ჩამოცვენილი ფოთლები (Kuolleet Lehdet) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ჩამოცვენილი ფოთლები (Kuolleet Lehdet)

შემთხვევითი პაემნები ფინეთში.

აკი კაურისმაკის “ჩამოცვენილი ფოთლები” პროლეტარიატის ტრილოგიის გავრცობად, გაგრძელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ოთხივე ფილმს აერთიანებს მოკლე ქრონომეტრაჟი, სიღარიბე, მუშათა კლასის ფინეთი და კაურისმაკისეული იუმორი, რომელიც მარტივ სიუჟეტებს დიდებულ კინოდ აქცევს. 

კაურისმაკის პერსონაჟები მეტწილად ფინელი ადამიანის ყალიბში ჩამოსხმული კარიკატურული სახეები არიან. ისინი არ ლაპარაკობენ, მარტოსულად ცხოვრობენ და უხალისოდ მუშაობენ სამსახურებში, რომლებიც არ მოსწონთ, მაგრამ უკმაყოფილებასაც არ გამოთქვამენ.

ანსა მაღაზიაში მუშაობს და იმის გამო კარგავს სამსახურს, რომ ვადაგასულ პროდუქციას, რომელსაც თაროებიდან იღებს და ჯერ კიდევ საკვებად ვარგისია,  ქუჩაში გაჭირვებულს აძლევს და თავისთვის იტოვებს ნაგავში გადასაგდებად გამზადებულ სენდვიჩს. კადრში, სადაც სამუშაოს დამთავრების შემდეგ მასთან ერთად კიდევ ორი თანამშრომელი სამსახურის დასატოვებლად ემზადება და იცვამს, მათი მოძრაობები ერთმანეთის იდენტურია. იმდენად რუტინული და არაფრისმომცემია საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ, თითქოს ყველაფერი, რაც მაღაზიის შიგნით ხდება მექანიკური და ერთნაირია. ანსა მარტო ცხოვრობს და ხმის გამცემად არავინ ჰყავს რადიოს გარდა, იწყებს და კარგავს სამსახურებს, სადაც ყოველ ჯერზე უარესი პირობები ხვდება. 

ასეთივე პერსონაჟია ჰოლაპა, მარტოსული, დეპრესიული, ალკოჰოლიკი. მეგობართან საუბრისას ამბობს: “ვსვამ, რადგან დეპრესიაში ვარ და დეპრესიაში ვარ, რადგან ვსვამ.” თუმცა, კაურისმაკი ყოველთვის პოულობს გზას, რომ მარტოსულობა მის პერსონაჟებში არასდროს არ იყოს უიმედო და მათთვის სასწაულის მოსახდენად ანსას და ჰოლაპას კარაოკე ბარში ერთმანეთს ახვედრებს. შეხვედრა უსიტყვოა, მხოლოდ მათი თვალები იკვეთება, გვესმის სერენადის სიტყვები,  – “I too waited for someone, will she never come” და ანსას და ჰოლაპას ერთი ნახვით უყვარდებათ ერთმანეთი. 

“I too waited for someone, will she never come”

მათი სიყვარული შემთხვევითი შეხვედრების ციკლია და მუდმივად რაღაც აბრკოლებს წყვილის ისტორიის განვითარებას, ხან დაკარგული ტელეფონის ნომერი, რომელსაც ანსა ჰოლაპას ფურცელზე უწერს, ხან ის ფაქტი, რომ მათ ერთმანეთის სახელებიც კი არ იციან, ალკოჰოლიზმი და სხვა. თუმცა გზა, რომელსაც კაურისმაკი თავის პერსონაჟებს ატარებს რამდენადაც მარტივი და პროგნოზირებადია, რადგან ხვდები, რომ მათ სიყვარულს აუცილებლად ბედნიერი დასასრული ექნება, იმდენად საინტერესოა თავისი მშრალი იუმორითა და დიალოგებით.

“ჩამოცვენილი ფოთლების” კიდევ ერთი პერსონაჟია უკრაინის ომი, ხმა რადიოდან, რომელიც ომში მიმდინარე პროცესებს გვიყვება და მთელი ფილმის განმავლობაში პერიოდულად სულ ისმის. “არ შემეძლო ფილმის გაკეთება ომის განმავლობაში, ამაზე კომენტარის გარეშე, ამიტომაც გამოვიყენე რადიო. ამ სისხლიან ომს კი სჭირდება სიყვარულის ისტორია.” – ამბობს კანის კინოფესტივალის პრესკონფერენციაზე რეჟისორი. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ ანსა შეწუხებულია ომით და გაბრაზებული რთავს რადიოს. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთისთვის მნიშნელოვანი უნდა იყოს რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რადგან მისი მოსაზღვრე ქვეყანაა, მათ თითქოს არ აღელვებთ. კითხვაზე ანსას რეაქცია პასუხია თუ არა ევროპის ინდიფერენტულობისა აკი კაურისმაკი პასუხობს, -“სამწუხაროდ, ევროპა აღარ არსებობს, ფილოსოფიურად.”

“სამწუხაროდ, ევროპა აღარ არსებობს, ფილოსოფიურად.”

“ჩამოცვენილი ფოთლები” სინეფილების სამოთხეა და აკი კაურისმაკის უდიდესი სიყვარულის გამოხატულება კინოს მიმართ. სცენაში, სადაც ჰოლაპა და მისი მეგობარი ერთმანეთს ელაპარაკებიან, უკან ვხედავთ პოსტერს ლუკინო ვისკონტის ფილმიდან “როკო და მისი ძმები.” შეყვარებული წყვილი პირველ პაემანზე კინოთეატრში მიდის ჯიმ ჯარმუშის ბოლო ნამუშევარს “მკვდრები არ კვდებიან” სანახავად და ჩვენების შემდეგ ერთი კაცი ბრესონის “სოფლის მღვდლის ჩანაწერებს” ადარებს ფილმს და მეორე გოდარის “აუტსაიდერების ბანდას.” თავად ჰოლაპა და ანსა კი კინოთეატრის წინ დევიდ ლინის “მოკლე შეხვედრის” პოსტერის წინ დგანან, რითაც კაურისმაკი მათ შორის მომავალ შემთხვევით შეხვედრებზე მიგვანიშნებს. 

აკი კაურისმაკის “ჩამოცვენილმა ფოთლებმა” 2023 წლის კანის კინოფესტივალზე ჟიურის მთავარი ჯილდო მოიპოვა. 

ჩამოცვენილი ფოთლები (Kuolleet Lehdet)
რეჟისორი: აკი კაურისმაკი
2023 წ. ფინეთი

ხანგრძლივობა: 1 საათი და 21 წთ

95/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
დიდი მოლოდინები (De grandes espérances)

დიდი მოლოდინები (De grandes espérances)

| წარსულის საიდუმლო ორ ახლობელ ადამიანს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება

შემდეგი
დატოვე სამყარო უკან (Leave the World Behind)

დატოვე სამყარო უკან (Leave the World Behind)

| სამყაროს დასასრული მობილური კავშირის გაწყვეტით იწყება

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share