Bird - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ბარი კიოგანი და ფრანც როგოვსკი ანდრეა არნოლდის სოციალურ დრამაში

ანდრეა არნოლდის Bird თითქოს თემატურად მისი ძველი ფილმების, Wasp-ის, Fish Tank-ისა და American Honey-ის მსგავსია. მასთან სიუჟეტის ცენტრში ქალები არიან, რომლებიც გაჭირვების, ტრავმების, ცუდი გამოცდილების, მარტოობისა თუ ცხოვრებისეული დაბრკოლებების მიუხედავად, ცდილობენ გადარჩნენ. 12 წლის ბეილი მამასთან და ნახევარძმასთან, ჰანტერთან ერთად ცხოვრობს სახლში, რომლის კედლები გრაფიტით არის მოხატული, ოთახებს ფარდები ყოფს, ყოველთვის ხალხმრავლობაა და მუსიკის ხმა ისმის. ბაგი (ბარი კიოგანი), ბეილის მამა თავიდან უარყოფით პერსონაჟად ისახება, არასერიოზული მშობელი, რომელსაც ერთ მთავარი მიზანი ამოძრავებს, კვირის ბოლოს ცოლად მოიყვანოს კეილი, რის მისაღწევადაც ამერიკიდან იღებს ამანათს, რითაც საქორწინო ცერემონიისთვის ფინანსები უნდა მოიპოვოს. გზავნილში განსაკუთრებული ბაყაყია, რომელიც სპეციალურ ჰალუცინოგენურ სეკრეტს გამოყოფს, ბაგისთვის მნიშვნელოვანია იმის აღმოჩენა, რომ ლორწოს მისაღებად ამფიბიას მშვიდი მუსიკის მოსმენა სჭირდება, რაც სახლში არსებულ ატმოსფეროს, UK Drill-სა და ბრიტანულ რეპს Coldplay-ითა და The Verve-ით ანაცვლებს. 

ბეილი სკეპტიკურად არის განწყობილი მამის გადაწყვეტილების მიმართ, რადგან სახლში კიდევ ორი ახალი წევრის, კეილისა და მისი შვილის “დამატება” არ უნდა, დროს უმეტესად გარეთ ატარებს, ხელში  მუდმივად ტელეფონი უჭირავს და იღებს ყველაფერს, თითქოს კამერის თვალით აკვირდება ყველანაირ გამოსახულებას, რაც მის მოსაწყენ, ერთფეროვან და რთულ ცხოვრებას ალამაზებს. 

მოგვიანებით ვიგებთ, რომ ბაგი 14 წლის იყო, როცა ჰანტერი გაჩნდა და მასზე სათანადო პასუხისმგებლობის აღება ვერ შეძლო, რითაც ბუნებრივია მისი ცხოვრებაც არეულია და ჯგუფურ ძალადობრივ დანაშაულებშია გარეული, პრობლემები აქვს შეყვარებულის ოჯახთან, რომლებიც მაღალ კლასს წარმოადგენენ. ასეთივე დრამატულია ბეილის დედის, პეიტონის ცხოვრება, მოძალადე შეყვარებულთან და სამ შვილთან ერთად, რის გამოც ბეილი მამასთან ცხოვრობს, თუმცა, მუდმივად ცდილობს მცირეწლოვანი და-ძმების დახმარებას. 

მაშინ როცა ბეილის გარშემო, მის ოჯახის წევრებს, ადამიანებს, რომლებიც მის განვითარებაზე უნდა ზრუნავდნენ, ყველას დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს და საკუთარი პრობლემების გადაჭრაზე ზრუნავენ, ჩნდება პერსონაჟი bird – “ჩიტი,” რომელიც თითქოს არსაიდან მოდის, თავის მისიას ასრულებს და ქრება. 

ფრანც როგოვსკის პერონსაჟი, ბერდი ის სიკეთის სხივია ფილმში, რაც არნოლდის ფილმოგრაფიაში უცხო არ არის. ბერდი ექსცენტრიული და ექსპრესიული კაცია, ვისგანაც ბეილი თავიდან საფრთხეს ელის, ასეთივეა American Honey-ში ტრაილერის მძღოლი, რომელსაც სთარი მიყვება და მაყურებელი თითქოს ძალადობის სცენისთვის ემზადება, თუმცა, ანდრეა არნოლდი ფილმის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ და ყველაზე იმედიან ეპიზოდს ქმნის Bruce Springsteen-ის  Dream Baby Dream-ით. რეჟისორი ამბობს, რომ “Bird”-ის შექმნის დროს მისი მთავარი იერ-სახე, რომელზეც მთელ სიუჟეტს აგებს, არის კაცი, რომელიც მაღალსართულიანი შენობის სახურავის კიდეზე დგას. ბერდი მუდმივად ბეილის თვალთახედვაშია, მისი მთავარი სურათიც სწორედ ეს არის, საწოლიდან პირდაპირ უყურებს როგორ დგას ღამე გარეთ და მუდმივად მის გვერდითაა, თითქოს ფილმის დასაწყისიდანვე ამ ჩიტის გამოჩენას ელოდება მის ცხოვრებაში, რომელიც სიმშვიდეს, ბედნიერებასა და მომავლის იმედს მოუტანს ბეილის. რეჟისორი არანაირ კომენტარს აკეთებს ბერდის პერსონაჟზე, ამბობს, რომ ფილმი მაგიურ რეალიზმს არ განეკუთვნება და ფანტასტიკის ეპიზოდებს იყენებს მხოლოდ იმიტომ, რომ მარტივად, “მას ეს შეუძლია.” “ყოველთვის, როცა ფილმს ვიღებ, ვგრძნობ როგორ ვიზრდები, თუმცა, ვცდილობ ამაზე არ ვილაპარაკო, რადგან მაყურებელი ამით თავის კუთვნილ ურთიერთობას კარგავს ფილმთან. მძულს რაღაცების ახსნა. თავად კინოა ეს რაღაც და მისი ახსნით მათთვის, ვინც ამას უყურებს მთავარი ხალისი იკარგება,” – ამბობს რეჟისორი. 

ბუნებრივია, ბერდი მხოლოდ აჩრდილი არ არის ბეილის ცხოვრებაში და მასაც თავისი ისტორია აქვს, რითაც მათი კავშირი და მეგობრობა მტკიცდება, თუმცა, არნოლდის მოსაზრების მსგავსად ყველაფრის წინასწარ გაგება ფილმს აზრს უკარგავს. ფრანც როგოვსკიმ British Independent Film Awards-ზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის მთავარი ჯილდო მიიღო, რაც მისი პერფორმანსიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის. მის თითოეულ მიხვრა-მოხვრაში, ლაპარაკში, გამოხედვაში იკითხება რას განასახიერებს ის. 

საბოლოოდ არაჩვეულებრივი სამსახიობო გუნდით და განსაკუთრებით ნაიკია ადამსით, რომლისთვისაც “Bird” პირველი როლია, ანდრეა არნოლდი მისთვის დამახასიათებელი ტონით ახერხებს სოციალური რეალიზმის გამორჩეული მაგალითის შექმნას. 

Bird
UK, 2024
რეჟისორი: ანდრეა არნოლდი

ხანგრძლივობა: 1 საათი 58 წუთი

89/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
The Weeknd – Hurry Up Tomorrow

The Weeknd – Hurry Up Tomorrow

| Album: Hurry Up Tomorrow

შემდეგი
Hard Truths

Hard Truths

| შეუდარებელი მარიან ჟან-ბაპტისტი მაიკ ლის ახალ ტრაგიკომიკურ ფილმში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share