ბრუტალისტი (The Brutalist) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ბრეიდი კორბეტის ეპიკური დრამა, რომელშიც ედრიენ ბროდიმ კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო

ბრეიდი კორბეტის “ბრუტალისტის” პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმმა ვერცხლის ლომის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო რეჟისურისთვის. “ბრუტალისტი” მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპიდან უნგრელი არქიტექტორის ამერიკაში ემიგრაციაზე და ცხოვრების ახლიდან დაწყებაზეა, თუმცა, რეჟისორი ახერხებს ერთდროულად მრავალ საკითხს შეეხოს, არქიტექტურას, კაპიტალიზმს, ამერიკელთა განწყობას ომის შემდეგ ქვეყანაში ჩასული ებრაელების, “უცხოს” მიმართ, ნარკოდამოკიდებულებას, წარუმატებლობას, ადამიანში ხელოვანის ჩაკვლის სურვილს. კორბეტი ამბობს, – “ბრუტალისტი არის პერსონაჟზე, რომელიც ფაშიზმს გაურბის და კაპიტალიზმს ეჯახება.” 

დასაწყისში ლასლო ტოცის (ედრიენ ბროდი) გაურკვეველ გარემოში ვხვდებით, ბნელ, ხმაურიან ადგილას, საიდანაც თავს ყოფს და ეგებება “თავისუფლების ქანდაკებას,” თუმცა, სიმბოლურია, რომ რეჟისორი ქანდაკებას ამოყირავებულს გვიჩვენებს. ამის პარალელურად გვესმის ედრიენ ბროდის პერსონაჟის ცოლის, ერზბეტის (ფელისიტი ჯონსი) ხმა, რომელიც მისთვის გაგზავნილ წერილს კითხულობს, – “ისინი მოგვიწოდებენ “გავიხაროთ ჩვენი თავისუფლებით,” ამ დროს გოეთე მახსენდება, “არავინ არის იმაზე მეტად უიმედოდ დამონებული, როგორც ადამიანი, რომელსაც არასწორად სჯერა თავისი თავისუფლების.”” სწორედ ასეთი ბედი ელის ცნობილ არქიტექტორს, რომელიც ამერიკაში თავისუფლების მოსაპოვებლად ჩადის, რათა ცხოვრების ახლიდან დაწყება და, რაც მთავარია, საკუთარი შემოქმედებითი სურვილების თავის ნებაზე განხორციელება შეძლოს. 

ლასლოსთვის პირველი სამსახური ამერიკაში, ფილადელფიაში ავეჯის მაღაზიაა, რომელსაც თავისი ბიძაშვილი ატილა მართავს. ის დასავლურ საზოგადოებასთან კარგად ადაპტირდა, ცოლთან ერთად კათოლიციზმი მიიღო და კომპანიას “მილერი და შვილები” დაარქვა, რადგან “ხალხი ოჯახურ ბიზნესებს კარგად იღებს,” თუმცა, როგორც ლასლო პასუხობს, “No Miller, no sons” – ატილას გვარი მოლნარია. მიუხედავად იმისა, რომ ტოცისთვის ავეჯი არაფრისმთქმელია და თვითონ მაღაზიაში არსებულისგან განსხვავებულ დიზაინს ქმნის, მოწონებას ვერ იმსახურებს, რადგან ატილას ცოლის აზრით, უადგილოა და საბავშვო ველოსიპედს ჰგავს. პირველი დიდი შეკვეთა, ჰარი ლი ვან ბურენისგანაა, მოთხოვნა მამის (გაი პიერსი) ბიბლიოთეკის გადაკეთებაა, რომელიც ამჟამად სახლში არ იმყოფება, თუმცა, ერთკვირიან შრომას ჰარისონის (მამა) უეცარი გამოჩენა და მისი განრისხება მოჰყვება, რადგან მისთვის ატილა და ტოცი სახლში დაუკითხავად შეჭრილი თაღლითები არიან. საბოლოოდ, ლასლოსთვის გაუგებარი ბრალდებით ატილა მასთან როგორც საქმიან, ისე მეგობრულ ურთიერთობას წყვეტს და ტოცის თავშესაფარში უწევს ცხოვრების გაგრძელება, სადაც თავს ძველ ნარკოდამოკიდებულება იჩენს. 

პირველი იმედგაცრუება, მოგვიანებით ლასლოსთვის მისი ცხოვრების გარდამტეხი მოვლენა აღმოჩნდება, მოულოდნელი აღიარება ჰარისონ ვან ბურენისგან, რომელიც ტოცის ვინაობას არკვევს, მისი წარსულის არქიტექტურულ შედევრებს ეცნობა და თანამშრომლობას სთავაზობს. სწორედ მისი დახმარებით, ლასლოს მიერ გადაკეთებული ბიბლიოთეკის პრეზენტაციისადმი მიძღვნილ წვეულებაზე ხვდება ადამიანს, რომელიც ცოლის, ერზბეტისა და დისშვილის, ჟოფიას ამერიკაში ჩამოყვანაში ეხმარება, ჰარისონთან ათანხმებს ახალ პროექტს, საზოგადოებრივ ცენტრს, რომელიც ოთხ ნაგებობას აერთიანებს და ვან ბურენის დედის საპატივცემულოდ უნდა შეიქმნას.

თითქოს მისი ცხოვრება კალაპოტში დგება, თუმცა, სწორედ ამ დროს ხვდება ყველანაირ უსამართლობას, აგდებულ დამოკიდებულებას, მისი შემოქმედების ერთი მხრივ დაფასებასა და თაყვანისცემას, ხოლო ამავდროულად ადამიანების სურვილს შეუზღუდონ თავისუფლება და მისი ინდივიდუალური სტილი და არქიტექტურა გაანადგურონ. მდიდრები, ადამიანები, რომელთაც ძალაუფლება აქვთ და გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ, პენეტრირებენ მის პირად ცხოვრებაში, შეურაცხყოფენ ლასლოს ოჯახს, ამის დადასტურება, ეპიკური სცენაა, რომელშიც ჰარისონი “შეღწევისა” და “დამორჩილების” სურვილზე უარს არ ამბობს. “მთელი ფილმი რეგენერაციაზეა, ფიზიკური სხეულისა და კარიერის აღდგენაზე მას შემდეგ, რაც ყველაფერი ნადგურდება. ტრავმებისგან თავის დაღწევაზე. შენობაც ამის გამოხატულებაა, ფიზიკური მანიფესტაცია იმისა, რასაც ისინი ღრმად ინახავენ საკუთარ თავში. პირდაპირი მნიშვნელობითა და მეტაფორულად ყოველ ჯერზე თავიდან შეურაცხყოფის მიღება, ძალადობა,” – აღნიშნავს კორბეტი. 

“ბრუტალისტი” მიძღვნა და პატივისცემის გამოხატვაა არქიტექტურის, ბაუჰაუსის სკოლისა და ბრუტალიზმის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ კორბეტი და მისი ცოლი, თანასცენარისტი, მონა ფასტვოლდი ისეთივე სრულყოფილებითა და სიზუსტით ეპყრობიან კინოს, როგორც ლასლო ტოცი თავის ქმნილებას, დოილესთაუნის ვან ბურენის საზოგადოებრივ ცენტრს. “ბრუტალისტში” ერთდროულად შენარჩუნებულია 50-იანი წლების ესთეტიკა და თანამედროვეობის სტილისტიკა. ფილმის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ედრიენ ბროდის შეუდარებელი შესრულება, რისთვისაც მან კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში. 

ბრუტალისტი (The Brutalist)
აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა 2024 წელი
რეჟისორი: ბრეიდი კორბეტი (Brady Corbet)


ხანგრძლივობა: 3 საათი და 34 წუთი

89/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
Hard Truths

Hard Truths

| შეუდარებელი მარიან ჟან-ბაპტისტი მაიკ ლის ახალ ტრაგიკომიკურ ფილმში

შემდეგი
განსხვავებული ადამიანი (A Different Man)

განსხვავებული ადამიანი (A Different Man)

| სებასტიან სტანი და ადამ პიარსონი აარონ შიმბერგის ფსიქოლოგიურ კომედიაში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share