რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ომენი: დასაწყისი (The First Omen)

ანტიქრისტეს დაბადების საწყისები არკაშა სტივენსონის ახალ საშინელებათა ფილმში

ნელ ტაიგერ ფრი ფილმიდან ‘The First omen’

რელიგიური თემატიკა საშინელებათა ფილმის ჟანრში ამოუშრეტი ოკეანესავით არის. წინა თვეს, კერძოდ კი მარტის ბოლოს, ვიხილეთ სიდნი სუინის თავგადასავლები რომში არც თუ ისე სახარბიელო ფინალითა და ბევრი სისხლით, ფილმ Immaculate-ში, ხოლო აპრილის დასაწყისში კი საკულტო ჰორორ ფრენჩაიზის Omen-ის ახალი ნაწილი გამოვიდა კინოთეატრებში. ახალი ნაწილი ოდნავ არასწორი ნათქვამი იქნება ისედაც მრავალ სერიიან ფრენჩაიზში, რომელიც (ამის ჩათვლით) ექვს ფილმს ითვლის, რომელშიც 2006 წლის რემეიქიც მოიაზრება. შესაბამისად, The First Omen წარმოადგენს პრიქუელს, სადაც ბოლოს და ბოლოს გავიგებთ თუ როგორ მოევლინა ანტიქრისტე – დემიენი მსოფლიოს და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. რეჟისორი ფილმისა, არკაშა სტივენსონია (Legion, Brand New Cherry Flavor, Channel Zero), რომელმაც ასევე დაწერა სცენარი, ტიმ სმიტთან და კიტ ტომასთან ერთად.

The First Omen მაყურებლებს წარმოუდგენს ახალ პერსპექტივას ფრენჩაიზში და საინტერესო იდეებს, რათა გავეცნოთ საწყისებს და ნათელი მოჰფინოს რამდენიმე დეტალს, რაც 1976 წლის ფილმში გაკვრით ან ბუნდოვნად იყო ნახსენები. მოქმედება ხდება 1971 წელს, რამდენიმე თვით ადრე, სანამ გრეგორი პეკის პერსონაჟი “იშვილებს” დემიენს. პირველი ფილმიდან უკვე კარგად ცნობილი მამა ბრენანი (რა თქმა უნდა, რომელსაც სხვა მსახიობი თამაშობს, კერძოდ კი – რალფ ინესონი) მამა ჰარისთან მიდის და ცდილობს, ერთი ფოტოს შესახებ ინფორმაცია ჰკითხოს. ამავდროულად, ახალგაზრდა ამერიკელი ქალი, მარგარეტ დაინო (ნელ ტაიგერ ფრი), ჩამოდის რომში, რათა დაიწყოს ცხოვრება განკუთვნილი მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მსახურებისთვის, ერთ-ერთი მონასტრის ადგილობრივ ბავშვთა სახლში. მარგარეტის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მისი ახალგაზრდა მოსწავლე, კარლიტა სკიანა (ნიკოლ სორასი), რომელსაც ყველა რატომღაც ცუდად ექცევა ან ერიდება. თანდათანობით, მთავარი გმირი აწყდება სიბნელეს, რომელიც მის რწმენას ბოლომდე გამოცდის და რომელშიც თითქოს საშინელი შეთქმულება იმალება, რომლის მიზანიც – საყოველთაო ბოროტების დაბადებაა.

რალფ იენსონი ფილმიდან ‘The First Omen’

ფილმში ხშირად წააწყდებით გრაფიკულ საშინელებათა სცენებს, განსაკუთრებით ინტენსიური მშობიარობის დროს, რომელშიც ნათლად არის გამოსახული სხეულის მძაფრი ელემენტები და მარგარეტის მიცვალებულთა ან მხეცის ხილვები. გარდა ამისა, მაყურებელი შესაძლოა ცოტათი შეშინდეს რამდენიმე უეცარი ე.წ. “ჯამფსქერით” ( ერთ-ერთი ასეთი “ჯამფსქერი” ოდნავ სულელური იყო), თუმცა ისტორიის ტემპი მათ ეფექტურობას ოდნავ ამცირებს. საინტერესო იქნებოდა ცოტა უფრო მეტი გაგვეგო მარგარეტის ან მონასტრის ბინადართა შესახებ, რასაც შეეძლო გაეუმჯობესებინა თხრობის ნაკადი.

მსახიობთა დასი კარგად უმკლავდება მოცემულ ამოცანას: ნელ ტაიგერ ფრი უპრობლემოდ ირგებს მარგარეტის როლს და ეფექტურად ავითარებს მის ხასიათს. მარია კაბალიერო ბრწყინავს მონაზვნის როლში, ხოლო სცენებში სადაც ის ღამის კლუბში ცეკვავს და ერთობა, დარიო არჯენტოს ფილმების ელფერს იძენს, თავისი მიმზიდველი ჩაცმულობითა და ვიზუალით. ნიკოლ სორასი დამაჯერებლად გადმოსცემს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც შინაგანი კონფლიქტებითა და პრობლემებით იტანჯება. ხოლო ბილ ნაი როგორც იდუმალი კარდინალი და ულამაზესი სონია ბრაგა მისტიური სილვიას როლში – ნამდვილი დღესასწაულია.

