ალექსანდრ დიუმას უკვდავი რომანის ახალი ეკრანიზაცია.
1627 წელი, საფრანგეთი ღრმა პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. ქვეყანა ფაქტიურად ორადაა გახლეჩილი, კათოლიკეებს და პროტესტანტებს შორის, ამ უკანასკნელთ კი ბრიტანელები აშკარად მხარს უჭერენ და ეხმარებიან. საფრანგეთის მეფე, მისი უდიდებულესობა ლუი XIII ამჯობინებს სიმშვიდე შეინარჩუნოს და მკვეთრ გადაწყვეტილებებს თავს არიდებს, მინდობილი აქვს რა ამდაგვარი საქმეების მოგვარება კარდინალ რიშელიეიზე, რომელიც თავის მხრივ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებაზე ფიქრობს და თავის თამაშს თამაშობს. ამავე დროს ენერგიითა და მეფისადმი ერთგულებით აღსავსე პროვინციელი დარტანიანი გასკონიიდან პარიზში ჩამოდის, რათა მუშკეტერების რიგში ჩაეწეროს და შემთხევით კარდინალის მიერ ორგანიზებული შეთქმულების შემსწრე ხდება.
ფრანგული კინოსთვისთვისაც კი ძალზედ სარისკო 60 მილიონიანი ბიუჯეტის დილოგია (მეორე ნაწილის პრემიერა 2023 წლის დეკემბერშია დაგეგმილი) სრულად აკმაყოფილებს მის ამბიციებს და დანახარჯებსაც მხატვრული თვალსაზრისით სრულად ამართლებს, რაც იმედია მალე ციფრებშიც აისახება. რეჟისორი თავდაპირველი დაპირებებისდა მიუხედავად მთლიანობაში არ წყდება პირველწყაროს და ალექსანდრ დიუმას ეპოქალურ რომანს ფეხაკრებით მიყვება. მსოფლიო ლიტერატურის ფუნდამენტური ნაშრომის გმირები ეკრანზეც ღირსეულად და ეპოქასთან მიმართებაშიც დამაჯერებლად გამოიყურებიან, რაც რა თქმა უნდა ძლიერი რეჟისურის, ოპერატორის და ბრწყინვალე მხატვრობის გარდა მისი ქასთის ვარსკლავური შემადგენლობის (ფრანსუა სივილი, ვენსან კასელი, რომენ დიური, ლუი გარელი, ევა გრინი, ვიკი კრიპსი) უდაო დამსახურებაცაა.