რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მანქიმენი (Monkey Man)

დინამიური “ბოევიკი” ინდოეთზე, დევ პატელის სარეჟისორო დებიუტში

როგორც ჩანს, ამ თვეში კიდევ ერთი ფილმი გამოვიდა “პირველ ომენთან” ერთად, რომელშიც შავი და წითელი ფერი დომინირებს. სახელი ამ ფილმისა Monkey Man-ია, ცნობილი მსახიობის დევ პატელის ამბიციური, რეჟისორული დებიუტი.

ბობი (დევ პატელი) მუშაობს ოფიციანტად ძვირადღირებულ სასტუმროში და ამის გარდა, პარალელურად მიწისქვეშა ჩხუბებში მონაწილეობს ზედმეტი შემოსავლისთვის. ერთ დღეს ბობის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ის ამავე სასტუმროში ამოიცნობს ერთ-ერთ მუდმივ კლიენტს, როგორც ადამიანს, რომელმაც წლების წინ დედა მოუკლა. შურისძიების სურვილით შეპყრობილი, ბობის მარტივი გეგმა დედის მკვლელის დასასჯელად ბოლო წამს ირევა და მთავრდება ამ უკანასკნელის გაქცევით. ამ ინციდენტის შემდეგ, მთავარი გმირი იძებნება როგორც საშიში ტერორისტი, ხოლო ამასობაში იგი თავს აფარებს უძველეს ტაძარს, სადაც ის ღრმა სულიერ ტრანსფორმაციას განიცდის. წარუმატებელი ქუჩის მებრძოლიდან ის ხდება ერთგვარი სამართლიანობის ჩემპიონი, რომელსაც ნათლად აქვს გადაწყვეტილი დაუპირისპირდეს კორუმპირებულ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ ელიტას, რომლებიც შიშით და ძალაუფლებით იპყრობენ ქალაქს.

Monkey Man დევ პატელის საავტორო პროექტია, რომელშიც იგი არა მხოლოდ მთავარ როლში გვევლინება, არამედ ითავსებს სხვადასხვა ამპლუებს როგორიცაა: რეჟისორი, თანასცენარისტი და ასევე ერთ-ერთ პროდუსერს. უნდა ითქვას, რომ დებიუტი შთამბეჭდავი გამოვიდა: ჩვენ წინაშეა სისხლიანი, სასტიკი სანახაობა, რომელშიც ასევე გამოინახა ადგილი მკაფიო დრამისა და ინდური მითოლოგიისთვის. თავდაპირველად ავტორი აპირებდა თავისი ფილმი Netflix-ისთვის მიეყიდა, მაგრამ ეს მალევე შენიშნა ჯორდან პილმა და მისმა პროდიუსერულმა კომპანიამ MonkeyPaw Productions-მა და პროექტი თავის სტუდიამ გადაიბარა. ხოლო Universal Pictures-მა მოახდინა მისი პოპულარიზაცია და ასე აღმოჩნდა ფილმი დიდ ეკრანებზე.

ფილმის ვიზუალური ესთეტიკა ოსტატურად ასახავს ინდოეთის მეტროპოლისის მღელვარე ენერგიას, რომელიც სავსეა სიცოცხლითა და კონტრასტით. ქუჩები სავსეა როგორც ღარიბი ადგილობრივი მოსახლეობით, ისე მდიდრული რესტორნებით და ნეონით განათებული კლუბებით. ოპერატორი შერონ მეირი, ცნობილი (არამხოლოდ) Whiplash-ზე მუშაობით, საინტერესოდ იყენებს ხელის კამერას იმერსიული გამოცდილების გასაძლიერებლად, რაც ასახავს როგორც უკიდურეს სიმდიდრეს, ასევე საშინელ სიღარიბეს ნათელი დეტალებით. კამერის დინამიური მოძრაობები და სწრაფი მონტაჟი ქმნის მუდმივი მოძრაობის განცდას, რაც მშვენივრად უხდება ქალაქის ხმაურიან ტემპს. ამ ყველაფერმა შესაძლოა მოგაგონოთ ტონი სკოტის 2000-იანების პერიოდის “ექშენ” დრამები როგორიცაა Man On Fire ან Domino, თუმცა მსგავსი სტილი Monkey Man-ს იდეალურად უხდება. ხოლო სწრაფი ჭრებისა და ახლო კადრების ხშირი გამოყენება ეფექტურად გადმოსცემს ბობის შინაგან არეულობას, როდესაც ის ცდილობს გზა გაიკვლიოს ქაოსში – მიმზიდველი, სწრაფი ფულის გამომუშავების სტრესი, დაწინაურების ძებნის ზიზღი და ადრენალინით გაჟღენთილი სირბილი სახურავებზე და პროცესში პოლიციისთვის თავის არიდება.

