იაპონელი რეჟისორის ჰიროკადზუ კორეედას კანის ოქროს პალმის ნომინატი ფილმი მშობლების მიერ მიტოვებულ ჩვილებზე.
პოლიციელების მანქანა თვალყურს ადევნებს მიტოვებული ჩვილების მიღების ცენტრს. მათი მიზანი აქ ღამის ცვლაში მომუშავე ორი ადამიანის მხილებაა, რომლებიც ხშირად კანონის ავლით მოქმედებენ და დატოვებული ბავშვების აღრიცხვას არ აწარმოებენ. ნაცვლად ამისა მათ ბავშვი სახლში მიყავთ და პირადი კონტაქტების საშუალებით მათ გაშვილებას ცდილობენ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. როდესაც ახალგაზრდა სასოწარკვეთილი დედა თავის ჩვილს ამ ცენტრის მიმღებში ტოვებს, ორი მეგობარი ბევრს არ ფიქრობს, სათვალთვალო კამერის ჩანაწერს შლიან, ბავშვი სახლში მიყავთ და გასაშვილებლად ამზადებენ. როდესაც მეორე დღეს მობრუნებული დედა ბავშვს ცენტრში ვერ აღმოაჩენს, სიტუაცია სხვა მიმართულებას იძენს. პოლიციელები ცდილობენ ეს ყველაფერი მათ სასიკეთოდ გამოიყენონ.
“შუამავლები” სავსეა მოულოდნელი სიუჟეტური სვლებით და საინტერესო პერსონაჟებით, რომელთაც ყველას ერთი პრობლემა აერთიანებთ. ფილმი იწყება როგორც დეტექტივი და მალე ტრაგიკომედიაში გადაიზრდება, თუმცა ისე რომ არც დეტექტიურ ხაზს კარგავს.
ჰორეკადასთვის უცხო არ არის მარტოხელა დედებისა და მიტოვებული შვილების თემა. 2004 წლის ფილმის ,,ვერავინ გაიგებს” (დიდ ქალაქის პირისპირ აღმოჩენილი უპატრონო ბავშვების სულისშეძვრელი ისტორია) შემდეგ იგი ისევ უბრუნდება ამ პრობლემას. ასევე რეჟისორი ფილმებში აქტიურად განიხილავს არანათესაური კავშირებით, მაგრამ მაინც მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანების ერთად ყოფნის მისწრაფებას და მეგობრულ კავშირებს, რომელიც ხშირად სისხლით ნათესაურზე გაცილებით მტკიცეა. მისმა 2018 წლის ტრაგიკომედიამ ,,მაღაზიის ქურდები” კრიტიკოსების და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და ოსკარის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი.