რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

გამოჩენა (Showing up)

მიშელ უილიამსი კელი რეიხარდტის კომედიაში პორტლენდსა და ორეგონის კოლეჯის არტისტებზე

მიშელ უილიამსი ფილმიდან ‘Showing Up’

კელი რეიხარდტის 2022 წლის ფილმი  “გამოჩენა” კომედიაა პორტლენდში, ორეგონის ხელოვნების კოლეჯის სტუდენტების შესახებ. ატმოსფერო ქაოტურია, აქ შეკრებილ ყველა ადამიანს აერთიანებს ხელოვნების სიყვარული ან სურვილი შექმნას რაიმე და ყველას თავისებური გზა აქვს არჩეული საკუთარი ემოციებისა თუ იდეების გამოსახატად. კამერა კოლეჯის სხვადასხვა ოთახს მიყვება და გვაჩვენებს რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს კერამიკის ნივთები, ერთი ადამიანის გამომსახველი ნუდისტური პორტრეტი, ძაფით მოქსოვილი თუ ნაკეთი ფორმები. არ არსებობს ადგილი, სადაც ადამიანები სტატიკურ მდგომარეობაში არიან და რაიმეს შექმნის პროცესი არ მიმდინარეობს. 

ფილმის ცენტრში ლიზია, რომელიც კერამიკულ სკულპტურებს ძერწავს და ორშაბათს გამოფენა აქვს. თუმცა, მასზე უარეს მდგომარეობაში მისი მეზობელი ჯოა, რომლისგანაც სახლს ქირაობს, რადგან მას “ორი გამოფენა აქვს პარასკევს,” რაც იმის მიზეზია თუ რატომ ვერ უკეთებს ლიზის ცხელ წყალს სახლში. არ სცალია, თავისი საქმეები აქვს და მიხედავს, როცა პარასკევი ჩაივლის. ლიზი და ჯო მეგობრები არიან, უფრო მეტად ერთმანეთის მხარდამჭერები, მაგრამ ლიზის თითქოს არ შეუძლია ამის გამოხატვა, რადგან მისი შურს. შური არა შემოქმედებით ნიჭს მიემართება, არამედ ჯოს უნარს იცხოვროს, რაც ლიზის არ აქვს. 

მიშელ უილიამსი და ჰონგ ჩაუ ფილმიდან ‘Showing Up’

მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯში ყველა ერთმანეთის ნაცნობია და რა საკვირველია, ამ ნაცნობობას ერთმანეთის დასახმარებლად იყენებენ, ლიზი თითქოს მათგან გარიყულია, არ ესწრება ჯოს გამოფენას, არ არის ჯოს მიერ გამართულ წვეულებაზე და ყველა საერთო აქტივობისგან შორს იჭერს თავს. დარწმუნებულია საკუთარ თავში და თავის გამოძერწილ ქალებში, რომლებზეც ყველასგან კომპლიმენტს იღებს, თუმცა თავდაჯერებას არასდროს გამოხატავს, ამიტომ აუთსაიდერია. ქალს, რომელსაც თავის საძულველ სამსახურში (მუშაობს კოლეჯის ადმინისტრაციაში) ფლაერს უკეთებს, უკვირს, რომ მასაც გამოფენა აქვს, რაც უცნაურია, რადგან კოლეჯში მყოფმა ადმიანებმა გამოფენამდე ყოველთვის იციან რას აჩვენებს არტისტი, რადგან ისინი ერთმანეთის თვალწინ მუშაობენ, ლიზის შესახებ კი რატომღაც მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

ლიზის მშობლებიც ხელოვანები არიან, დედა მისი უფროსია სამსახურში, მამა სკულპტორია და ტკბება პენსიაზე ყოფნით. როგორც ამბობს, აღარ აქვს სკულპტურების დიდი რაოდენობით კეთების დრო, რადგან იღვიძებს, “აკეთებს იმას, აკეთებს ამას და ისევ ტელევიზორის ყურების დრო დგება.” მასთან მყოფი სტუმრები, რომლებიც როგორც საკუთარ სახლში ისე ცხოვრობენ, ლიზისთვის გაუგებარია, თუმცა, მას მამამისისა და მისი ნაცნობების მეგობრობისაც ფარულად შურს. ლიზის ძმა შონი ხელოვანთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომელთაც “გენიოსთა” იარლიყს აწებებენ და მათ ყველა ქცევას, თუნდაც ფსიქიკურად გაუწონასწორებელს ამ სტატუსს აწერენ. 

მიშელ უილიამსი და მერიენ პლანკეტი ‘Showing Up’

“გამოჩენის” კიდევ ერთი პერსონაჟია მტრედი, რომელიც შემთხვევით ღია ფანჯარაში ლიზის სახლში შეფრინდება და მისი კატის მსხვერპლი გახდება. ფრთამოტეხილ მტრედს ლიზი გარეთ უშვებს, “მოკვდი, ოღონდ აქ არა” – ეუბნება და მეორე დღეს მასვე უბრუნდება. მტრედს ჯო პოულობს და ლიზისთან ერთად იწყებს მისი ფრთის აღდგენას. თუმცა, მტრედიც, ისევე როგორც, ცხელი წყლის არარსებობა სახლში, კატის საჭმლისთვის მაღაზიაში წასვლა და მისი სამსახური, ლიზისთვის კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც მუშაობაში ხელს უშლის.  

მიშელ უილიამსი და ანდრე ლორელ ბენჯამინი (ანდრე 3000) ფილმიდან ‘Showing Up’

კელი რეიხარდტი ლიზისა და ჯოს ურთიერთობაზე ამბობს, რომ “ლიზის არ შეუძლია ჰქონდეს ჯოს ცხოვრება,” ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ლიზი ღიზიანდება ყველაფერზე, რასაც ჯო აკეთებს. “გამოჩენა” ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ადმაინის ურთიერთობაზეა, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად აფასებენ ერთმანეთის შრომასა და ნიჭს. 

“გამოჩენა” მსუბუქი კომედიაა მიშელ უილიამსის არაჩვეულებრივი შესრულებით. კაიე დუ სინემას 2023 წლის ტოპ 10 ფილმის სელექციაში “გამოჩენა” მე-10 ადგილს იკავებს.

გამოჩენა (Showing up)
რეჟისორი: კელი რეიხარდტი (Kelly Reichardt)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 48 წუთი

75/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
ლიზა ფრანკენშტეინი (Lisa Frankenstein)

ლიზა ფრანკენშტეინი (Lisa Frankenstein)

| თინეიჯერული სიყვარულისა და რეანიმაციის უკუღმართი ამბავი ზელდა უილიამსის

შემდეგი
ქილერმენი (Killerman)

ქილერმენი (Killerman)

| ამნეზია, ბევრი ფული და სახიფათო სიტუაციები ნიუ-იორკის შემოგარენში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share