რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სასიკვდილო გასროლა (Dead Shot)

თვალი თვალის წილ: IRA-ს მონაწილეს და ბრიტანელი ჯარისკაცის ბედისწერათა გადაკვეთა 70-იანების ლონდონში.

Dead Shot ახალი ფილმია რეჟისორი ძმები გარდებისგან, რომელთა ერთ-ერთ ცნობილი ნამუშევარი – 2003 წლის სამხრეთ კორეული საშინელებათა ფილმის – A Tale Of Two Sisters-ის ამერიკული რემეიქი სახელად – The Uninvited-ია. დიდხნიანი პაუზის შემდეგ კი ასე, არსაიდან დაბრუნდნენ ახალი ტრილერით, ნოსტალგიური 70-იანების გარემოთი. მთავარ როლებში კი ვხვდებით – კოლინ მორგანს, ამლ ამინს, მარკ სტრონგსა და ფელისიტი ჯოუნსს.

ფილმის მოვლენები ვითარდება 70-იანების დასაწყისში, ე.წ. “არეულობების” პერიოდის დროს, ლონდონში (კონფლიქტი ჩრდილოეთ ირლანდიაში, რომელიც 30 წელი გაგრძელდა, დაიწყო 1968-ში და დასრულდა 1998 წელს, როდესაც ძალაში შევიდა “წითელი პარასკევის შეთანხმება”. უფრო დაწვრილებით ამ კონფლიქტზე კი შეგიძლიათ შეიტყოთ ამ ლინკზე) და ტრიალებს ორი მთავარი პერსონაჟის გარშემო. პირველი – მაიკლ ო’ჰარა (კოლინ მორგანის პერსონაჟი), IRA-ს (ირლანდიის რესპუბლიკური არმია) წევრი, რომელიც შეესწრო ბრიტანელი ჯარისკაცის, ტემპესტის (ამლ ამინის გმირი) მიერ მისი ორსული მეუღლის, კეროლის (მაირეად ტაირსი) მკვლელობას, შემთხვევით გასროლილი ტყვიით. დაბნეული ტემპესტი მაინც მისდევს ო’ჰარას და პროცესში რამდენიმე ტყვიით დაჭრის კიდეც, გარბის სხვა ჯარისკაცებთან ერთად და მისიას შესრულებულად თვლის. თუმცა, ო’ჰარა სასწაულებრივად გადარჩება და განრისხებული, მზადაა შურისძიების გზაზე წასასვლელად, რადაც არ უნდა დაუჯდეს.

Dead Shot-ის მთავარი “კოზირი” 70-იანი წლების ლონდონის გაცოცხლებაა, შესაბამისი ესთეტიკით, პროდუქციის დიზაინით, კოსტიუმებითა და კინემატოგრაფიული ხრიკებითაც კი, რაც საკმაოდ ნოსტალგიურ ატმოსფეროს ჰქმნის, რომელიც ერთდროულად შთამბეჭდავი და ვიზუალურად მიმზიდველია. საუნდტრეკებში ვხვდებით როგორც ამ პერიოდის ჰანგებს, (Rory Gallagher, The Clarendonians, Sugar Minott და ა.შ.) ასევე თვითონ ფილმის მუსიკასაც, რომელთა უმეტესობა ძირითად ამბიენტის, ელექტრონიკის ან ფსიქოდელიური ჟანრისაა. კომპოზიტორი კი ამ მუსიკისა, მაქს დე ვარდენერი გახლავთ.

