მშვიდი, აუღელვებელი მიმდინარეობის დრამა, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკულ რანჩოზე ვითარდება. ფილმის მოქმედება 1925 წელს მონტანას შტატის ერთ-ერთ რანჩოზე ხდება.
რანჩოს მფლობელი ძმები- ფილი და ჯორჯი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტიპაჟები არიან. ჯორჯი- რბილი, მშვიდი და კარგი მანერების მქონე ადამიანია, რომელიც კარიერულადაც წინ იყურება და ოჯახის შექმნაზეც ფიქრობს. ფილი კი მისი საპირისპირო: უხეში, რანჩოს მტვერში ამოსვრილი კოვბოია, რომელიც თავისი მანერებით და ხასიათით გარშემომყოფების შიშს და რიდს იწვევს.
იგი მოხერხებული ცხენებზე მოჯირითე და მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ მისთვის უცხოა ადამიანური გრძნობები და სიბრალული. როცა ძმების ცხოვრებაში ორი ახალი პერსონაჟი- ჯორჯის ცოლი როუზი და მისი შვილი პიტერი ჩნდება, მათი ცხოვრება ცვლილებებს განიცდის და ახალ კონფლიქტებს ბადებს..
ოსკაროსანი ,,პიანინოს” რეჟისორმა ქალმა- ჯეინ კემპიონმა 67 წლის ასაკში გადაიღო დრამა ცნობილი მსახიობების მონაწილეობით, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე ვერცხლის ლომი აიღო რეჟისურისათვის.
დეტალებში გათვლილი დეკორაციები, შესაბამისი გარემო, შესანიშნავი მსახიობების მიერ კარგად გათამაშებული პერსონაჟები, ოპერატორის ძლიერი ნამუშევარი, მუსიკა რომელიც ზოგჯერ უფრო მეტს ამბობს ვიდრე კადრები- ეს ყველაფერი გვაფლობს მე-20 საუკუნის დასაწყისის ეპოქაში და მონტანას შტატის რანჩოზე დატრიალებულ დრამაში.