მიზოგინია და სისასტიკე – რამ გამოიწვია ნეტფლიქსის ახალი სერიალის პოპულარობა
“მოზარდობა” სტივენ გრემისა და ჯეკ თრონის ნეტფლიქსის ახალი ოთხსერიიანი მინისერიალია, რომელიც უმთავრესად ეხმიანება მოზარდი ბიჭების მხრიდან მიზოგინურ დანაშაულებს. შთაგონება სტივენისთვის ელიან ანდამისა და ავა ვაითის მიმართ მათივე თანატოლების მხრიდან ბრიტანეთში მომხდარი მკვლელობებია. განსხვავებით სხვა სერიალებისა, რომლებიც მხოლოდ დამნაშავის ან დაზარალებულის ფსიქოლოგიას იკვლევს, “მოზარდობა” ცდილობს ამ ისტორიაში მოქმედი ყველა მხარის პერსპექტივა მოიცვას.
პირველ სერიაში უშუალოდ დანაშაულსა და მილერების ოჯახს ვეცნობით, ახალი მოულოდნელი ინფორმაციით გამოწვეულ გაურკვევლობასა და პირველად რეაქციებს, რაც უმთავრესად უარყოფაა, დაუჯერებელია მშობლებისთვის, როგორ უნდა დასხმოდა თავს და სასიკვდილოდ დაეჭრა შვილს თავისივე თანატოლი, მაშინ როცა ამის ვერანაირ წინაპირობას ხედავდნენ. მამა, რომელიც მისი თანმხლები პირია და ყველა დაკითხვასა თუ პროცედურას ესწრება ვიდეოჩანაწერის ჩვენების დროსაც კი ვერ იჯერებს მომხდარს, მისთვის გაურკვეველია მიზეზი, ისევე როგორც დეტექტივი ბასკომბისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ცხადია, არ არსებობს დანაშაულის იარაღი და მოტივი, რაც გამომძიებლისთვის მთავარი თავსატეხია. მოგვიანებით ვარკვევთ, რომ მასაც ამ ასაკის შვილი ჰყავს, რომელთანაც დამთმობი და მოწყალეა, თუმცა, რეალურად მასთან 5 წუთიანი დიალოგიც კი არ ჰქონია და საერთოდ არ იცის რას ფიქრობს ან რა აწუხებს მის შვილს. პირველ სერიას შედარებით მშვიდი ტემპი აქვს, რადგან პერსონაჟებს მაყურებელთან ერთად გამორკვევის ეტაპი აქვთ და პასუხს სცემენ კითხვებს, – “რა, ვის მიერ და როგორ მოხდა.” მთავარი ფოკუსი ჯეიმიზე და მის ოჯახის წევრებზე, მამაზე, დედასა და დაზე, ლისაზეა, რომლებიც შეშინებულები და დაბნეულები არიან.
მეორე სერიაში ყურადღება ექცევა გარემოს, რაშიც დანაშაული აღმოცენდა, ყველაფერს, რასაც აღნიშნულისთვის ხელის შეწყობა შეეძლო. კლასელები, თანატოლები, ადამიანები, რომელთაც სინანულის განცდა არ აქვთ და ჩვეულ ტემპში აგრძელებენ ცხოვრებას მაშინ, როცა სკოლის წინ მოკლულის, ქეითს მემორიალია მოწყობილი. რამდენად უმნიშვნელოა მასწავლებლებისთვის მომხდარი და ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას, არანაირ რესურსს დებენ მოსწავლეების აღზრდასა და სწავლების პროცესს, როგორც მოვალეობასა და სწრაფად მოსაშორებელ სამსახურს ეკიდებიან. ამ სერიაში ვხედავთ რამხელა მანძილია ზრდასრულ ადამიანებსა და მოზარდებს შორის, რამდენად უცხოა მათთვის ყველაფერი, რაც ბავშვებისთვის ყოველდღიურია. ბასკომბისა და მისი შვილის დიალოგი ერთგვარი გამოფხიზლებაა მამისთვის, რომელიც პირველად იგებს რამხელა მნიშვნელობა აქვს ემოჯის, ინსტაგრამის ენას მოზარდებისთვის. ადამი ეუბნება რას ნიშნავს, მოძრაობა “წითელი აბი,” “80-20-ის წესი,” როცა ქალების 80%-ს მხოლოდ კაცების 20% აინტერესებთ, რა არის ინსელი, ცელიბატი და როგორ უკავშირდება ყველაფერი ჯეიმის მიერ ჩადენილ დანაშაულს. იმდენად დეტალიზებული და სიმბოლურია მათთვის ყველაფერი, რომ გულის ემოჯიც სხვადასხვა ფერის მიხედვით განსხვავებულ ემოციას გამოხატავს, წითელი სიყვარულია, იასამნისფერი აღგზნება, ყვითელი ინტერესს , რომელიც საპასუხი რეაქციას მოითხოვს, ვარდისფერი დაინტერესებაა, თუმცა არა სექსუალური და ნარინჯისფერი გამხნევების სიმბოლოა. ამ ეპიზოდში ვარკვევთ, რომ ჯეიმის მიერ ჩადენილი დანაშაული სწორედ იმ მიზოგინური აზრებისა და იდეების მოსმენით არის ფორმირებული, რასაც ამ იდეოლოგიების მიმდევარი ზრდასრული კაცები ავრცელებენ.
