიაში ხვდებიან, სადაც მათ, როგორც სტაჟიორსა და CEO-ის, მენტორს შორის, საქმიანი ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს. თუმცა, სამუელი თავიდანვე პროვოკაციულ პერსონაჟად ჩნდება, სვამს კითხვებს, გასცემს რჩევებს როდის და რამდენი ჭიქა ყავა უნდა დალიოს რომიმ, როგორი ადამიანია მისი აზრით და ცნობილი “რძის ეპიზოდი,” საქმიან ურთიერთობას სცდება. 

საბოლოოდ მათი ცხოვრებისეული და სექსუალური როლები ერთმანეთს ანაცვლებს. თუ კომპანიაში სამუელის უფროსს, რომის, კარიერის ნაწილში მისი კონტროლი შეუძლია, რადგან გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირია, მათი სექსუალური ცხოვრების დინამიკა, პირიქით ქალის დამორჩილებასა და კაცის მხრიდან სრულ დომინაციას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სექსუალური როლები ორივესთვის უცხოა, სამუელმაც არ იცის როგორ უნდა დაამყაროს კომუნიკაცია და რომიც არაკომფორტულად გრძნობს თავს, ვერ ხვდება ფიზიკურად როგორ უნდა გამოხატოს ის, რაც სიტყვიერად მათ შორის უკვე გარკვეულია. “მუხლებზე დადექი,” რაც აღგზნებასა და სექსუალურ ლტოლვას უნდა იწვევდეს, თავიდან სასაცილოა და ეტაპობრივად სწავლობენ ისინი, როგორ უნდა მოერგონ ერთმანეთს. “როცა ჰარის დიკინსონი ნიკოლ კიდმანის პერსონაჟს ეუბნება, – “მუხლებზე დადექი,” და შემდეგ თვითონვე ეცინება საკუთარ ქცევაზე, რეალურად ეს ექსპერიმენტია იყოს მასკულინური დომინანტი. სწორედ ეს ანიჭებს ფილმს რეალობისა და რელევანტურების განცდას, რასაც ხშირად ვერ ვხედავთ. მაგრამ ცხოვრება ასეთია და თუ მსგავს სცენებს სირცხვილის განცდასთან ერთად ვაჩვენებთ, ერთდროულად სასაცილოც ხდება და სექსუალურიც, რადგან უფრო მეტად ადამიანურია,” – ამბობს რეჟისორი. 

Babygirl არ არის სტანდარტული ფილმი ღალატსა და დაფარულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ჰალინა რეინი რომის არც მოღალატედ წარმოაჩენს და არც მსხვერპლად, რადგან მისი მთავარი მოტივაცია საკუთარ სექსუალობაში გარკვევა და მარტოობასა და ასაკობრივ კრიზისთან გამკლავებაა. მნიშვნელოვანია, რომ თუ სამუელთან რომის ფიზიკურად გაშიშვლება უჭირს, ქმართან საკუთარი სექსუალობის, სურვილების ჩვენება, ფანტაზიების განხორციელება არ შეუძლია, ეშინია იმის, რომ ვეღარ იქნება “ქალი, რომელიც ჯეიკობს მოსწონს,” რადგან მისთვის ეს მხოლოდ “პათეტიკური, ბანალური სექსუალური ფანტაზიებია.” თავის მხრივ ჯეიკობიც გრძნობს, რომ მათი ურთიერთობა, სიყვარული, სექსუალური ლტოლვა მილევადია, შემთხვევითი არ არის, რომ პიესა, რომელზეც ის მუშაობს, ჰედა გაბლერია, ამბავი უბედურ ქორწინებაში მყოფ ქალზე.

Babygirl გამოირჩევა მუსიკით, რომელიც ყოველთვის ეხმიანება განწყობასა და კონკრეტულ სიტუაციას ფილმში. სამუელისა და რომის ურთიერთობის კადრებს INXS-ის “Never Tear Us Apart”-თან ერთად ვუყურებთ, ცეკვის სცენის დროს ჯორჯ მაიკლის “Father Figure” გვესმის, რაც უფრო მეტად გასაგებსა და ემოციურს ხდის ეპიზოდებს.

ჩემთვის სექსუალობა მხოლოდ მეტაფორაა ქალებისა, რომლებიც ეგზისტენციალური კრიზისს განიცდიან

ჰალინა რეინი

რეჟისორი ფილმის პრემიერის შემდგომ რეაქციებზე ლაპარაკისას ახსენებს, – “ყველაზე მეტი სიამოვნება მივიღე ჩვენებების შემდგომი საუბრების დროს, რომლებიც არა ფილმზე, არამედ ადამიანების პირად ისტორიებზე, გასაჭირსა და ემოციებზე იყო ამ თემის გარშემო, მაგალითად ჩავარდნები ორგაზმში, ქალის ლიბერაცია და სურვილები. მაგრამ ჩემთვის სექსუალობა მხოლოდ მეტაფორაა ქალებისა, რომლებიც ეგზისტენციალური კრიზისს განიცდიან, რის მიღმაც არის ადამიანი, ვისაც თავისი სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება არ შეუძლია.” Babygirl თითქოს ქალებისთვის გადაღებული ფილმია ქალი რეჟისორის მიერ, რომელსაც ყველაზე მეტად ესმის, რისკენ უნდა მიმართოს აუდიტორია, რასაც სცენარის, გადაღების, მუსიკისა და ვიზუალური მახასიათებლების გარდა, მსახიობების არაჩვეულებრივი შესრულებით აღწევს.

Babygirl
აშშ, 2025
რეჟისორი: ჰალინა რეინი

ხანგრძლივობა: 1 საათი 54 წუთი

90/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
FKA Twigs – EUSEXUA

FKA Twigs – EUSEXUA

| Album: EUSEXUA

შემდეგი
ღამე იწელება (La nuit se traîne)

ღამე იწელება (La nuit se traîne)

| რთულია პასუხი აგო დანაშაულზე, რომელიც არ ჩაგიდენია, თუ ბანდის წევრებმა ესე

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share