პოსტაპოკალიპტური მიწისქვეშა სამყარო ჰიუ ჰაუვის წიგნების ციკლის მიხედვით შექმნილ სერიალში.
გლობალური კატასტროფის შემდეგ მიწის ქვეშ მთელი ქალაქი შეიქმნა, სადაც მცხოვრები ადამიანები თვლიან რომ დედამიწაზე (მიწის ზემოთ) სიცოცხლე აღარ შეიძლება. აქ მცხოვრებმა ათასობით ადამიანმა ნაკლებად იცის რა მოხდა წარსულში და როგორ, რადგან 140 წლის წინ მიწისქვეშა დასახლებაში მომხდარი აჯანყების შედეგად მთელი არქივები განადგურდა. აჯანყება ჩაახშეს, აჯანყებულები დასაჯეს და ყოველი რელიქვია, რაც წარსულს უკავშირდება აკრძალეს, თუმცა ერთი უცნაური წესი დატოვეს: ადამიანს რომელსაც აღარ სჯერა აქ არსებული რეალობის, შეუძლია სახალხოდ წარმოთქვას ერთი ფრაზა – ,,მე გარეთ მინდა”, რის შემდეგ ხელისუფლება ვალდებულია სკაფანდრი ჩააცვას, გაუშვას გარეთ მსურველი და მხოლოდ კამერით ადევნოს თვალი. მათი ბედი კი ყველასი ერთნაირია- ისინი რამოდენიმე მეტრს გადიან და სასიკვდილოდ განწირულები იქვე ეცემიან. მიწისქვეშეთის რამოდენიმე მაცხოვრებელი ეჭვობს, რომ რაღაც ისე არაა, რა რეალობასაც მათ ქალაქის შემქმნელები სთავაზობენ…!
თითქოს ნაცნობი და გაცვეთილი სიუჟეტის მიუხედავად “სილო” ახერხებს დარჩეს საინტერესო და უაღრესად დამაინტრიგებელ სანახაობად, სადაც ფანტასტიკა, დეტექტივი, დრამა ერთმანეთში კარგადაა ჩახლართული. სერიალის შემქმნელი გრემ იოსტია, რომლის პროდიუსერობით შექმნილია ისეთი პროექტები როგორიცაა: “ამერიკელები”, “ნელი ცხენები”, “წყნარი ოკეანე”. ასევე მისი დაწერილია სცენარი 1994 წლის იან დე ბონტის ფილმისთვის “Speed”.