ბილ ნაი ფილმიდან ‘The First Omen’

The First Omen რა საკვირველია, წარმოგიდგენთ გმირებს 1976 წლის ფილმიდან და ამავდროულად ერთგვარ ომაჟსაც უკეთებს საშინელ და შემზარავ სიკვდილის სცენებს, რაც აძლიერებს საერთო კავშირს ფილმებს შორის. ამასთანავე, რეჟისორი არკაშა სტივენსონი მძლავრ ატმოსფეროს ქმნის და საინტერესო ისტორიულ დეტალებსაც ამატებს. აშკარად ჩანს არკაშას მცდელობა რომ მაქსიმალურად ახლოს იყოს The Omen-ის ტონალობაში, როგორც რიტმის ისე მისტიურობის მიბაძვაში.

მინდა ავღნიშნო, რომ ფილმი საინტერესოდ ასახავს სენსტიურ, რელევანტურ თემებს როგორიცაა – ქალების როლი რელიგიაში და მშობიარობის გარშემო არსებული თანამედროვე შიშები და სტრესი. სცენარი The First Omen-ისა სოლიდურია, დაცლილი ყოველგვარი აბსურდული მომენტისგან და სავსე რამდენიმე საშინლად არასასიამოვნო სცენით.

ამდენი პოზიტიური თვისების იქით, ფილმში მაინც მოიძებნება რამდენიმე მინუსიც, რომელიც მსგავსი თემატიკის წარმომადგენლებისთვის ახალი არ არის. The First Omen ცოტათი მოიკოჭლებს ატმოსფერულ იმერსიულობაში, რათა ბოლომდე “ჩაძიროს” აუდიტორია ამ მისტიურ შეთქმულებაში, სიუჟეტური მსვლელობა უკვე ბოლოსკენ ზედმეტად და ადვილად პროგნოზირებადია, ხოლო როგორც ახალი ნაწილი ფრენჩაიზში, ვერ გვთავაზობს ინოვაციურ ელემენტებს ან მნიშვნელოვან სიღრმეს. გარდა ამისა, ფილმი ცდილობს აჩვენოს რომის თავბრუდამხვევი სილამაზე, მაგრამ აკეთებს ამას სტილისა და აქცენტების გარეშე, ვინაიდან კინოს უმეტესი ნაწილი ვითარდება რომის ვიწრო, ბნელ ქუჩებში, მონასტრისა და მისი ბავშვთა სახლის სტანდარტულ გარემოში. ასე რომ, ფილმში ესთეტიკური ნაწილი ცოტათი შემცირდა. (თუმცა გადაწყვეტილება იმისა რომ The First Omen 70-იანი წლების ფილმთა ფერთა პალიტრაში ყოფილიყო შესრულებული – ჭკვიანურია)

მთლიანობაში, The First Omen, თავისი პლუსებითა და მინუსებით, გარკვეულწილად სასიამოვნო სანახაობას გვთავაზობს, ეფექტურად ერწყმის რიჩარდ დონერის 1976 წლის ფილმს და კარგად უზრუნველყოფს ტერორისა და მღელვარების მომენტებს. მიუხედავად იმისა რომ, “ომენი:დასაწყისი” არ არის ყველაზე ცუდი ან უაზრო ნამუშევარი, ის მაინც მიეკუთვნება ჰოლივუდის ტენდენციას – გადაიღონ არასაჭირო გაგრძელებები ან წინაისტორიები უკვე არსებულ საშინელებათა ფილმების ფრენჩაიზებში. ასე და ამგვარად, The First Omen-ის ხილვა დამღლელი საღამოს შემდეგ ერთმნიშვნელოვნად ღირს, საინტერესო სიუჟეტისა და მძაფრი მომენტების განსაცდელად.

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში

ომენი: დასაწყისი (The First Omen)
რეჟისორი
: არკაშა სტივენსონი (Arkasha Stevenson)

ხანგრძლივობა: 2 საათი

75/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
ნელი დინება (Drift)

ნელი დინება (Drift)

| ლიბერიელი ლტოლვილის ტრაგიკული ისტორია - წარსულის ტრავმებზე გამარჯვება

შემდეგი
Something’s Gotta Give – Erica meets Harry

Something’s Gotta Give – Erica meets Harry

| ნაწყვეტი ნენსი მეიერსის ფილმიდან - 'Something's Gotta Give'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share