ჰელსინკის გარეუბანში, ბედი ერთმანეთს ორ ადამიანს შეახვედრებს: ემიგრანტ ქალედს, რომელმაც სამშობლო და ახლობლები დაკარგა და ყოფილ ,,კომვოიაჟერ” ვიქსტრომს, რომელმაც მთელი თავისი დანაზოგი ერთ წამგებიან მორესტორნო დაწესებულებაში ჩადო. მელანქოლიური ვიქსტრომი და მისი ექსცენტრული თანამშრომლები თავის თავზე იღებენ ახალი ნაცნობის მოვლა-პატრონობას. სანამ ქალედი თავისი დაკარგული დის მოძებნითაა დაკავებული, მისი ახალი მეგობრები ეძებენ გზას, როგორ აქციონ მათი რესტორანი პოპულარულ დაწესებულებად. თანამედროვე სამყაროში ემიგრაციის თემა უნივერსალურია, იგი ყველასათვის ახლო და გასაგებია. ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომელიც არსებულ ყოფას გაექცა ან მისი ოჯახის წევრების ნახვაზე ოცნებობს. და ყოველთვის ერთმანეთის იმედს მსგავს სიტუაციაში ისევ ჩვეულებრივი ადამიანები წარმოადგენენ. ჩვენ თვითონ ვართ ერთმანეთის იმედი.
აკი კაურისმიაკი თავის ჩვეულ მანერაში, იუმორით და ძალიან უბრალო, პრიმიტიული ენით გვიყვება საზოგადოების რეალურ პრობლემებზე. და უკვე მერამდენედ მას ეს ძალიან კარგად გამოსდის, ყოვლგვარი ძვირფასი დეკორაციების და სპეცეფექტების გარეშე.