ჯეი სი ჩენდორის კრიმინალური დრამა ნიუ-იორკის 80-იან წლებზე და მის ,,ზვიგენებით” სავსე ბიზნესის სამყაროზე. აბელ მორალესი ემიგრანტია, რომელმაც ნიუ-იორკში ნავთობის იმპორტის წარმატებული ბიზნესი ააწყო.
იგი მიზანსწრაფული და ინტელიგენტურია საქმის წარმოებაში, პატიოსანი და შრომისმოყვარე, და გარშემო მყოფი მტაცებელი ,,ბიზნესმენების” თუ უნდობელი ,,სამართალდამცავების” დარტყმებს მხოლოდ მის შეუვალობას, წესიერებას უპირისპირებს.
მისი ოცნებაა სტრატეგიულად ძალიან მოსახერხებელი ნავთობის ტერმინალის შესყიდვა და ესე პრივილეგიის მოპოვება სხვებზე. გარეთ, ქუჩებში კი 1981 წელია. კრიმინალის, საქმის არაკეთილსინდისიერად წარმოების და კორუფციის წელი. შეძლებს კი პატიოსანი ბიზნესი თავის გადარჩენას შექმნილ ვითარებაში თუ იგი განწირულია მხოლოდ მაფიოზური გარჩევების და იარაღის გზით გადაწყდეს?
ფილმი თითქოს კოპოლას ,,ნათლიმამას” ერთგვარი ანტიპოდია, რომელიც სისხლის და ძალადობის გაცილებით მცირე დოზით, სიუჟეტის მკვეთრი მოხვევების გარეშეც ახერხებს დაძაბულობის ატმოსფეროს შენარჩუნებას ფილმის ბოლომდე. ჯეი სი ჩენდორის დამაჯერებელი რეჟისურის გარდა არ შეიძლება გვერდი აუარო მთავარი როლის შემსრულებლების მაღალი დონის თამაშს, ასევე ოპერატორის, ფილმის მხატვრის და კომპოზიტორის საუცხოო ნამუშევრებს, რომელთა ერთობლიობა ქმნის იმ დროის ნიუ-იორკის საოცრად რეალურ სურათს და ატმოსფეროს.