პლანეტა ნიფელჰაიმის კოლონიზაცია, ადამიანის დაპრინტვის კონცეფცია და დიქტატორული ვნებები – ბონგ ჯუნ-ჰოს ახალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის კინო
ბონგ ჯუნ-ჰოს ახალი ფილმი “მიკი 17” უფრო მეტად “Okja”-სა და “Snowpiercer”-ის ტიპის ნამუშევარია და განსხვავდება ტრიუმფატორი “პარაზიტისგან,” ამიტომ მათთვის, ვინც “პარაზიტის” მსგავს კინოს ელოდა რეჟისორისგან, შეიძლება “მიკი 17” იმედგამაცრუებელი იყოს, თუმცა, რეჟისორი ახერხებს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისთვის შესაბამისი ატმოსფეროს შექმნას და გარემოს დაცვით თუ სოციალური უთანასწორობის საკითხებზე ამჯერად იუმორითა და სარკაზმით ლაპარაკობს.
მიკი ბარნსი (რობერტ პატინსონი) ფილმის ცენტრალური პერსონაჟია, რომელსაც თავის ბიზნეს პარტნიორთან, ტიმოსთან (სტივენ იენი) ერთად დადებული არასწორი გარიგების გამო სიკვდილი ემუქრება და პრობლემის ერთადერთ გამოსავლად ექსპერიმენტში მონაწილეობა ესახება, რითაც დედამიწიდან გაქრება. საპრეზიდენტო არჩევნებში ორჯერ დამარცხებული კანდიდატი კენეტ მარშალი (მარკ რუფალო) გაურკვეველი წარმოშობის რელიგიური ორგანიზაციის მხარდაჭერით პლანეტა ნიფელჰაიმზე კოლონიზაციას გეგმავს, რომელიც მიზნად ისახავს “წმინა, თეთრი პლანეტის შექმნას, უმაღლესი რასის ხალხით.” პერსონაჟი დონალდ ტრამპის პროტოტიპია თავისი იდეოლოგიითა და აზრებით, მარკ რუფალო ვიზუალურადაც ემსგავსება მას და მთელი ფილმის განმავლობაში თითქოს ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის პაროდიას აკეთებს. მიკი თავის პარტნიორ ტიმოსთან ერთად ხელს აწერს კონტრაქტს, თუმცა, მისგან გასხვავებით, თანხმდება დამატებით პირობაზე, იყოს “expandable,” ადამიანი, რომელსაც ყოველ ჯერზე როცა მოკვდება, თავიდან დაიპრინტება.
“მიკი 17” ედუარდ ეშტონის 2022 წლის ნოველას “მიკი 7”-ს ეფუძნება, მაგრამ რეჟისორისთვის ადამიანის დაპრინტვის კონცეფცია, ხელახლა დაბადებისა და განმეორებითი სიკვდილის იდეა იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ფილმში მიკის მე-17 ვერსიას ვეცნობით. “ადამიანის დაპრინტვის აზრი, თითქოს ისინი ქაღალდის ნაგლეჯები არიან, იმდენ ეთიკურ და ემოციურ პრობლემას მოიცავს, იმაზე ფიქრი დავიწყე როგორი იქნებოდა ჩემთვის, მე რომ დავეპრინტე ვინმეს ან რას გრძნობ როცა უყურებ შენთვის საყვარელ ადამიანს, რომელსაც თავიდან პრინტავენ. ეს ერთდროულად სევდიანი და სახალისოა,” – ამბობს რეჟისორი. მიკი ბარნსი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც სიცოცხლისთვის სახიფათო ექსპერიმენტებისთვის იყენებენ, მასზე ცდიან კოსმიურ რადიაციას, ჰაერში არსებულ ვირუსს, რასაც მიკის რამდენიმე ვერსია ეწირება, სანამ ვაქცინას შექმნიან. აღნიშნული პრობლემების მოგვარების შემდეგ, ნიფელჰაიმის მთავარ გამოწვევად პლანეტაზე მცხოვრები არსებები რჩება. ისინი კენეტ მარშალისა და სამეცნიერო გუნდისთვის მტრები არიან, რომლებიც ნიფელჰაიმიდან უნდა განდევნონ, თუმცა, რეალურად ნაშა (მიკის შეყვარებული) და მიკი 17 აღმოაჩენენ, რომ პირიქით პლანეტის მასპინძლები მათ გადარჩენასა და დახმარებაზე ზრუნავენ.