მესამე ეპიზოდი ერთ-ერთი საუკეთესოა სერიალისთვის, რომელიც ფსიქოლოგისა და ჯეიმისი შეხვედრას აღწერს, რათა ბრიონიმ სასამართლოსთვის საბოლოო დასკვნა დაწეროს. სწორედ აქ ჩანს ახალგაზრდა, დამწყები მსახიობის, ოვენ კუპერის შეუდარებელი უნარები. მისი ყველა ემოცია, მიმიკა, მოძრაობა სრულად ეხმიანება პერსონაჟის განცდებს, რომელიც მიუხედავად ჩადენილი სასტიკი დანაშაულისა პირველ ეპიზოდში სახლში პოლიციის გამოჩენისას შიშისგან შარვალს ისველებს. ჯეიმი ბრიონისთან საუბრის დროს გლოვის ხუთივე ფაზას გადის, თავიდან უარყოფს დანაშაულს, ამბობს, რომ მას ეს არ ჩაუდენია, შეეძლო, ამის ყველანაირი მიზეზი ჰქონდა, თუმცა, დამნაშავე არ არის. შემდეგ ბრაზდება, ცხელი შოკოლადის ჭიქას ისვრის, აგრესიას გამოხატავს ფსიქოლოგის მიმართ, დგება, დადის, ყვირის, რასაც ე.წ. მოლაპარაკების სტადიაზე გადაყავს, ცდილობს გამართლება მოუძებნოს ქეითის მკვლელობას, პასუხისმგებლობა ჯეიმის მიმართ მის დამამცირებელ დამოკიდებულებაზე გადაიტანოს, არგუმენტები მოჰყავს და “ევაჭრება” ბრიონის იმისთვის, რომ აღიარებინოს, რომ დანაშაული მხოლოდ მისგან პროვოცირებული არ არის. მოგვიანებით უკვე სრულიად უსუსური ხდება, სევდიანდება, თავის ემოციებზე იწყებს ლაპარაკს, ვალიდაციას ეძებს ფსიქოლოგისგან. საბოლოოდ კი დანაშაულს აღიარებს, რაც შემდგომში მამამისთან დიალოგში დასტურდება. ამ ეპიზოდში ჯეიმის როლთან ერთად მნიშვნელოვანია ბრიონი, რომელიც იმ ემოციებს გამოხატავს, რასაც მიზოგინი, მოძალადე კაცები ქალებში იწვევენ, ერთგვარი ქეითის პერსპექტივაა, რადგან შეგრძნებები, რასაც ფსიქოლოგი მალავს, ის განცდებია, რომელიც დამცირებულ, გაუფასურებულ ქალს უჩნდება.
ბოლო ეპიზოდი იმ ადამიანებზეა, რომელთაც დანაშაული პირდაპირ ეხებათ, თუმცა, ამაზე რატომღაც არავინ საუბრობს ხოლმე და ოჯახს, გარემოს, რაშიც დამნაშავეები წარმოიშვნენ ისევე გულგრილად უყურებენ, როგორც თავად ბოროტების შემოქმედებს. რამხელა დამცირების, გარიყვისა და შეურაცხყოფის ფონზე უწევთ ცხოვრების გაგრძელება მაშინ, როცა თავიანთი ოჯახის წევრების უარყოფაც არ შეუძლიათ. ლისა ამბობს, “ჯეიმი ჩვენია,” ამიტომ მათ არ შეუძლიათ მისი მოკვეთა, ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფრის მიღება და თავის მოჩვენებაა მათთვის, ვისთვისაც ცხოვრება წინაა, დედისთვის, მამისთვის, მეუღლისთვის, ადამიანებისთვის, ვისაც გამხნევება და თანადგომა სჭირდებათ. გარდა იმისა, რომ მათ პირადი ტრაგედია აქვთ, რომელშიც, რასაკვირველია, თავს იდანაშაულებენ, უწევთ სოციუმის რეაქციებზე პასუხისგებაც, რაც მუდმივად თან სდევს მათ ყოველდღიურობას.
“მოზარდობის” აქტუალურობის მთავარი მიზეზი საკითხია, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, მშობლისთვის, მასწავლებლისთვის, სახელმწიფოსთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ძალადობრივი იდეოლოგიების გავლენის ქვეშ მარტივად ექცევიან გაუაზრებლად და უდიდეს აგრესიასა და ბრაზს ატარებენ. გარდა ამისა სერიალის წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მსახიობთა არაჩვეულებრივი შესრულება, ოვენ კუპერის სამსახიობო დებიუტი და სტივენ გრემის შეუადრებელი პერფორმანსი მეოთხე ეპიზოდში. “მოზარდობა” ერთი ამოსუნთქვით სანახავი სერიალია, რასაც უწყვეტი კადრით გადაღებული სერიები განაპირობებს, კამერა არასდროს ტოვებს პერსონაჟებს და მათ ყველა ემოციას აღბეჭდავს, რაც მაყურებლის სრულ კონცენტრაციასა და დინამიურ თვალის დევნებას მოითხოვს.
“მოზარდობა” ნეტფლიქსზე 13 მარტს გამოჩნდა და წამყვან ადგილს იკავებს ყველა მსხვილი გამოცემისა და სარეიტინგო დაფის სიაში.
მოზარდობა (Adolescence)
დიდი ბრიტანეთი 2025 წელი
რეჟისორი: სტივენ გრემი (Stephen Graham) და ჯეკ თრონი (Jack Thorne)
ხანგრძლივობა: 4 ეპიზოდი – ეპიზოდი 51-65 წუთი