კამერის მუშაობა და ქორეოგრაფია Monkey Man-ში მართლაც გამორჩეულია. ხელჩართულ ბრძოლაზე ფოკუსირებული ფილმი ადვილად ჩაძირავს მაყურებელს კონფლიქტის სასტიკ და მძაფრ ატმოსფეროში. ჩხუბები ფილმში არა მხოლოდ ხშირია, არამედ მრავალფეროვანიც: დაწყებული რინგზე ჩხუბით, ცეცხლსასროლი იარაღითა და კლაუსტროფობიულ სივრცეებში უხეში შეტაკებებით დამთავრებული. აქ შეხვდებით უკომპრომისო “ექშენს” ვიწრო ტუალეტის ოთახში, რომელშიც სამი მებრძოლი მონაწილეობს და ასევე გრანდიოზულ, ხასხასა ფინალურ ბრძოლას, სადაც ინდოელი ბერები ბასრი კაუჭისმაგვარი ცივი იარაღებით დაუნდობლად ეტაკებიან მთავარი ბოროტმოქმედის მცველებს. ჩახლეჩილი, განწირული კივილის ხმები ავსებს ჰაერს, რომელსაც თან ახლავს ჩატეხილი ძვლების დამაკმაყოფილებელი ხრაშუნი, როცა ბობი სასტიკად ეფექტურობით უშვებს საიქიოში თავის მტრებს. ერთ განსაკუთრებულად მომხიბვლელ მომენტში (კერძოდ კი ლიფტში) მთავარი გმირი კბილებსაც კი იყენებს დანის დასაჭერად, რათა მალევე მოკლას მოწინააღმდეგე. ამ ზემოაღნიშნულ სცენებში კი სისხლი თავისუფლად მოედინება, აფერადებს ინდური ღვთაებების წმინდა ნახატებს ძალადობის გრაფიკული მომენტებით. ორსაათიან ქრონომეტრაჟის მანძილზე კი, Monkey Man-ში მსგავსი სცენები და მომენტები უხვად არის.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს Monkey Man-ის მითოლოგიური ელფერი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში არ არის არანაირი ზებუნებრივი ძალები, მისი ნარატივი სავსე და მდიდარია ე.წ. “რეფერენსებით’ ჰანუმანზე, წმინდა, ინდური ღვთაება, რომელიც განასახიერებს ძლიერებასა და ვაჟკაცობას და ხშირად ასოცირდება საბრძოლო ხელოვნების უნარებთან. სცენარი ჭკვიანურად ერწყმის ადგილობრივ კულტურულ ელემენტებს, ავლებს პარალელებს ჰანუმანის მითებთან, როგორიცაა მაგალითად ზღაპარი, სადაც ის მზეს ყლაპავს. პატელი ასევე გვაცნობს ინდოეთის ცხოვრებისა და სულიერების ფრაგმენტებს, ცალკეულ წეს-ჩვეულებებს, რიტუალებს და მათთან ერთად სახელგანთქმულ დივალის ფესტივალს, რომლის დროსაც ქუჩები ცოცხლდება ღვთაებათა ფერადი მსვლელობით და ყვავილოვანი სამოსით გამოწყობილი ბრბოთი. ამასთან ერთად ცა ივსება მანათობელი ფოირვერკით, რაც ფილმის კულტურულ ფონს მატებს სიღრმეს და ავთენტურობას.

სიუჟეტი მსგავსი სახის ფილმებში, სადაც შურისძიება უპირველსი მამოძრავებელი მექანიზმია, დრამატული ელემენტები საინტერესო და დამაჯერებელია. კარგად შემუშავებული “ფლეშბექების” სერიის საშუალებით, პატელი ნელ-ნელა გვიამბობს თავისი გმირის ისტორიას, და ვიგებთ თუ როგორ გახდნენ ის და დედამისი ადგილობრივი ტირანიის მსხვერპლი. ეს ნარატიული თემა კი ერთგვარ პოლიტიკურ ხასიათს იძენს, როცა ბობი აღმოაჩენს, რომ მისი მოწინააღმდეგე ახლა ემსახურება მნიშვნელოვან, დიად პოლიტიკურ ლიდერს, როგორც მთავარი აღმსრულებელი და მხარს უჭერს “კულტურულ სუვერენიტეტს” თავის გამოსვლებში. რთული დასანახი არ არის თუ როგორ ირიდებს თავიდან მსგავს აქცენტებს ფილმი, უბრალოდ პატელი მიზნად ისახავს წარმოაჩინოს მხურვალე პოპულისტები, რომლებიც დიდ დაპირებებს იძლევიან არჩევნების დროს, მაგრამ საბოლოოდ საზოგადოების განხეთქილებისკენ არიან მომართულები. მიუხედავად ამ თემებისა, Monkey Man იცილებს გამარტივებულ პროპაგანდაში გადასვლას და ინარჩუნებს სწორხაზოვან სტრუქტურას სამართლიანობის ძიებისთვის. ბობის მოგზაურობა და მისი ბრძოლა წარსულის ტრავმებთან რჩება წინა პლანზე, რაც უზრუნველყოფს ფილმის როგორც ემოციურ სიღრმეს, ისე რეზონანსს.

