შეუდარებელი მარიან ჟან-ბაპტისტი მაიკ ლის ახალ ტრაგიკომიკურ ფილმში
მაიკ ლის ახალი ფილმში, Hard Truths, სიუჟეტის ცენტრში ტრაგიკომიკური პერსონაჟი, პენსი ექცევა. რეჟისორისა და მსახიობის, მარიან ჟან-ბაპტისტის თანამშრომლობა პირველად 1996 წელს, Secrets & Lies-ში შედგა, ამჯერად ფილმი მთლიანად მის სამსახიობო შესაძლებლობებს ეყრდნობა. პენსი ისეთი პერსონაჟია, რომელიც არავისთვის არის უცხო, ყველას შეუძლია ერთი ადამიანის გასხსენება, ვინც სულ ჩხუბობს, ყოველთვის უკმაყოფილოა და თავისი ხასიათის გამო ყველგან გაუგებრობებში ეხვევა.
Hard Truths ლონდონში მცხოვრებ შავკანიან ოჯახზე გვიყვება, ცოლ-ქმრითა და ერთი შვილით. პენსი პირველივე სცენაში კოშმარული სიზმრიდან, ყვირილით იღვიძებს, რის შემდეგაც მისი ყოველი გამოჩენა ხმაურიანია, ეჩხუბება შვილს, რომელსაც იმის გამო აკრიტიკებს, რომ სახლშია და არაფერს აკეთებს და ამავდროულად აკრიტიკებს, როცა გარეთ გასვლა და სეირნობა უნდა, რადგან ქუჩაში მისი დამცირების ან მასზე ძალადობის ეშინია. ასეთივე ურთიერთობა აქვს კარტლისთან, ქმართან, ნებისმიერი შეკითხვა ან დიალოგის წამოწყების მცდელობა მისთვის წარუმატებელია, რადგან პენსისთან ლაპარაკი მუდმივად ყვირილით, ლანძღვითა და იმაზე მოთქმით მთავრდება, როგორი დამღლელია მისთვის ყველაფერი. შესაბამისად ოჯახის ორივე წევრი, მის გარდა, მუდმივად ჩუმად არის, თითქოს ამ დუმილის გამო არამარტო ერთმანეთთან, არამედ საკუთარ თავებთანაც გაუცხოებულები არიან.
ამის პარალელურად მაიკ ლი გვიჩვენებს პენსის დას, რომელიც მისგან სრულიად განსხვავებულია, სიამოვნებით უსმენს თავის მომხმარებლებს სალონში, რჩევებს აძლევს, უღიმის და ერთობა მათთან ერთად. ასეთივეა მისი ოჯახი, აქტიური, ბედნიერი და ხმაურიანი, თუმცა, პენსის სახლისგან განსხვავებით, მათთან ყვირილისა და ჩხუბის ნაცვლად, სიცილის ხმა ისმის. შანტელსა და მის შვილებს, ალიშასა და კაილას, გახსნილი, თავისუფალი ურთიერთობა აქვთ, პირადი ცხოვრების ამბებს უზიარებენ ერთმანეთს, რაც პენსისთვის სრულიად უცხოა, ზედმეტად არაფერს ეკითხება თავის შვილს.
მარიან ჟან-ბაპტისტი მაიკ ლისთან ერთად ახერხებს ისეთი პერსონაჟის შექმნას, რომელიც თან გეზიზღება და თან თანაგრძნობას იწვევს, რადგან კლინიკური დეპრესიით იტანჯება და მისთვისაც აუტანელია საკუთარი ხასიათი, თვითონაც იმდენად იღლება ადამიანებთან მუდმივი კონფლიქტით, როგორი გაუსაძლისიც არის ამ ყველაფრისთვის თვალის დევნება მაყურებლისთვის. მისთვის შეუძლებელია კბილის ექიმთან ვიზიტი, დივანის არჩევა მაღაზიაში, საყიდლებზე წასვლა მარკეტში, რადგან პირველივე ინტერაქცია ადამიანებთან ჩუბითა და შეურაცხყოფით იწყება. არ აქვს მნიშვნელობა სხვები “სწორად” იქცევიან თუ “არასწორად,” დახმარების შემოთავაზებაც კი გამაღიზიანებელის პენსისთვის, რადგან დარწმუნებულია, რომ თავადვე მარტივად გაართმევს თავს ყველაფერს და “არავინ სჭირდება.” თუმცა, დასთან საუბრის დროს ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ოჯახი შექმნა, მარტოობის შიში იყო.
ფილმის ერთ-ერთ საკვანძო ეპიზოდია პენსისა და შანტელის შეხვედრა, დედის საფლავის მოსანახულებლად, სადაც რეჟისორი თითქოს მინიშნებებს გვაძლევს, რას შეიძლება გამოწევია პენსის დეპრესია, მუდმივი შფოთვა და გაღიზიანება. “მინდა, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს, აღარ შემიძლია ამის გაგრძელება, ისეთი შეშინებული ვარ, ყველას ვძულვარ, კარტლის, მოსეს, გოგოებს, შენ,” – ეუბნება დას, რაზეც შანტელის პასუხია, რომ “მისი არ ესმის, თუმცა, უყვარს.” ცხადია, პენსისთვის სწორედ გაგებაა მნიშვნელოვანი, უნდა, რომ სხვებს მისი ესმოდეთ, რადგან ამგვარად მაინც შეძლოს საკუთარი თავის მიღება.
ფილმში მნიშვნელოვანია, როგორ არის მოწყობილი პენსის სახლი, არცერთი ზედმეტი ნივთი, ყველაფერი მუდმივად დალაგებული და სტერილური, ფანჯრები და კარი ყოველთვის დაკეტილი, რადგან მის სივრცეში არაფერი შემოიჭრას, ჩიტების შიში სწორედ ამ მიზეზით არის გამოწვეული, პენსის არ უნდა რაიმე ცოცხალი ორგანიზმი შემოვიდეს მის სახლში. ასეთივე სიმბოლურია შანტელის სახლი, ქაოტური, განსხვავებული, ფერადი ნივთებით, ყვავილებითა და მცენარეებით, ღია ფანჯრებით, რომელშიც მუდმივად სიცოცხლე და ჰაერი იჭრება.
მაიკ ლი თავის ბოლო ფილმში პენსის სახით ყურადღებას ამახვილებს მენტალურ დაავადებებზე, დეპრესიაზე, რა გავლენას ახდენს აღზრდა, ბავშვობის ტრავმები ადამიანზე და რამდენად გაუსაძლისი შეიძლება იყოს მუდმივი სულიერი სიმძიმე. Hard Truths-ის საფესტივალო მოგზაურობა წარმატებული აღმოჩნდა, მარიან ჟან-ბაპტისტმა არაერთ ფესტივალსა და დაჯილდოვებაზე მიიღო პრიზი საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში, მათ შორის აღსანიშნავია Los Angeles Film Critics Association, British Independent Film Awards, Toronto Film Critics Association.
Hard Truths
დიდი ბრიტანეთი, 2024 წელი
რეჟისორი: მაიკ ლი (Mike Leigh)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 37 წუთი