რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მეხსიერება (Memory)

ტრავმებთან გამკლავება – ჯესიკა ჩესტეინისა და პიტერ სარსგაარდის პერსონაჟების ბრძოლა ბედნიერებისთვის

პიტერ სარსგაარდი და ჯესიკა ჩესტეინი ფილმიდან ‘Memory’

მექსიკელი კინორეჟისორის მაიკლ ფრანკოს “მეხსიერების” პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმი ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბის შეკრებით იწყება, სადაც ყურადღების ცენტრში ახალგაზრდა ქალია, სილვია, რომელიც დამოკიდებულებაზე გამარჯვების 12 წლისთავს აღნიშნავს თავის შვილთან ერთად. მოგვიანებით ჯესიკა ჩესტეინის პერსონაჟი (სილვია) სკოლის საღამოზე ხვდება, რომელზეც უცნობი ადამიანი აედევნება, სახლამდე გაყვება და მთელი ღამე გარეთ უცდის. მეორე დღეს ირკვევა, რომ კაცს დემენცია აქვს და სილვიას დახმარებით თავის ოჯახს, ძმასა და ძმისშვილს, უბრუნდება. 

ამ ინციდენტის შემდეგ სილვიასა და სოლის (პიტერ სარსგაარდი) პერსონაჟები ახლოვდებიან, თუმცა, მათი ურთიერთობა მძიმე ბრალდებით იწყება. სილვია დარწმუნებულია, რომ ადამიანები, რომლებიც სკოლის პერიოდში მასზე ძალადობდნენ, აუპატიურებდნენ, სხვადასხვა ნივთიერებების მიღებას აიძულებდნენ სოლის სამეგობრო წრიდან არიან და შესაბამისად ისიც ერთერთი მათგანია, მაგრამ სოლს ეს ყველაფერი არ ახსოვს და არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ნამდვილად ასე მოხდა. მათი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ორივეს ცხოვრებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მეხსიერება და მოგონებები, რაც ერთის, სილვიას შემთხვევაში მძიმე გამოცდილებებს ინახავს, ხოლო სოლთან სრული სიცარიელეა, რის გამოც მისი ნდობა არ შეუძლია. “ისე ჩანს თითქოს დიზაინის ნაწილია, მაგრამ საინტერესოდ მომეჩვენა ის ფაქტი, რომ ერთ ვერ იხსენებს და მეორე ვერ ივიწყებს. მარტივია, როცა ამგვარად შეხედავ, თუმცა ეკრანზე ეს მუშაობს და მაყურებლისთვის ძალიან სასიამოვნოა,” – ამბობს რეჟისორი.

სოლისა და სილვიას ურთიერთობა პირველი შეხვედრისა და საუბრის შემდეგ საქმიანი ხდება. სილვია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დღის ცენტრში მუშაობს, გამოცდილია ამ მიმართულებით, ამიტომ სოლის ოჯახის წევრები გადაწყვეტენ, რომ სოლისთვის იდეალური იქნება მომვლელი, რომელიც, როგორც მეგობარი და დამხმარე ისე იმუშავებს მასთან. მნიშვნელოვანია, რომ სოლის დემენცია საწყის ეტაპზეა და მეხსიერების ჩავარდნა და მასთან დაკავშირებული ეპიზოდები ხშირად არ ემართება, თუმცა, მისი ძმის მზრუნველობა, რაც ხშირ შემთხვევებში გადაჭარბებულია, სოლს თავისუფლად ცხოვრებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას ართმევს. აღსანიშნავია ისიც, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სოლისა და სილვიას სიყვარულის ისტორიასა და მათ ერთად ყოფნას ვგულშემატკივრობთ და აიზეკი (სოლის ძმა) ცალსახად ხელს უშლის ურთიერთობის განვითარებას, მაყურებლის განწყობა მის მიმართ კრიტიკული არ არის, ვიცით, რომ მისი ქცევა მზრუნველობითა და უცოდინრობითაა გამოწვეული, რადგან მისთვის სოლის დაავადება ახალია, საწყის ეტაპებს გადიან ერთად და შესაბამისად პრობლემასთან გამკლავების გზები ისე, რომ მისი ძმა არ დაზიანდეს და სრულფასოვანი ადამიანის მსგავსად ცხოვრება შეძლოს, ჯერ არ იცის. “საინტერესო და ამავდროულად გულდასაწყვეტია, რომ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვართ და ჩვენზე ზრუნავენ, ხშირად უარესი ტკივილი მოაქვთ ჩვენთვის, ისევე როგორც სოლის ძმას ფილმში,” – ამბობს მიშელ ფრანკო.