დეივ პატელი მშვენივრად ასახავს ქუჩის ჭკვიან, მაგრამ მარტოხელა ინდივიდს, რომელიც დაჩაგრულ ხალხს შორის ჩნდება როგორც სამართლიანობის სიმბოლო. პატელის ფონზე მეორეხარისოვანი მსახიობები მალევე იჩრდილებიან, მიუხედავად მათი მცდელობისა დააბალანსონ კონტრასტი პერსონაჟებს შორის. შარლტო კოპლი კარგად თამაშობს ქარიზმატული კრივის მსაჯის როლს, რითაც სამსახიობო დასში ცოტაოდენი სიღრმე შეინიშნება. ხოლო ბოლივუდის ვარსკვლავ პიტობაშს საკმარისი ენერგია მოაქვს როგორც კომიკური და ამავედროს ბრაზიანი ალფონსოს როლით. სამწუხაროდ ანტაგონისტები ზედმეტად ერთგანზომილებიანი და ადვილად დავიწყებადები არიან. ბაბა შაქტი (მაკრანდ დეშპანდე) შთამბეჭდავია როგორც მანიპულატორი გურუ, რომელიც ოსტატურად განასახიერებს “თოჯინების ოსტატის” როლს. მეორე უარყოფითი გმირი – რანა, ნათამაშები სიკანდერ კერის მიერ, ცუდი არ არის, მაგრამ არც რაიმე განსაკუთრებული – მისი პერსონაჟი თითქოს ზედმეტად დამოკიდებულია მზაკვრულ ღიმილსა და შავ, მზის სათვალეებზე, როგორც ვიზუალის ნაწილი. რანასთან კულმინაციური დაპირისპირება ასევე ვერ ემთხვევა საწყისი ბრძოლებისა და ჩხუბების ინტენსივობას, რაც ოდნავ ამცირებს ფილმის გავლენას.

ამ მცირე ხარვეზებს კი Monkey Man ადვილად აკომპენსირებს სასტიკ ბრძოლათა თანმიმდევრობით, ექშენ სეგმენტების კასკადით, გასაოცარი ვიზუალური ელფერით და დევ პატელის სამსახიობო ქარიზმით. ცხადია ფილმი სავსეა კლიშეებითა და შაბლონებით, რომელიც არაერთხელ გვინახავს მსგავსი ჟანრის სურათებში, სადაც მთავარ გმირის მოტივაციას – პერსონალური ვენდეტა წარმოადგენს, მაგრამ იგრძნობა რომ დევმა სული და გული ჩადო თავის ნამუშევარში. ხოლო მისი “ექშენური” ხედვით პატივიც კი მიაგო ინდონეზიურ კლასიკების The Raid-ისა The Night Comes For Us-ის ინტენსიურობას და რაღაც მომენტში ბრუს ლის ფილმების მარადიულ მიმზიდველობას, რითაც გამოავლინა ნამდვილი სიყვარული ჟანრისა და მისი საკულტო ფიგურების მიმართ. შესაბამისად, მსგავსი კომპტენტური მიდგომა Monkey Man-ს საინტერესო, ამბიციურ და ღირსეულ ფილმად აქცევს ჟანრში, რომლის ნახვა და ამ უკომპრომისო, სასტიკი, ბრუტალური სანახაობის განცდა ერთმნიშვნელოვნად ღირს.

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში

მანქიმენი (Monkey Man)
რეჟისორი
: დევ პატელი (Dev Patel)

ხანგრძლივობა: 2 საათი

75/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
Something’s Gotta Give – Erica meets Harry

Something’s Gotta Give – Erica meets Harry

| ნაწყვეტი ნენსი მეიერსის ფილმიდან - 'Something's Gotta Give'

შემდეგი
Sicario – Boarder Ambush

Sicario – Boarder Ambush

| ნაწყვეტი დენი ვილნევის ფილმიდან - 'Sicario'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share