აღნიშნული ფილმი ისეთ ფილმთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელზეც დასაწერი თითქმის ცოტაა. იგრძნობა სტილი, მაგრამ არ იგრძნობა სუბსტანცია. შესაბამისად ვხვდებით გარკვეულ მინუსთა რაოდენობას, რამაც შესაძლოა კინო ცოტათი დააკნინოს. ტემპი ფილმისა, საგრძნობლად ნელია, ზოგიერთი სცენა საჭიროზე მეტხანს ჭიანურდება და “ფეხს ითრევს”. პერსონაჟები საკმარისად არ არიან განვითარებულნი, აკლდათ სიღრმე, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოტივაციები გასაგებია. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული 70-იანი წლების ესთეტიკა აქ უფრო იგრძნობა როგორც ერთგვარი “ხრიკი”, ვიდრე ისტორიის განუყოფელი ნაწილი. უფრო მეტიც, IRA-ს კონფლიქტების ისტორიული გარემო გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ სიუჟეტის უკანა ფონისთვის, არ არის ღრმად გაშლილი ან შესწავლილი. რის შედეგადაც მაყურებლებმა, რომლებიც არ იცნობენ ჩრდილო ირლანდიის “არეულობათა” პერიოდს, შესაძლოა ბოლომდე ვერ გაიაზრონ სიუჟეტის კონტექსტი. (აქვე, ამ კონფლიქტზე საუბრისას, რეკომენდაციას ვუწევ კენ ლოუჩის 2006 წლის ფილმს – The Wind That Shakes Barley, რომელიც ბევრად უფრო კარგად გადმოსცემს აღნიშნულ კონფლიქტსა და ტრაგედიას)

დადებითი მხარეებიდან შეიძლება აღვნიშნოთ მსახიობთა თამაში, თუმცა ისინი არ არიან საკმარისად დამაჯერებელი იმისთვის, რომ მაყურებელმა მათში ემოციური ინვესტირება მოახდინოს ან მათ ბედისწერაზე იზრუნოს. თუმცა გამოვარჩევდი გენიალურ მარკ სტრონგს, რომელიც მშვენივრად თამაშობს ცბიერ, მშვიდ და გაწონასწორებულ, ანტი-ტერორისტული პოლიციის უფროსს, რომელმაც მომენტებში მისი კიდევ ერთი ნათამაშები პერსონაჟი, ცნობილი როგორც – Sorter, გამახსენა გაი რიჩის ფილმიდან – Revolver. ფელისიტი ჯოუნსის თამაშიც ნორმალურია, თუმცა განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ სასიამოვნო სანახავი იყო ეკრანზე. სხვა მსახიობები კი ასე თუ ისე, დამაკმაყოფილებლად უმკლავდებიან თავიანთ დავალებას. ექშენ სცენები, რომელიც ფილმში ცოტაა, საშუალოზე კარგია. ვხვდებით როგორც შენობათა აფეთქებებს, ისე შუა ქუჩაში სროლასა და დაძაბულ სცენებს სნაიპერული შაშხანის მონაწილეობით. მსგავს სცენებთან შეიძლება პარალელი გავავლოთ ბრიუს მალმუთის ფილმ Nighthawks-თან, სადაც რუტგერ ჰაუერის პერსონაჟი შემთხვევითი პრინციპით აფეთქებს შენობებს ნიუ იორკში.

დასასრულ, Dead Shot ლამაზად ასახავს 70-იანი წლების ლონდონს, თავისი მომხიბვლელი ესთეტიკით და ეხება მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: გამოსყიდვა, წაშლილი ხაზები სიკეთესა და ბოროტებას შორის, საკუთარი ქმედებებისგან გამოწვეული შედეგები და ა.შ. მიუხედავად სუსტი სცენარისა, მარტივი რევანშის ამბის გადმოცემისა, ფილმში მცირე დოზითაა ინტრიგა, რაც დამღლელი საღამოს შემდეგ ერთჯერად, მაგრამ საინტერესო სანახაობად გახდის. ფილმი ხელმისაწვდომია ციფრულად.

სასიკვდილო გასროლა (Dead Shot)
რეჟისორი: ჩარლ და თომას გარდი (Charles Guard, Thomas Guard)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 32 წუთი

60/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Amélie – The Hidden Treasure

Amélie – The Hidden Treasure

| ნაწყვეტი ჟან-პიერ ჟენეს ფილმიდან - 'Amélie'

შემდეგი
Idles – Gift Horse

Idles – Gift Horse

| Album: Tangk

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share