განსხვავებული ადამიანი (A Different Man) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

განსხვავებული ადამიანი (A Different Man)

სებასტიან სტანი და ადამ პიარსონი აარონ შიმბერგის ფსიქოლოგიურ კომედიაში

აარონ შიმბერგის “განსხვავებული ადამიანის” მთავარი პერსონაჟი, ედუარდი (სებასტიან სტანი) ნევროფიბრომატოზით დაავადებული ადამიანია, დეფორმირებული სახითა და მკვეთრად გამოხატული ნევროფიბრომული წანაზარდებით. რეჟისორი ცნობილია ფილმით “Chained for Life,” რომელიც იმავე თემატიკაზეა და როგორც თვითონ ამბობს ამ საკითხით დაინტერესება თავისივე სახის პათოლოგიასთანაა დაკავშირებული. “A Different Man” აარონ შიმბერგისა და ადამ პიარსონისთვის (ოსვალდი) მეორე საერთო ფილმია იმ განსხვავებით, რომ “Chained for Life”-ში პიარსონი მორცხვი, კომპლექსიანი ადამიანის როლს ასრულებს, “განსხვავებულ ადამიანში” კი თავისი ფიზიკური დეფექტის მიუხედავად თავდაჯერებული და გახსნილია. 

ედუარდსა და ოსვალდს ერთი და იგივე დაავადება აქვთ, თუმცა, ცხოვრება მათთვის სულიად განსხვავებულია. ედუარდი მსახიობია და ნევობიფომატოზის ცნობიერების ასამაღლებელ ვიდეოკლიპში მონაწილეობს, სახლში მეტროთი დადის, ცდილობს თვალი არავის გაუსწოროს, რითაც პირველ რიგში დაცინვას, შემდეგში კი ფიზიკურ შეურაცხყოფასა და კონფლიქტურ სიტუაციებს ირიდებს თავიდან. ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელსაც კიბეებზე ხვდება, აღნიშნავს, რომ ედუარდი ძალიან მორცხვია, ვუდი ალენს ჰგავს უხერხული მოძრაობებით, ურჩევს ჯიუ ჯიცუთი დაკავდეს და ეუბნება, “ცხოვრების ყველა უბედურება იქიდან მოდის, რომ არსებულის მიღება არ შეგვიძლია.” ფრაზა ორჯერ მეორდება და ფილმის ტონსა და განწყობას ეხმიანება. 

ოსვალდთან და ედუარდთან ერთად ფილმის მნიშვნელოვანი პერსონაჟია ინგრიდი (რენატე რეინსვი). მსახიობი ფაქტობრივად იმავე სახის ქალის როლს ასრულებს “განსხვავებულ ადამიანში,” როგორც თავის ცნობილ ფილმში “The Worst Person in the World,” დამოუკიდებელი, ქარიზმატული, ეგოისტი, “ფატალური ქალი.” ინგრიდი ედუარდის ახალი მეზობელია, რომელიც თავიდანვე ძალიან მეგობრულია და განსაკუთებულ ინტერესს იჩენს მის მიმართ, ჰპირდება, რომ აუცილებლად ათამაშებს დადგმაში, რისთვისაც სცენარს წერს. თუმცა, სამედიცინო ექსპერიმენტის შემდეგ, რითაც ედუარდი “გამოჯანმრთელდება” და უნაკლო სახეს იღებს, მათი გზები დროებით ერთმანეთს შორდება, რადგან ედუარდი თავს გარდაცვლილად ასაღებს და ახალი იდენტობით, წარმატებული, უძრავი ქონების აგენტის სახელით აგრძელებს ცხოვრებას. 

მოგვიანებით ედუარდი და ინგრიდი ისევ ხვდებიან ერთმანეთს ქასთინგის სინჯებზე, ამჯერად გაის სახელით, რომელიც დაინტერესებულია დადგმის მთავარი პერსონაჟის როლის შესრულებით. სცენარში მისი ისტორია წერია, ეპიზოდები ინგრიდისა და ედუარდის ურთიერთობიდან, დიალოგები მათ შორის. ისინი მეორედაც მარტივად მეგობრდებიან, თუმცა, ედუარდის ცხოვრებაში ახალი გარდამტეხი ადამიანი ჩნდება, ოსვალდი, რომელიც სრულიად განსხვავებულია მისგან და ზუსტად ისეთია, როგორად ყოფნასაც ყოველთვის ნატრობდა, მათ შორის ახლაც, რადგან უნაკლო ფიზიკური აღნაგობა მისთვის არაფერს ცვლის, პირიქით, უფრო მეტად თრგუნავს და ურთულებს ყოველდღიურობას. ოსვალდი ბედნიერია, სრული მიმღებლობა აქვს თავისი თავის მიმართ, ჰყავს ცოლი, რომელთანაც ამჟამად განქორწინებულია, შვილი, დადებით განწყობას იწვევს ადამიანებში, დაკავებულია იოგათი, მღერის, მეგობრულია და რაც მთავარი და ყველაზე მეტად გაუგებარია ედუარდისთვის, იზიდავს ქალებს. 

“მსგავსი არაფერი მომივიდოდა თავში [იგულისხმება როგორ არის გადმოცემული ფილმში ედუარდისა და ოსვალდის პერსონაჟები] ადამი რომ არ გამეცნო. ჩემს წინა ფილმში ადამი მორცხვ პერსონაჟს ასრულებდა, რაც რეალურად ჩემ თავს აღწერს. ასეთი ვარ მე და არასდროს მქონია პოზიტიური დამოკიდებულება რაღაცების მიმართ, ვგულისხმობ არამარტო ჩემს ფიზიკურ ნაკლოვანებას, არამედ ყველაფერს. ყოველთვის ჩემს სასის ნაპრალს ვაბრალებდი ყველაფერს. შემდეგ ადამს შევხვდი და დავინახე, რომ ისეთი ადამიანია, რომელიც სრულად აკონტროლებს იმ ფაქტს, თუ როგორ იქნება საზოგადოებისთვის აღქმული, რაც შთაგონება იყო ჩემთვის,” – ამბობს რეჟისორი ოსვალდის როლის შემსრულებელ ადამ პიარსონზე. “განსხვავებული ადამიანი” ცხოვრების იმ დაბრკოლებაზეა, როცა ადამიანს საკუთარი თავის მიღება არ შეუძლია და გვიჩვენებს ერთნაირ ფიზიკურ მოცემულობაში მყოფ ორ კაცს, რომელთაც ერთი პრობლემა აქვთ, თუმცა, განსხვავებული დამოკიდებულება და შესაბამისად გამოსავალი ამ გამოწვევიდან. 

“განსხვავებული ადამიანის” პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, სებასტიან სტანს საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში მოპოვებული აქვს “ვერცხლის ლომის” ჯილდო ბერლინის კინოფესტივალზე, ასევე დაჯილდოვებულია ამავე კატეგორიაში ოქროს გლობუსზე.

განსხვავებული ადამიანი (A Different Man)
აშშ 2024 წელი
რეჟისორი: აარონ შიმბერგი (Aaron Schimberg)


ხანგრძლივობა: 1 საათი და 52 წუთი

80/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
ბრუტალისტი (The Brutalist)

ბრუტალისტი (The Brutalist)

| ბრეიდი კორბეტის ეპიკური დრამა, რომელშიც ედრიენ ბროდიმ კინოაკადემიის უმაღლესი

შემდეგი
მოზარდობა (Adolescence)

მოზარდობა (Adolescence)

მიზოგინია და სისასტიკე – რამ გამოიწვია ნეტფლიქსის ახალი სერიალის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share