დაბალბიუჯეტიანი ფრანგული ფილმი მარსელის კრიმინალური ოჯახის ცხოვრებაზე.
ილონს ბიპოლარული აშლილობა აქვს, თუმცა ეს მამამისს, გავლენიან და სასტიკ განგსტერს, ხელს არ უშლის თავისი შვილი მის სისხლიან გარჩევებში ჩართოს და მისი აზრით ,,მამაკაცურად” გამოწრთოს. ილონიც თავის მხრივ ცდილობს მამამისი არ გააწბილოს და იმედები არ გაუცრუოს, მაგრამ ეს მისთვის ურთულესი ამოცანაა აკვიატებული შიშების გამო, არც ძალადობა ანიჭებს მას განსაკუთრებულ სიამოვნებას. და როცა დგება დრო რეალური ქმედებისა, ახალგაზრდა მამაკაცს მოუწევს დაამტკიცოს მისი ერთგულება ოჯახის და საქმის მიმართ, რომელსაც მოულოდნელი აღმოჩენები და სავალალო შედეგები მოჰყვება.
ემანუელ საეზის ფილმში ბევრია ძალადობა, იარაღი, სისხლი და გარჩევები როგორც ოჯახური, ისე ოჯახს გარეთ. ამ ძალადობის და სისასტიკის მორევში მაინც პოულობს ადგილს სიყვარული და ერთადერთ თავშესაფარად ევლინება მთავარ გმირს. თუმცა იმ სამყაროში სადაც ყველაფერს ფული და იარღი წყვიტავს, სიყვარულს ადგილი აღარ აქვს, იგი განწირულია.
საკმაოდ მოკრძალებული ბიუჯეტის (400 000 ევრო) მიუხედავად ემანუელ საეზმა შეძლო ყველაფერში ხარისხი შეენარჩუნებინა და ფილმში საჭირო ატმოსფერო შეექმნა, რაც დამოუკიდებელი კინოს მაქსიმალური ნატურალზმით მიიღწევა. ფილმში მრავლადაა კარიკატურული პერსონაჟები, მაგრამ ამისგან ,,ექშენის” ძლიერი მუხტი არ კლებულობს და მას კიდევ უფრო მეტად სანახაობრივს ხდის.