შეჭამე მდიდარი – ძალა ხალხს.
კრეიგ გილესპის 2023 წელს გადაღებული ფილმი Dumb Money Ben Mezrich-ის წიგნ The Antisocial Network-ზე და 2021 წელს მომხდარ რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და გვიყვება Gamestop მარკეტის, თამაშების გამქირავებელი კომპანიის ირგვლივ მომხდარ ისტორიას, რომლის მთავარი შემოქმედიც კიტ გილია.
კიტი, იგივე “Roaring Kitty”, როგორც მას რედიტსა და იუთუბზე იცნობენ, ფინანსური ანალიტიკოსია, რომელიც მთელ თავის ინვესტიციას, 53000$-ს GameStop-ის აქციებში დებს, საჯაროდ აქვეყნებს თავის ანგარიშებს და იწყებს ლაპარაკს, როგორ შეიძლება უოლ სტრიტის პროგნოზების შეცვლა, რომლისთვისაც GameStop განწირულია.
GameStop-ის წარმატების მთავარი გასაღებია სიტყვა “Hold” – “შეკავება” და სწორედ გამჭვირვალობითა და გულწრფელობით პოლ დანოს პერსონაჟი შეძლებს ჩვეულებრივი ადამიანები მუშათა კლასიდან, ექთანი, მაღაზიის კონსულტანტი, კოლეჯის სტუდენტები გააერთიანოს და დაარწმუნოს, რომ მათ მიერ ნაყიდი აქციები, რომლის ფასიც იზრდება, შეინარჩუნონ, რადგან მხოლოდ ამ გზით შეძლებენ მოგების გაზრდას.
კიტ გილისა და მისი “მიმდევრების’’ საპირისპირო მხარეს დგანან მსხვილი ინვესტორები, სეტ როგენისა და ვინსენტ დ’ონოფრიოს პერსონაჟები და აპლიკაცია რობინჰუდის (აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ხდება აქციების ყიდვა) შემქმნელები. Dumb Money იმ ისტორიული მომენტის დაფიქსირებაა, როცა ხალხს მათზე გავლენიანი ძალის პირისპირ გაერთიანება შეუძლია, “If he’s in, I’m in” – ერთიანობაშია მათი ძალა და არ ეშინიათ გარისკონ.
Dumb Money თემატურად და დინამიკით შეიძლება ადამ მაკკეის The Big Short-ს შევადაროთ, იმ განსხვავებით, რომ კრეიგ გილესპი უფრო მეტად ამბავზე ფოკუსირდება და თუ ამ მიმართულებით ცოდნა არ გაქვს, რთულია გაარკვიო როგორ მუშაობს სააქციო ფონდები, რადგან აქ მარგო რობი (The Big Short-დან) არ გელაპარაკება და არავინ არ გიხსნის რა არის მსხვილი საინვესტიციო კომპანიების მიზანი ან რაზე მოქმედებს “მოკლე გაყიდვები.”
ამის მიუხედავად, Dumb Money ადამიანების ემოციების ჩვენებით, რომლებიც ყოველდღიურად ფულს კარგავენ ან იგებენ, პროცესის მონაწილედ გაქცევს. აღსანიშნავია, პოსტ-კოვიდური პერიოდიც, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გადალახული და ბევრჯერ გადააზრებულია, 2023 წელს მაინც უცნაურ განცდას გიჩენს და პანდემიის უიმედობის, პირბადეებისა და საუნდტრეკების დახმარებით ტიკტოკის პოპულარობის პერიოდში გაგდებს.
კრეიგ გილესპის Dumb Money კარგი გზამკვლევია GameStop-ის გარშემო მომხდარი მოვლენების შესაჯამებლად. მათთვის კი ვისაც პირველად ესმის რა არის GameStop და არც სააქციო ინვესტიციებზე აქვს წარმოდგენა, საინტერესო ამბავია ადამიანების ერთიანობის შესახებ.