“მიკი 17”-ის კოსმოსური ხომალდი არაფრით გამორჩეული რკინის კონსტრუქციაა, რომელიც შიგნიდან კიდევ უფრო კლაუსტროფობიური და ერთფეროვანია, რეჟისორი არასდროს გვაჩვენებს სრულ სურათს, არ ვიცით როგორ უკავშირდება ერთმანეთს სივრცეები, ყველაფერი დანაწევრებული და პატარაა. ინტერიერი სრულად არის მორგებული დაბალი სოციალური ფენის, ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ ადამიანებზე, მარშალის ფანატიკოს მხარდამჭერებზე, რომელთაც როგორც უნდა ისე მოექცევიან და ნებისმიერ გარემოში ამყოფებენ.
ფილმის პირველი ნახევარი მიკის მუდმივ განახლებას ეთმობა და სიკვდილის საკითხს უღრმავდება, “როგორი შეგრძნებაა სიკვდილი?” – ეკითხებიან მიკის, რაც მისთვის მიუხედავად მე-17 დაბადებისა, უსიამოვნო განცდაა, თუმცა, რეურად მაშინ გრძნობს გარდაცვალების შიშს, როცა შეცდომით მიკი 18-ს პრინტავენ, რითაც “multiple”-ების (ადამიანი, რომელსაც რამდენიმე ცოცხალი ვერსია ჰყავს) კანონიერი საზღვრები ირღვევა, რითაც შეიძლება მიკი 17 მიკი 18-თან ერთად მოკლან. მიკის ბოლო ვერსია სრულიად განსხვავებულია მისი დანარჩენი სიცოცხლეებისგან, უფრო მეტად თამამი, ჭკვიანი, ძლიერი და მტკიცეა, ყველაფერი, რასაც მიკი 17 ინატრებდა რომ ყოფილიყო, თუმცა, მათი თვისებები, გადაწყვეტილებები და მოქმედებები ერთმანეთთან შეუთავსებელია და ორივეს არსებობისთვის საფრთხეს ქმნის. “ვფიქრობ ყველა ადამიანში ცხოვრობს 17. ზოგჯერ ჩვენგან სარგებელს ნახულობენ და ჩვენ იმ მომენტს, როცა მათზე უნდა გავბრაზდეთ ხელიდან ვუშვებთ ისევე, როგორც 17 იხდის მადლობას ვახშმის შემდეგ, სადაც მასზე საშინლად იძალადეს. არასწორ რაღაცებს ვამბობთ და ბრაზს გულში ვიტოვებთ. ასეთ დროს წარმოვიდგენთ ხოლმე, რა იქნებოდა ისეთი ტყუპი რომ გვყოლოდა, როგორიც არის 18, რომელიც ჩვენ მაგივრად აგებინებდა პასუხს ცუდ ადამიანებს, მათ, ვინც გაგვაბრაზა. 18 ჩვენში არსებული ამ სურვილის მანიფესტაციაა,” – ამბობს ბონგ ჯუნ-ჰო.
ვფიქრობ ყველა ადამიანში ცხოვრობს 17
ბონგ ჯუნ-ჰო
“მიკი 17”-ის მთავარი კითხვაა სად არის ადამიანის ადგილი გარემოს დაპყრობის, მისი ათვისებისა და მათზე მორგების დროს, ვისაც ეს ყველაფერი არ ეკუთვნის, ამიტომ ფილმის ბოლო ეპიზოდები ნიფელჰაიმის მკვიდრი არსებებისა და მათთან ჩასული უცხო კოლონიზატორების ურთიერთობას ეხება. როგორ პასუხობენ ისინი დამპყრობლებს და როგორ ექცევიან, ვინც ამ “ბრძოლაში” თავისი ადგილი იცის.
ბონგ ჯუნ-ჰოს “მიკი 17” მარტივად გადმოცემული კინოა, რომელიც სიღრმეებისა და ფილოსოფიური ანალიზის გარეშე აკეთებს კომენტარს ავტორიტარიზმსა და დიქტატორულ ვნებებზე, სიკვდილსა და სიცოცხლეზე, თანამედროვე სამყაროში არსებულ უთანასწორობასა და გარემოზე ზემოქმედების პრობლემებზე.
მიკი 17 (Mickey 17)
აშშ, სამხრეთ კორეა 2025 წელი
რეჟისორი: ბონგ ჯუნ-ჰო (Bong Joon Ho)
ხანგრძლივობა: 2 საათი და 17 წუთი