“საინტერესო და ამავდროულად გულდასაწყვეტია, რომ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვართ და ჩვენზე ზრუნავენ, ხშირად უარესი ტკივილი მოაქვთ ჩვენთვის, ისევე როგორც სოლის ძმას ფილმში”

მიშელ ფრანკო
პიტერ სარსგაარდი და ჯესიკა ჩესტეინი ფილმიდან ‘Memory’

სოლის დემენციასთან ერთად “მეხსიერების” წამყვანი ხაზია სილვიას წარსული, მისი ბავშვობისდროინდელი ტრავმები, დამოკიდებულება და მიზეზი, რის გამოც ალკოჰოლს მოიხმარდა, მოძალადე მამა, რომელიც სექსუალურად ძალადობდა მასზე და დედის სრულიად ინდიფერენტული დამოკიდებულება თითქოს არაფერი ხდებოდა, უარყოფა, ტყუილი და მარტოობა, საკუთარი თავის დადანაშაულება, რადგან მისი არავის სჯეროდა. სილვიას ცხოვრებაში მთავარი სინათლე მის შვილს, ანას შემოაქვს, რომელიც, გარდა იმისა, რომ პირდაპირ ალკოჰოლიზმს აშორებს, რადგან სწორედ მისი დაბადების შემდეგ წყვეტს ალკოჰოლის მიღებას, ამავდროულად მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ დედამ მშვიდად და ბედნიერად ცხოვრება შეძლოს.

“მეხსიერების” ორივე მთავარი პერსონაჟისთვის ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან მიხვდნენ, რომ საზოგადოების, მათი ოჯახის წევრების აზრის, წარსულის ტკივილების ან ბუნდოვანი მომავლის (სოლის შემთხვევაში) მიუხედავად, ბედნიერებას იმსახურებენ და ერთმანეთისთვის სიყვარულის მიცემა შეძლონ. ფილმის ბოლოს არ ვიცით როგორ განვითარდება მათი ცხოვრება, რამდენ ხანს იქნებიან ისინი ერთად, თუმცა, როგორც რეჟისორი ამბობს, – “ეს არის ცხოვრება. არ ვიცით ერთი საათი გაგრძელდება ეს, კვირა, თვე თუ წელიწადი. არასდრო ვიცით რა გველოდება, განსაკუთრებით სოლის კონდიციაში. მაგრამ მათავარია, რა გვაქვს დღეს. ახლა ისინი ამ ადგილას იმყოფებიან და მინდოდა სწორედ ეს შეგრძნება გაყჰოლოდა მაყურებელს ფილმის ნახვის შემდეგ.”

“მეხსიერება” ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილი იყო ოქროს ლომის კატეგორიაში და პიტერ სარსგაარდს (სოლი) მოპოვებული აქვს Volpi Cup ჯილდო საუკეთესო კაცი მსახიობისთვის.

მეხსიერება (Memory)
რეჟისორი
: მიშელ ფრანკო

ხანგრძლივობა: 1 საათი და 40 წუთი

76/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
გვიან ღამით ეშმაკთან (Late Night With the Devil)

გვიან ღამით ეშმაკთან (Late Night With the Devil)

| რეიტინგების ძიებაში: პარანორმალური სესია პირდაპირ ეთერში, ჰელოუინის დროს, 1977

შემდეგი
Justice – One Night/All Night (Starring Tame Impala)

Justice – One Night/All Night (Starring Tame Impala)

| Album: Hyperdrama

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share