სერიული მკვლელი ყრუ-მუნჯი გოგონას წინააღმდეგ
სამსახურიდან გვიან გამოსულ გოგონას ტაქსი გაასწრებს და ბნელ ქუჩაზე მინი-ბუსში მჯდომი უცნობი მამაკაცი აეკიდება, რომელიც მანქანაში შეითრევს უდანაშაულო მსხვერპლს. სანადიროდ გამოსული სერიული მკვლელი თავის მსხვერპლს სრულიად ალალბედზე არჩევს და სასტიკად უსწორდება. ერთ-ერთი ნადირობისას მის სისხლისმსმელ მიზნებს სრულიად შემთხვევით ყრუ-მუნჯი გოგონა შეუშლის ხელს, რომელიც ქოლ-ცენტრში მუშაობს და სმენადაქვეითებულ ადამიანებს ეხმარება პრობლემების მოგვარებაში. იწყება უთანასწორო დევნა, სადაც უაღრესად მოხერხებული მანიაკის სამიზნე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ხდება.
ფილმის სასპენსი საგრძნობლად მატულობს იმის ხარჯზე, რომ მთავარ გმირს სმენის პრობლემები აქვს და ლაპარაკითაც გაჭირვებით ლაპარაკობს. ამის გამო მას არ შეუძლია უბრალოდ საშველად უხმოს ვინმეს, ან პოლიციაში დარეკოს, ან საერთოდ აუხსნას დანარჩენ ადამიანებს რა ხდება. მას არ ესმის, როცა ვინმე უკნიდან ეპარება და რამეს უპირებს, არც მანქანების ხმა ესმის და ამის გამო გამუდმებული საფრთხის ქვეშ იმყოფება. მაგრამ მას გააჩნია გადარჩენის ინსტიქტი, მოსაზრებულობა და ძლიერი სულისკვეთება დაძლიოს საფრთხე, რომელსაც საბედისწერო ღამე უმზადებს.
კინოში არის ერთგვარი სიუჟეტური ნაკლოვანებები, როცა უბრალო გამვლელები ქუჩაში ვერ ამჩნევენ აშკარად ცხად რამეებს, რაც რაღათქმა უნდა მსხვერპლს მდევნელისგან დაიცავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ფილმი მაინც დაძაბულად მიმდინარეობს და ერთი ამოსუნთქვით იყურება. ფილმის პროდუსერი კიმ ჰიონ უნია, რომლის პროდუსირების სიაში ისეთი ფილმებია როგორიც კიმ ჯი ვონის – ,,მე ვნახე ეშმაკი” და პარკ ჰუნ ჯუნის – ,,ახალი სამყარო”.