რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

გვიან ღამით ეშმაკთან (Late Night With the Devil)

რეიტინგების ძიებაში: პარანორმალური სესია პირდაპირ ეთერში, ჰელოუინის დროს, 1977 წელს, რომელიც არც ისე კარგად დამთავრდა.

როგორც იქნა, სულ რამდენიმე დღის წინ, დიდიხნის ნანატრი Late Night With the Devil გამოვიდა ციფრულ გაქირავებაში და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მაყურებლებისგან ისე საშინელებათა ფილმების მოყვარულებისგანაც. თითქოს, აღნიშნული ჟანრის ფილმები ახლა რაღაც რენესანსს განიცდიან. მათ აფასებენ კრიტიკოსები პოსტმოდერნული დამოკიდებულებისა და საინტერესო იდეებისთვის, ხოლო აუდიტორია კი დრამისა და მსახიობებისთვის. “ღამის შოუ ეშმაკთან”-ის მიკუთვნება მსგავს ნეო-ჰორორებთან რთული იქნება, მაგრამ ერთი რამ, რაც მას განსხვავებულს ხდის – ვიზუალური სტილია. რეჟისორების – კოლინ და კამერონ კერნსებისთვის Late Night With The Devil აწ უკვე მესამე ნამუშევარია, რომელშიც მთავარ როლს ერთადერთი და განუმეორებელი – დევიდ დასტმალჩიანი ასრულებს. დეივიდს უმეტესად მეორეხარისხოვანი ან supporting როლები აქვს ხოლმე, მაგრამ აქ – წინა პლანზეა გამოჭიმული და იდეალურად ირგებს ტელეშოუს ქარიზმატული წამყვანის როლს.

ფილმი თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო V/H/S-ის რაიმე 40 წუთიანი სეგმენტი ან სულაც ნახევარსაათიანი მოკლემეტრაჟიანი კინო, თუმცა რეჟისორებმა საინტერესოდ გაშალეს ეს ამბავი საათნახევრიან ქრონომეტრაჟზე. უკვე პირველი ათი წუთიდან ვეცნობით 70-იანი წლების ამერიკაში გამეფებულ ქაოსს, არეულობას, სატანისტური კულტების პოპულარობას, სერიული მკვლელების ბუმს, როგორებიცაა ჩარლზ მენსონი, ტედ ბანდი, ჯონ ვეინ გეისი და ა.შ. დაუმატეთ ამას ვიეტნამის ომის ციებ-ცხელება, ეკონომიკური კრიზისი და ნეგატივის დოზა რიგითი ამერიკელი მაყურებლისთვის მზადაა. სწორედ ამ ნეგატივის განსამუხტად ჯეკ დელროი ქმნის ე.წ. ღამის ტელეშოუს – Night Owls-ს და მალევე იგებს როგორც მაყურებელთა გულებს ისევე სატელევიზიო რეიტინგებს, თავისი მხიარული, საინტერესო და მსუბუქი გადაცემებით. დელროის შოუ რათქმაუნდა კონკურენციას უწევს მსგავსი ფორმატის შოუს, რომელიც ჯონი კარსონს მიჰყავს. ჯეკიც მალევე ხდება პოპულარული, მოჰყავს ცოლი, ცხოვრობენ ბედნიერად და ამასობაში ახალ კონტრაქტსაც აწერს ხელს, სხვა სატელევიზიო არხისთვის.

სამწუხაროდ, რაღაც დროის შემდეგ, ჯეკის ცოლს ფილტვების კიბო დაუდასტურდება და მალევე გარდაიცვლება, რაც უარყოფითად ისახება როგორც ჯეკზე ისევე გადაცემის რეიტინგებზე და პროდუქციაზე. ამ ყველაფრის შემდეგ კი წამყვანი უბრალოდ ქრება არეალიდან 1 თვე და უეცრად დაუბრუნდება ეკრანებს, საინტერესო იდეით – გაუშვას ეპიზოდი ჰელოუინის და ოკულტიზმის თემატიკაზე, რადგან მისი აზრით ეს უკვე დავიწყებული შოუს რეიტინგებს გაზრდის და მაყურებლებსაც მოიზიდავს. შესაბამისად, ჯეკი ეპატიჟება გოგონას, რომელიც თითქოს დემონებით იყო შეპყრობილი. ამავდროულად გადაცემაში ვეცნობით ერთ სკეპტიკოსს, რომელიც ამხელს ექსტრასენებს და ცდილობს რაციონალური ახსნა მისცეს ყველაფერს, რაც ხდება. მაგიის და მეცნიერების ეს მიზანმიმართული ნაზავი აგრძელებს აუდიტორიის დაბნევას – ნუთუ ეს მართლა რეალური საუბრის სესიებია ეშმაკთან თუ მორიგი სატელევიზიო ხრიკები და მანიპულაციები?

ეს არ არის უბრალოდ მორიგი ე.წ. found footage (“ნაპოვნი კადრები”), არამედ ესთეტიური ფლირტი საზოგადოებასთან 70-იანების შოუების თემაზე. მუსიკიდან კოსტიუმებამდე, ოპერატურით დაწყებული და საუნდტრეკებით დამთავრებული, იმდენად კარგად არის მოწოდებული იმდროინდელი ატმოსფერო და განწყობა.

ფილმის უმეტესი ნაწილი ხშირად გადადის როგორც პირდაპირ ეთერში, ისე კულისებს მიღმა, პავილიონებში, შესაბამისად სურათის ფორმატი მაყურებელსაც “ეთამაშება”: შოუს ტრანსლაცია მიდის 4:3 თანაფარდობით, ხოლო კულისებს მიღმა კადრები 14:9-შია, თითქოს ფილმი შესვენებებს იღებს ინტენსიურ სცენებს შორის. იმათთვის, ვინც ფიქრობს რომ Late Night With the Devil შეაშინებს, მაშინ მინდა წინასწარ გითხრათ რომ, მისამართი შეგეშალათ. ფილმი არ ცდილობს შეაშინოს ან დაძაბოს მაყურებელი, აქ არც ე.წ. screamer-ები და არც jumpscare-ებიც არ არის. თუმცა, სურათი იმდენად ლამაზია და ვიზუალურად ესთეტიკურია, რომ ერთი წამითაც ვერ მოწყდებით ეკრანს. მსახიობებიც მართლაც ისე იქცევიან, თითქოს იქ, თოქ-შოუში იყვნენ და გამუდმებით უყურებდნენ სხვადასხვა კამერას. შევადარებდი ამ ყველაფერს ერთგვარ, აუხსნელ ილუზორულ ნოსტალგიას – აკვირდები იმას, რაც არასდროს მომხდარა, მაგრამ თითქოს გახსოვს.

ერთი შეხედვით სიუჟეტი შეიძლება ბანალური ან ადვილად-პროგნოზირებადი ჩანდეს, ვინაიდან მეც და თქვენც კარგად მოგეხსენებათ თუ როგორ შეიძლება დასრულდეს სხვა სამყაროში შეღწევის მცდელობა. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულობის ნაწილია, ყურადღების გადატანის მანევრი, რომელიც შეცდომაში შეჰყავს მაყურებელს, რადგან ფილმის დასასრული შესაძლოა ნაწილობრივ ყალბიც კი აღმოჩნდეს: მხოლოდ და მხოლოდ ყველა დეტალის ერთად შეკვრით იქმნება მომხდარის ნამდვილი სურათი. გარდა ამისა, ქვეტექსტი ბევრ თემას ეხება: ცნობიერების მანიპულაცია, უოტერგეიტის სკანდალი, მენსონის ოჯახი და რა საკვირველია ფილმი “ეგზორცისტი”.

ფილმის მინუსები როგორც ასეთი საკმაოდ ცოტაა და ნაკლებად შესამჩნევია, ვინაიდან დევიდის პერსონაჟის თითქმის მთლიან შოუს “იპარავს” თავისი ქარიზმატულობით, ცოცხალი ენერგიით და იდეალურად ირგებს იმდროინდელი წამყვანის პერსონას. სხვა მსახიობები კი მასთან შედარებით, დიდად ვერ გამოირჩევიან სამწუხაროდ. ფილმის გამოსვლისას, იყო პატარა მითქმა მოთქმა და უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ რაღაც მომენტში კინოს ერთ-ორ სეგმენტში გამოყენებული იყო “ხელოვნური ინტელექტი” უშუალოდ კი სარეკლამო ჩანართებისას. რაც, ვფიქრობ ზედმეტად ტრივიალური და წვრილმანი პრეტენზიაა და ფილმის საერთო ატმოსფეროს ან ეფექტს დიდად არ აფუჭებს. ბევრისთვის შესაძლოა რიტმი ოდნავ მოსაწყენი იყოს ან სულაც არ მოეწონოს ოდნავ გაუგებარი ფინალი და იფიქროს – “აი რა კარგად დაიწყეს სცენარისტებმა და ბოლოში თითქოს ვეღარ გადაწყვიტეს საით წაეყვანათ სიუჟეტი”.

საბოლოო ჯამში, Late Night With the Devil საინტერესო “ანალოგური” საშინელებათა ფილმია found footage-ის ნაზავით, გადაღებული სრულიად ერთ ლოკაციაზე. სალონური ატმოსფერო, რეტრო ეფექტი, სარეკლამო ჩანართები, კულისებს მიღმა ქოთქოთი, აურზარი – ეს იმ ელემენტების ჩამონათვალია, რაც ყურებას სასიამოვნოს და ამავდროს ნოსტალგიურს ხდის. მსგავსი ნაზავი კი გაახარებს ჰორორ ფილმების ყველა თაყვანისმცემელს, თუ რათქმაუნდა გიყვართ და გიზიდავთ გააზრებული სანახაობა. ხოლო თუ თქვენ ფილმებს უბრალოდ ფონური ხმაურისთვის იყენებთ და ტელეფონზე ხართ მიჯაჭვული მაშინ ზემოაღნიშნული კინო ნაკლებად მგონია იყოს საღამოს საყურებელ ვარიანტად, ვინაიდან აქ პატარ-პატარა დეტალებზე დაკვირვება მნიშვნელოვანია. აი იმათ კი, ვისაც მოსწონს 70-იანი წლების ესთეტიკა და ვიზუალურად ლამაზი ფილმები, მაშინ Late Night With the Devil – იდეალური არჩევანი იქნება.

გვიან ღამით ეშმაკთან (Late Night With the Devil)
რეჟისორი
: კამერონ და კოლინ კერნსი

ხანგრძლივობა: 1 საათი და 26 წუთი

78/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
Tourist – Valentine

Tourist – Valentine

| Album: Memory Morning

შემდეგი
მეხსიერება (Memory)

მეხსიერება (Memory)

| ტრავმებთან გამკლავება - ჯესიკა ჩესტეინისა და პიტერ სარსგაარდის პერსონაჟების

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share